თამარ
თოთაძე, ახალციხე
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2010 წლის
პირველ თებერვალს დაიწყო და 17 აპრილს დასრულდა. რეგისტრაციის გავლა იმ პედაგოგს შეეძლო,
რომელსაც მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვს.
“ერთწლიანი
სტაჟი აუცილებელი მოთხოვნა იყო. ასევე მასწავლებლებმა წარმოადგინეს დამატებითი ინფორმაცია
საკუთარი პიროვნების შესახებ”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის დირექტორი ნინო დემეტრაძე.
სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა
და უცხო ენების მასწავლებლები ჩააბარებენ. პედაგოგები ვალდებული არიან, გამოცდა პროფესიულ
უნარებშიც ჩააბარონ.
შორენა აფრიამაშვილი წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებულ
სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაცია
13 აპრილს გაიარა. გამოცდას წელს მხოლოდ ინგლისურ ენაში აბარებს.
“მეორე
გამოცდისთვის მომზადებული არ ვარ, ამიტომ მხოლოდ ინგლისურს ვაბარებ. სამომავლოდ პროფესიული
უნარების გამოცდებისთვისაც მოვემზადები”, - ამბობს იგი.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად
ტარდება. გამოცდები ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. სერტიფიცირებულ პედაგოგებს
ხელფასი 160 ლარით გაეზრდებათ.
სერტიფიკატის მისაღებად მასწავლებლებმა თითოეულ გამოცდაში მაქსიმალური
ქულის 60 პროცენტი უნდა დააგროვონ. პროფესიული უნარების და ქართული ენის ტექტი 80 ქულით,
უცხოური ენის ტესტი 120 ქულით, ხოლო მათემატიკის ტესტი 70 ქულით განისაზღვრა.
მასწავლებლებს, რომლებიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ, გამოცდის
გადაბარება რვაჯერ შეეძლებათ. გამოცდები, სავარაუდოდ, ივლისში, ტესტური ფორმით ჩატარდება.
2014 წლიდან სასერთიფიკაციო გამოცდები სავალდებულო გახდება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი