10-12 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში არმრესლინგის ტურნირი გაიმართა (თანამედროვე სპორტული მკლავჭიდი).
ტურნირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით შედგა. რეგიონის თითქმის ყველა სოფლიდან შეჯიბრებაში 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მეორე წელია, ახალქალაქში მსგავსი ტურნირი ტარდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ სპორტის ამ სახეობით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება.
შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი (წონითი კატეგორიის გარეშე) სოფელ მამზარის მცხოვრები ვაგრამ მანასიანი გახდა.
თანამედროვე სპორტული მკლავჭიდის ისტორია 1967 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკელმა ათლეტმა ბობ ო’ ლირიმ დაარსა მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაცია (ჭAF). ახალმა ორგანიზაციამ მიზნად დაისახა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია. 70-იან წლებში ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ინდოელმა ბარიჯ ბარან დასმა. 1979 წლიდან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი.
საქართველოში მკლავჭიდელთა პირველი შეჯიბრება 1984 წელს გაიმართა. პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო მოსკოვის ღია ჩემპიონატი 1990 წელს. აბსოლუტურ პირველობაში გაიმარჯვა ზაურ ცხადაძემ. ამ შეჯიბრებას ესწრებოდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ამერიკელი ბილ სობინარესი, რომელმაც ქართული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია. აქედან იწყება ქართველ მკლავჭიდელთა წარმატება.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი