ექსპერიმენტი მესხეთის თეატრში
მესხეთის სახელმწიფო დარამატულ თეატრში ახალი სეზონი ბერტოლდ ბრეხტის პიესით გაიხსნა. სეზონის პირველი პრემიერა 20 აპრილს შედგა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
“დედა კურაჟი და მისი შვილები” მესხეთის თეატრის სცენაზე ლია სულუაშვილმა დადგა. ორმოქმედებიანი სპექტაკლი ახალციხის მუნიციპალიტეტის გაგმგეობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ოცდაათწლიანი ომის ქრონიკაში მთავარ მოქმედ გმირს დამდგმელი რეჟისორი თამაშობდა.
“შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ამ წუთას იმ მელოგინე ქალს ვგავარ, რომელსაც ვაჟი შეეძინა და ჯერ კიდევ ტკივილისა და სიხარულის ეიფორიაშია. ეს დიდი სითამამეა და აღარასდროს გავაკეთებ ამას”, - განაცხადა წარმოდგენის დასრულებისას ლია სულუაშვილმა.
მისი თქმით, თემატიკიდან გამომდინარე სპექტაკლი მძიმე საყურებელი იყო, თუმცა მაყურებლის რეაქციიდან იგრძნობოდა, რომ ის “მიჰყვებოდა სპექტაკლის მიმდინარეობას”: “როცა ბრეხტს იღებ, ყოველთვის შიში გიპყრობს, რომ შეიძლება ვერ დადგა, ვერ გაიგო. მაგრამ, როცა პერიფერიაში ხარ, ხანდახან შენც გინდა, რომ დადგა ასეთი წარმოდგენა, შენც დაჯდე თეთრ რაშზე”.
ზოგადად დრამატურგია და განსაკუთრებით ბრეხტი, რომ მძიმე გასაგებია, მზარეულის როლის შემსრულებელი, მანუჩარ გოგოლაურიც საუბრობს: “ბრეხტი თეატრალურ მაყურებელს ესმის კარგად. ომის პრობლემა კი სულ ცოტახნის წინ ჩვენს თავზე გადავიტანეთ. ამდენად ეს თემა აქტუალურია”.
“ამ სპექტაკლით მაყურებელს ვუთხარით, რომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და მხოლოდ საკუთარ თავებზე არ უნდა ვიზრუნოთ”, - ამბობს ივეტას როლის შემსრულებელი ხათუნა ლომიძე.
მომავალ პრემიერას მაყურებელი მაისის დასაწყისში ნახავს. ახალდაწერილ პიესა “იავნანას” მესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი დადგამს. რუსთაველის თეატრის შემდეგ მესხეთის თეატრი მეორე იქნება, რომელიც ახალ კომედიას საკუთარ რეპერტუარში შეიტანს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი