საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული 26 პარტიიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები მხოლოდ ხუთ მათგანს ჰყავს.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
ახალქალაქის ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა დილიდან საღამომდე გრძელდება. 3 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა. პოლიტიკური პარტიების განცხადებები 15 აპრილის 18:00 საათამდე მიიღებოდა. შედეგად, აქ მხოლოდ ხუთი პარტია დარეგისტრირდა: “ჩვენ თვითონ”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა”, “კონსერვატორები” და “მრეწველები”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 70 უბანია, აქედან შვიდი ქალაქ ახალქალაქში, დანარჩენები კი სოფლებში.
საოლქო საარჩევნო კომისია 13 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, მათ შორის თავმჯდომარისა და მდივნისაგან. 13-დან ექვს წევრს კომისია ირჩევს, დანარჩენი შვიდი წევრი კი რეგისტრირებული პარტიების მიერ ინიშნება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კომისიის შვიდი წევრი პარტიების წარმომადგენელი არ იქნება, რადგან თავად პარტია არ არის ამდენი, თუმცა, გამოსავალი უკვე მოძებნილია – კომისია ორი ადგილის შესავსებად დამატებით კონკურსს გამოაცხადებს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს კომისიის პირველი სხდომის დროს ირჩევენ. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, ამ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნებს კომისია ოპოზიციის წევრებიდან აირჩევს, ხოლო თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წარმოდგენილი კანდიდატურებიდან კომისია მდივანს სრული შემადგენლობით აირჩევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადრინდელი განცხადებების თანახმად, საქართველოში 3 587 425 ამომრჩეველი ცხოვრობს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 6 773 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, 345 პირი საქართველოს მოქალაქე აღარაა, 600 ადამიანი კი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა 3 579 707 ადამიანია. საარჩევნო სიების ფორმირება 1 მაისს უნდა დასრულდეს.
როგორც ცნობილია, თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, სარჩევნო სიებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც ამოწმებდნენ, თუმცა, ახალქალაქში მსგავსი არაფერი მომხდარა.
“არ ვიცი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა სიები შეამოწმა თუ არა რომელიმე პარტიამ. ეს ჩვენ არ გვეხება. ჯერჯერობით სიები ბოლომდე დასრულებული არ არის, დასრულდა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე მუშაობა”, - ამბობს ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ზურაბ მელიქიძე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სოსო ბალახაძე ამბობს, რომ მის პარტიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სიები არ გადაუმოწმებია. ამისათვის მათ ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ. სიები არც “ნაციონალურ მოძრაობას” შეუმოწმებია.
საარჩევნო კოდექსში დეკემბერში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება 15 მარტისთვის უნდა დაესრულებინათ და შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 31 მარტამდე წარედგინათ.
წელს საარჩევნო კოდექსში სხვა ცვლილებებიც შევიდა. კერძოდ, აქამდე საკრებულოს წევრის თანამდებობაზე იკრძალებოდა იმ მოქალაქის არჩევა, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა, ახლა ეს ვადა 5 წლამდე შემცირდა. გარდა ამისა, საკრებულოს წევრობის კანდიდატებისათვის მოიხსნა აუცილებელი პირობა, რომლის თანახმადაც მათ იმავე ტერიტორიის საკრებულოში უნდა ეყარათ კენჭი, სადაც რეგისტრირებული იყვნენ.
კიდევ ერთი ცვლილების შესაბამისად, პირებს, რომელთაც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე, საცხოვრებელი ადგილის ცვილილების გამო, პირადობის დამადასტურებელი დროებითი დოკუმენტები აიღეს, უფლება ექნებათ კენჭი იყარონ არჩევნებზე როგორც კანდიდატებმა, თუმცა, ახალი რეგისტრაციის ადგილის შესაბამისად არჩევნებზე ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. ამ პირებს არჩევნებში რიგით ამომრჩევლებად მონაწილეობის უფლება არ ერთმევათ, რადგან მათ შეუძლიათ ხმა ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცენ. ეს წესები საარჩევნო კოდექსში დეკემბერში, დედაქალაქში ამომრჩეველთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდის თავიდან ასაცილებლად შევიდა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი