წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
ნინოწმინდის სახალხო თეატრი არსებობის 90 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად იგი ახალგაზრდობის სახლის შენობაშია განთავსებული და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურს ექვემდებარება.
ახლა თეატრში ახალი წარმოდგენისთვის ემზადებიან. რეჟისორი სუსანნა მანოიანი ხაზაროს აღაიანის ზღაპარს “ანაიდას” დგამს. სხვა პრობლემებთან ერთად, თეატრში შემსრულებლების ნაკლებობაცაა, ამიტომ ერთი მსახიობი რამდენიმე როლს თამაშობს. რეჟისორი ამბობს, რომ მასობრივ სცენებში კი ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებსაც დაიხმარენ.
“პრობლემები ბევრია. ყველაფერს, რაც ამ ზღაპრის დადგმისთვისაა აუცილებელი: დეკორაციებს, აქსესუარებს, კოსტუმებსა და ასე შემდეგ, საკუთარი ხელით ვამზადებთ. მასალა სახლიდან მოგვაქვს, ვისაც რა აქვს და რის შოვნასაც მოახერხებს. ეს პიესა კი ორმაგად რთულია, რადგან ზღაპარი მეფესა და სამეფოზეა, ბუნებრივია, ყველაფერი შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. როგორია ამ პირობებში მეფეთა ცხოვრების ფუფუნებისა და ბრწყინვალების სცენაზე გადმოტანა?!” - ამბობს სახალხო თეატრის რეჟისორი სუსანნა მანოიანი.
პრობლემები მხოლოდ ახალ დადგმასთან დაკავშირებით არ შექმნილა. თეატრის თერთმეტი თანამშრომლიდან პროფესიონალი მხოლოდ ორია – რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი სლავიკ დარბინიანი. ანაზღაურება 70-დან 120 ლარამდეა, ამიტომ მსახიობების მოწვევა შეუძლებელია, ისინი ასეთ ჰონორარზე მუშაობას არ თანხმდებიან.
სახალხო თეატრი ახალ წარმოდგენას წელიწადში ერთხელ დგამს. მუნიციპალიტეტის გარეთ გასტროლები დიდი ხანია, აღარ ჰქონიათ, სპექტაკლებს მხოლოდ სოფლის კლუბების სცენაზე აჩვენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთის ღირებულება მხოლოდ ერთი ლარია, მაყურებელთა რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.
“თეატრში ცოტა ხალხი დადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სპექტაკლებზე დასწრება არ უყვართ”, - ამბობს სუსანნა მანოიანი და გვაიხსნის, რომ თეატრისადმი სიყვარული ბებიისგან გამოჰყვა, - ბავშვობიდან მახსოვს, როგორ თამაშობდა სცენაზე, შემდეგ და და სიძეც მსახიობები გახდნენ. ჩვენი საქმე საკმაოდ რთული და შრომატევადია. თეატრი შეცდომებს ვერ ეგუება, რადგან სცენაზე მისი გამოსწორება შეუძლებელია”.
იგი ფიქრობს, რომ რადგან თეატრი დღემდე არსებობს, მისი აღორძინებაც შესაძლებელია. მომდევნო დადგმამ კი ამ საქმეში გარკვეული როლი უნდა შეასრულოს: “ასეთი სერიოზული სპექტაკლი ჩვენს მაყურებელს დიდი ხანია, არ უნახავს. დარწმუნებული ვარ, ამ ზღაპრის შემდეგ თეატრით ბევრი დაინტერესდება. ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მომავალში სტუდიის გახსნას ვგეგმავ, სკოლებთან ვითანამშრომლებთ, შევკრებთ ახალგაზრდებს და პროფესიულ დონეზე შევასწავლით ხელოვნების ამ დარგს. ბავშვები ყველაფერს უკეთ აღიქვამენ, ცარიელი ფურცლიდან დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულის შეცვლა”.
წარმოდგენა მაისის ბოლოსთვის იქნება მზად. წელს ბილეთების ფასი მოიმატებს და 2 ლარი იქნება, რადგან ახალ წარმოდგენაზე ბევრი ხარჯის გაწევა გახდა საჭირო. რეჟისორის თქმით, ფინანსური დახმარება თუ ექნებათ, წარმოდგენას ახალციხესა და ახალქალაქშიც გაიტანენ. თეატრალურ ჯგუფს პიესის ჩვენება ავტორის მშობლიურ კუთხეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნის-ხაჩენშიც უნდა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი