31 მარტს და 1 აპრილს ახალქალაქის კულტურის სახლში ეთნიკურად სომეხმა სახალხო მომღერლებმა აშუღური და ხალხური სიმღერების კონცერტი გამართეს.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
ახალქალაქში ასეთი აჟიოტაჟი დიდი ხანია არ ყოფილა. ორივე კონცერტის ბილეთები პირველ წარმოდგენამდე ოთხი დღით ადრე გაიყიდა. კულტურის სახლის დარბაზი ორივე დღეს სავსე იყო. ახალქალაქში სომხური ხალხური სიმღერის მოყვარულები და პროექტ “სახალხო მომღერლის” მონაწილე სახალხო არტისტების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.
პროექტი “სახალხო მომღერალი” ტელეკომპანია “შანტის” ეთერში 2007 წელს დაიწყო. საკონკურსო კონცერტების ჩატარებისა და სწავლების შემდეგ, პროექტში საუკეთესო სახალხო მომღერლებს ირჩევენ. პირველი პროექტის გამარჯვებული სევაკ ამროიანი გახდა, მეორე პროექტში კი აიკუი ბაბახანიანმა გაიმარჯვა.
ახალქალაქის კულტურის სახლის სცენაზე პროექტის გამარჯვებულები, მისი მონაწილეები და სხვა სახალხო მომღერლები გამოვიდნენ. საგასტროლო ჯგუფი ოცი ადამიანისგან შედგებოდა. მსმენელისთვის ეს კონცერტები იმიტომაც იყო განსაკუთრებით ახლობელი, რომ შემსრულებლები ცნობილი აშუღების ავასის, ჯივანის, შემარის, ლეილას და სხვების სიმღერებს ასრულებდნენ. სტუმრად ჩამოსული მომღერლები გაოცებული დარჩნენ დახვედრით, რომელიც მათ ახალქალქში მოუწყვეს და აღნიშნეს, რომ აქაური მაყურებელი თბილი მიღებით პირველ ადგილზეა.
“ჩვენი მოლოდინი არა თუ გაამართლეს, გადააჭარბეს კიდეც. ყველაზე თბილად გიუმრელი მსმენელი გვიღებდა, ახალქალაქელებმა კი მათ ერთმნიშვნელოვნად აჯობეს”, - ამბობს მომღერალი სმბატ ხალატიანი.
ჯგუფი ეთნიკური სომხებით დასახლებულ მრავალ ქვეყანაში ყოფილა, თუმცა, მათი თქმით, ახალქალაქელმა მსმენელმა განსაკუთრებულად მიიღო.
“ბევრგან გვიმღერია, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, შეერთებულ შტატებში, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპაშიც. ასეთი ემოციურობა, აღფრთოვანება, ხელოვნების წყურვილი სხვაგან არსად შეგვხვედრია. სიმართლე რომ ვთქვათ, კონცერტის დაწყება ძნელი იყო, ჯერ უნდა გაჩუმებულიყვნენ, რათა დაგვეწყო, მაგრამ როგორც კი მუსიკა გაისმა, ყველაფერი შესანიშნავად წავიდა”, - ამბობს სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, კომპოზიტორი, სახალხო მომღერალი და პროექტის მხატვრული ხელმძღვანელი არტემ ხაჩატური.
ხალხური სიმღერებით გასტროლების მოწყობა სახალხო მომღერლის სმბატ ხალატიანის იდეა იყო და წარმატებულიც გამოდგა.
“თუნდაც სამი, ოთხი კონცერტი ჩავატაროთ, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება იგივე იქნება”, - ამბობს სახალხო მომღერალი ნარეკ პოღოსიანი.
83 წლის არამ მანუკიანისთვის ეს კონცერტი მისი სიბერის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცა. იგი აშუღ ჯივანის სიმღერების მხურვალე თაყვანისმცემელია: “ბოლო ხანებში ჯივანის სიმღერებს ნაკლებად მღერიან. 60 წელიწადია მის სიმღერებზე ვარ შეყვარებული. ყველაზე მეტად სიმღერა “უიღბლო დღეები ზამთარივით წავლენ” მიყვარს. აქ სულიერი საზრდოს მისაღებად მოვედი”.
საკონცერტო დარბაზში არსებული სიცივის მიუხედავად, მსმენელებს ის ბოლომდე არ მიუტოვებიათ. ისინი ამბობდნენ, რომ “კონცერტი ამად ღირდა”. სოფელ ვაჩიანში მცხოვრები გაიანეს ოჯახი პირველი დღის სიცივის მიუხედავად, მეორე დღესაც ჩამოვიდა ახალქალაქში.
“აშუღური სიმღერა მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს, ეს კონცერტი ჩვენთვის ნამდვილი სასწაული იყო. განსაკუთრებით მიყვარს შერამის სიმღერები აიკუი ბაბახანიანის შესრულებით”, - ამბობს გაიანე, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად კონცერტის დაწყებამდე მომღერლების რეპეტიციასაც კი დაესწრო.
ალიკ ჯავახელის სიმღერას “გოვკ ჯავახკი” მსმენელები განსაკუთრებულად შეხვდნენ.
“გაოცებული ვიყავით, გაყინულ დარბაზში მსხდომი ამდენი ადამიანი როგორ აყოლებდა ხმას სიმღერას. ვიცი, რომ სერიოზული შემოქმედები და ხელოვანი ხალხი ჯავახეთში იშვიათად ჩამოდის, აქაურ მოსახლეობას კი არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. მათ ჩვენი კონცერტი ნამდვილად სჭირდებოდათ”, - ამბობს პროექტ “სახალხო მომღერლის” სიმღერის მასწავლებელი და საიათ ნოვას სახელობის აშუღური ანსამბლის სოლისტი მხითარ კეტიანი, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი