ნანა მელიქიძე, ახალქალაქი
სასწავლო წლის მეორე ნახევარი დაიწყო და ქალაქს ხალისიანი ცხოვრება ისევ დაეტყო. დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები სასწავლებელს დაუბრუნდნენ.
სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ აქ ცხოვრება მათთვის ადვილი არ არის.
,,ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ უცხოდ ვგრძნობთ თავს. ხშირად ქუჩაში გავლისას ადგილობრივები რეპლიკებს გვესვრიან. ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს და გვიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება”, - წუხს პირველი კურსის სტუდენტი თამარ ფანჩულიძე.
საცხოვრებელი ბინა სტუდენტების საერთო და უმთავრესი პრობლემაა. ისინი ცხოვრობენ დიასახლისთან, ან მეგობრებთან ერთად. ხშირად უწევთ ბინის შეცვლაც, სადაც ხშირად არახელსაყრელი პირობები ხვდებათ.
,,ბინაში წყალი არ გვაქვს და მეხუთე სართულზე ხელით გვიწევს ატანა. აქამდე, არ ვყოფილვართ დამოუკიდებლები, აქ ყველაფერზე გვიწევს ზრუნვა: რა ვჭამოთ, როგორ გავაკეთოთ საჭმელი, როგორ მოვიქცეთ, ფული როგორ გავანაწილოთ, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია”, - ამბობს იგი.
თამარის მეგობარი მარიამ ტოროშელიძე ამბობს, რომ პრობლემა ქალაქში გასართობი და კულტურული დაწესებულების ნაკლებობაცაა. ამ ხნის განმავლობაში მან ერთი უცნაური დასკვნაც გააკეთა: ,,ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უცხო და მიუღებელია, რომ ახალგაზრდა კაფეში ან რესტორანში შევიდეს”.
მარიამი ამბობს, რომ უცხო ქალაქში ცხოვრება, მათ უფრო ბრძოლისუნარიანებს ხდის: “გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ვისწავლეთ ,,თეთრისა და შავის” გარჩევა. ისიც ვისწავლეთ, რომ ზედმეტად არავის უნდა ვენდოთ. აქ ცხოვრების შემდეგ მჯერა, რომ ყველა სიტუაციაში გავიტანთ თავს”.
თამარისგან განსხვავებით, მარიამი ამბობს, რომ ახალქალაქში ბევრი კარგი ადამიანი გაიცნეს, რომლებიც მათდამი კეთილად არიან განწყობილი და მათზე ზრუნავენ: “აქაც ჩნდება ლამაზი გრძნობები, რომლებიც გვიხალისებს ცხოვრებას და სტიმულს გვაძლევს სწავლაში”.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები ჯავახეთს უკვე კარგად იცნობენ. იციან ადგილობრივების ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ.
,,გავეცანი ჯავახეთს, მის სოფლებს, ტრადიციებს. ვცდილობ სომხური ენის შესწავლას და ყველაფერი ძალიან საინტერესოა. აქ დამოუკიდებლობა ვისწავლე”, - გვეუბნება თამთა გაბისონია, რომელიც მარტვილიდანაა ჩამოსული.
ყველა სტუდენტი აღნიშნავს, რომ ოჯახიდან მოშორებულებმა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაც შეძლეს.
“არამხოლოდ ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი, სხვების შეცნობაც ვისწავლე”, - ამბობს მარი, რომლის ოჯახიც თბილისში ცხოვრობს.
ბათუმიდან ჩამოსულ ლიკა გადახაბაძეს კი დამოუკიდებელმა ცხოვრებამ უამრავი მეგობარი შესძინა. ახლა ვეღარ ელევა აქაურობას: ,,არდადეგებზე, სახლში ყოფნისას, დაბრუნებას ვნატრობდი. ყოველთვის სასიამოვნოდ გავიხსენებ აქ გატარებულ დღეებს”.
სტუდენტები ამბობენ, რომ არამხოლოდ სტუდენტებს, აგილობრივებს შორისაც ბევრი მეგობარი შეიძინეს. ,,ენის პრობლემის გამო ხანდახან გვიჭირს მოსახლეობასთან საუბარი, მაგრამ ჩვენდამი სითბოს ქცევითა და ყურადღებით გამოხატავენ”, - ამბობს ჭიათურელი ლიკა კობერიძე.
გოგონებისგან განსხვავებით, მიშა ზაბახიძე ფიქრობს, რომ საწუწუნო არაფერია და სულაც არ არის ცხოვრება ძნელი: ,,თუ ადამიანს საქართველოში ცხოვრება გაუჭირდა, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. მითუმეტეს, აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და დიდ პატივისცემას ვგრძნობთ მათგან. აქ ცხოვრება სასიამოვნოა, რადგან ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი