სააქციო საზოგადოება “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ელექტროგადაცემის ძველი, ხის ბოძების ბეტონის ბოძებით შეცვლის სამუშაოები დაიწყო.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
კომპანიის გეგმის მიხედვით, უვარგის მდგომარეობაში მყოფი ხის ელექტრობოძების 80 პროცენტი უნდა შეიცვალოს. სამუშაოების დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
“პარალელურად, ღია ელექტროხაზებს კაბელური ხაზებით ვანაცვლებთ. ელექტროკომპანიამ ამ მიზნისთვის უკვე გამოყო 350 ბეტონის ბოძი, რომლებიც იმ ადგილებში აღიმართება, სადაც ხის ბოძები შეცვლას საჭიროებს. მალე კიდევ 200 ცალ ასეთ ბოძს მივიღებთ”, - აღნიშნავს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინჟინერი არარატ დარბინიანი.
მთავარი ინჟინერის თქმით, თუ სამუშაოები შეფერხდა, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, ეს მხოლოდ იმ მიზეზით მოხდება, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიწის გრუნტში, ზოგიერთ ადგილას, კლდოვანი ქვებია. მათი დამუშავებისთვის საჭიროა ძლიერი ტექნიკა, რომელიც თბილისიდან უნდა გამოიძახონ. უბრალო საბურღი მანქანები ამ სამუშაოს ვერ ერევა. შესაბამისად, შეიძლება დამატებით რამდენიმე დღეც გახდეს საჭირო.
თუმცა კლდოვანი ქვები ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც კომპანიის თანამშრომლებს შეექმნათ.
“მუშაობის პროცესში წარმოიქმნა რიგი პრობლემები, რომლებიც მიწისქვეშა კომუნიკაციებთან – სატელეფონო კავშირთან და კანალიზაციის ქსელთანაა დაკავშირებული. მუშაობა რომ გაგვიადვილდეს, შესაბამის ორგანიზაციებს ვთხოვე, გაგვაცნონ მიწისქვეშა ქსელების განლაგების რუკები. არის ასევე ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემაც. ელექტროგადაცემის ხაზების მთელ სიგრძეზე უამრავი მაღალი ხე დგას, როგორც ტროტუარებზე, ისე მოქალაქეთა ეზოებში. ხელმძღვანელ ორგანოებს მივმართეთ თხოვნით, რომ ადგილებში, სადაც ბოძების შეცვლას ვგეგმავთ, ხეები 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე მოჭრან”, - ამბობს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განყოფილების ხელმძღვანელი ჯანიკო ასტატურიანი.
მისი თქმით, კიდევ ერთ პრობლემას ადგილობრივი მცხოვრებლები უქმნიან. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე მდგომი ბოძები მათივე საკუთრებაა. ასტატურიანი განმარტავს, მოქალაქეებს ხის ბოძების წაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბოძი საკუთარი სახსრებით აქვთ შეძენილი. კომპანიას ამ დოკუმენტის წამდგენების მიმართ პრეტენზია არ ექნება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი