ხიდი სოფელ აწყურს ორ ნაწილად ყოფს, გაღმა და გამოღმა აწყური. დაზიანებული სწორედ გაღმა აწყურში მისასვლელი გზაა. მდინარის სანაპიროს დამცავი ჯებირები მთლიანად დაშლილია, გზის ნაპირი კი მოხეთქილი. წვიმიანი ამინდების გამო, გზა უფრო და უფრო იშლება და ვიწროვდება.
ახლომახლო არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის, ამიტომ დანგრეული გზა ერთნაირად საშიშია როგორც ფეხით, ასევე მანქანით მოსიარულეებისთვის.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ხშირი ნალექის გამო მალე გზას საძირკველი მთლიანად გამოეცლება და მდინარეში ჩაშვავდება. არსებული მდგომარეობით არავინ ინტერესდება, მათ კი საკუთარი ძალებით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ: ,,წვიმების შედეგად ადიდდება მდინარე, გამოაცლის მიწას და გზა ბილიკად იქცევა”.
აწყურში მცხოვრები ლევან მარტინენკო ამბობს, რომ ადგილობრივების გარდა დაზიანებული გზა ტურისტებსა და ექსკურსიებსაც პრობლემებს უქმნის: “აწყურის ციხისა და ეკლესიის სანახავად უამრავი ექსკურსია ჩამოდის, მალე კი მისასვლელი გზა აღარ იქნება”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული აწყურის თემში გელა მუმლაძე გვაიმედებს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება: ,,ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროში დგას, ჩამოსულებიც იყვნენ მათი წარმომადგენლები. დაგვპირდნენ, რომ მდინარე როგორც კი დაიკლებს და კალაპოტში ჩადგება, აუცილებლად დაიწყება შეკეთება”.
აღნიშნულ პრობლემაზე ინფორმირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილიც: ,,ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ვინაიდან ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყება ჩვენი პრეროგატივა არ არის და ამ პრობლემას მოაგვარებენ”.
ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ რწმუნებულისა და გამგებლის დაპირება დაპირებად არ დარჩება, კომპეტენტური უწყებაც გამოჩნდება, საჭირო სახსრებიც და დაზიანებული გზა იქამდე შეკეთდება, ვიდრე ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი