არსებობის სამი წლის განმავლობაში “მუსხის საფეხბურთო ტურნირს” რამდენიმე ლიგა დაემატა. მიმდინარე წლიდან კი ტურნირის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა ჩამოყალიბდება, სადაც 50 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ივარჯიშებს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
მუსხის საფეხბურთო ტურნირი 2007 წლის 2 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, არასამთავრობო ორგანიზაციის “ჯანსაღი თაობის” ინიციატივითა და ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” ფინანსური დახმარებით დაარსდა.
ტურნირი ხორციელდება პროექტის “ერთი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ” ფარგლებში. მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის სტიმულირება, მოსახლეობის გამოცოცხლება, ფეხბურთის განვითარება, სპონსორშიფის კულტურის ჩამოყალიბება კომპანიებთან და ახალგაზრდობის ჩართვა ჯანსაღ ცხოვრებაში.
პროექტის თანახმად, ახალგაზრდებს საშუალება უნდა ჰქონოდათ კვალიფიციური მწვრთნელის დახმარებით, სათანადო მატერიალური ბაზისა და ინვენტარის გამოყენებით ევარჯიშათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანსაღი თაობის” პიარ-მენეჯერი მარიკა ქურდაძე ამბობს, რომ პროექტმა გაამართლა. მუსხის საფეხბურთო ტურნირი ჩამოყალიბდა ტრადიციულ შეჯიბრებად, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართება.
თავდაპირველად ტურნირში მუსხისა და მეზობელი სოფლების 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
“როგორც კი პროექტი დაიწერა, “ავერსის” დახმარებით შევიძინეთ მაისურები და ყველა ის საჭირო ინვენტარი, რაც ბავშვებს სჭირდებოდათ. თუმცა, მაშინ ძალიან მცირე ბიუჯეტი გვქონდა”, - ამბობს მარიკა ქურდაძე.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პროექტი მეორე წელსაც გაგრძელდა: “დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მეორე წელს გაზრდილი ბიუჯეტითა და გაძლიერებული საფეხბურთო გუნდით გავაგრძელეთ პროექტი”.
მესამე, ანუ 2009 წელს, ტურნირს ახალი საფეხბურთო გუნდი, ახალგაზრდული ლიგა დაემატა. გუნდი 9-დან 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.
მარიკა ქურდაძის განმარტებით, ტურნირის სტრუქუტურა ასეთია:
სუპერ ლიგა (ასაკი - 18 წელი და ზემოთ) კლუბური პრინციპით;
პრემიერ ლიგა (ასაკი - 18 წელი და ზემოთ) სანაკრებო პრინციპით;
ახალგაზრდული ლიგა (ასაკი – 17 წელი და ქვემოთ);
გოგონათა ლიგა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სპორტსმენებს მწვრთნელი არ ჰყავთ: “უბრალოდ, სოფელში ცოტა მაინც ვისაც გაეგებოდა ფეხბურთის, ბავშვები მათთან ერთად ვარჯიშობენ”.
ორგანიზაციის ხელმძღვანელების თქმით, “მუსხის საფეხბურთო ტურნირი - 2009” წინა წლებთან შედარებით დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. 2010 წლიდან კი ტურნირმა საფეხბურთო სკოლის შექმნაზე დაიწყო ფიქრი.
“ბავშვები იმდენად მონდომებულები არიან, რომ გაჩნდა იდეა ჩამოგვეყალიბებინა კიდევ ერთი საფეხბურთო გუნდი. ოღონდ, ეს უკვე იქნება სკოლა, სადაც მხოლოდ შერჩევის სახით მივიღებთ საუკეთესო სპორტსმენებს”, - ამბობს მარიკა ქურდაძე.
ორგანიზაციამ დახმარებისთვის “კალა ფონდსაც” მიმართა. აღნიშნული ფონდი იდეით დაინტერესდა და ორგანიზაციას პროექტი დაუფინანსა: “კალაძის ფონდი შეგვპირდა რომ გადმოგვცემს ვარჯიშისთვის საჭირო ყველა ინვენტარს, ბურთებს და მაისურებს”.
საფეხბურთო სკოლასთან დაკავშირებით, “ჯანსაღმა თაობამ” სკოლებში აპლიკაციები დაარიგა. პროექტის თანახმად, საფეხბურთო სკოლაში 50 ბავშვი უნდა მიეღოთ, თუმცა აპლიკაცია 75-მა შეავსო.
“ამჟამად მიმდინარეობს საცდელი ვარჯიშები, რის შემდეგადაც შეირჩევა საუკეთესო 50 ბავშვი”, - ამბობს მარიკა ქურდაძე და ამატებს, რომ უახლოეს პერიოდში მუსხის საფეხბურთო მოედანს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. თანხები ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი