“ნაციონალურმა მოძრაობამ” კანდიდატები წარადგინა
21 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ახალციხის მოსახლეობას რეგიონში მმართველი პარტიის კანდიდატების პირველი ხუთეული გააცვნეს.
თამარ თოთაძე, ახალციხე
თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ დღისთვის დადგმულ სცენასთან, მოსახლეობამ შეკრება დილიდანვე დაიწყო. სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას საჯარო სამსახურების თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, სტუდენტები და სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობაც ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ
კანდიდატების წარდგენა დღის 12 საათზე მოხდა და მას
ქალაქის ექვსივე სკოლის გარდა, სოფლების სკოლებიდანაც ესწრებოდნენ, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნინო დემეტრაძემ განაცხადა, რომ ამის გამო სასწავლო პროცესი არცერთ სკოლაში არ ჩაშლილა: “იყვნენ მხოლოდ ის პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებსაც ამ დღეს გაკვეთილები არ ჰქონდათ”.
რეგიონის მაჟორიტარები და პარტიული სიის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პეტრე ცისკარიშვილმა წარადგინა. წინასაარჩევნო დაპირებებში აქცენტი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასა და დასაქმებაზე გაკეთდა.
“ახლიდან შენდება ტურისტული კურორტები, როგორიცაა ბაკურიანი, ვარძია, აბასთუმანი, ბორჯომი. ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს ხალხის დასაქმებას და სამუშაო ადგილების შექმნას”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილი კანდიდატების არასრული სია ასეთია:
ადიგენი: მაყვალა მეტრეველი და თემურ ფეიქრიშვილი.
ასპინძა: მანანა ცინაძე და ალიკა მელიქიძე.
ახალქალაქი: ჰამლეტ მოვსესიანი და გიორგი პეტროსიანი.
ბორჯომი: ვახტანგ მაისურაძე და ბესო ქურდაძე.
ნინოწმინდა: ვლადიმერ სტამბოლციანი და სამსონ ფნჯოიანი.
ახალციხე: მალხაზ გიქოშვილი, ამბროსი მოდებაძე, ქეთევან ნასყიდაშვილი, ზურაბ ჭელიძე, მარინე სუდაძე, რობერტ მურადიანი, კონსტანტინე გიორგაძე, ვახტანგ კაპანაძე, აშოტ მანასიანი, ილია სიდამონიძე, ვასილ ბერიძე.
პირველი დაპირებები გაისმა დასახელებული კანდიდატებისგანაც. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ გიქოშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქში ბევრი რამე გაკეთდება, თუმცა რა იგულისხმა “ბევრ რამეში” არ დაუკონკრეტებია: “გაზი შემოვიდა, ახალი პარკი კეთდება და კიდევ ბევრი პროექტია გასაკეთებელი. მთავარია, ყველა პროექტი ბოლომდე მივიდეს და კიდევ ბევრი ახალი რამ გაკეთდეს”.
ამავე დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შეხვედრები ასპინძასა და ახალქალაქშიც გამართეს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი