ქალაქ ნინოწმინდის ცენტრში, თავისუფლებისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე, კანალიზაციის ქსელზე ავარია მოხდა, მის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი უწყება ან პირი კი ვერ მოინახა.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტრში გუბეა და ასფალტზე საკანალიზაციო ჭიდან ამოსული წყალი მიედინება. ყოველდღიურად, ამ გზის გავლა, არამხოლოდ ქალაქის რიგით მოქალაქეებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უხდებათ.
“ირგვლივ სიბინძურე და ცუდი სუნია. იძულებული ვართ, ამ ჰაერით ვისუნთქოთ და ამ გზით ვიაროთ, რადგან ცენტრალური ქუჩაა. ვინ არის დამნაშავე ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ მომხდარ ავარიაზე, არავინ ამბობს, არც ადგილობრივი ხელმძღვანელობა და არც მშენებლები. ქუჩების შეკეთებისას მშენებლები ორმოებს არასწორად თხრიდნენ. მილები იმდენად ზედაპირულადაა ჩალაგებული, რომ მანქანების გადავლისას ზიანდება”, - უკმაყოფილოა სერიოჟა აკოფიანი.
პუშკინისა და თავისუფლების ქუჩები გასულ წელს მოაასფალტეს.
“ამ მონაკვეთზე ასფალტი ისე დააგეს, რომ კანალიზაციის ქსელის მდგომარეობა არ შეუმოწმებიათ. გამოდის, რომ ავარიის აღმოსაფხვრელად ახალდაგებული ქუჩის აყრაა საჭირო. ეს საქმეა?! ერთი მხრივ, შენება, მეორე მხრივ კი – ნგრევა. ჯერ ხომ წელიწადიც არ გასულა. მაშინ იმდენი ფულის დახარჯვას რაღა აზრი ჰქონდა”, - ამბობს მელს მანუკიანი.
კანალიზაციის მილიდან ამოსული ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. ექიმი-ინფექციონისტი ლიდა სავოიანი ამბობს, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას. იგი ადგილობრივებს ურჩევს, რომ ონკანიდან აღებული წყალი მხოლოდ გადადუღების შემდეგ გამოიყენონ: “აუდუღარის დალევის შედეგად შეიძლება გაჩნდეს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ბოტკინი, დიზენტერია, მუცლის ტიფი. ინფექციური დაავადებები პირღებინებას, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევასა და სხეულის ტემპერატურის მომატებას იწვევს. ამ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სახლის პირობებში აუცილებელია გამოიყენოთ შემდეგი ნარევი: ერთ ლიტრ ადუღებულ წყალს დაამატეთ 15-20 გრამი მარილი, 30 გრამი შაქარი და ეს ნარევი დღის განმავლობაში დალიეთ”.
კომპეტენტური უწყება, რომელმაც ავარია უნდა აღმოფხვრას, ვერ ვიპოვეთ. პასუხისმგებლობას არცერთი დაწესებულება არ იღებს. შპს “წყალკანალის” ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ იგი მხოლოდ წყალსადენსა და სასმელ წყალზეა პასუხისმგებელი. კომუნალური საწარმო მხოლოდ ნაგვის შეგროვებითა და გარემოს დასუფთავებითაა დაკავებული, ხოლო მუნიციპალიტეტში ყველა ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. დღემდე ვერავინ გვიპასუხა ვინ არის ქალაქის კანალიზაციის ქსელზე პასუხისმგებელი.
ქალაქის მცხოვრებლები მზად არიან ფულის შესაგროვებლად, რათა შექმნან და შეინახონ ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის კანალიზაციის ქსელის ექსპლუატაციას კანონიერად განახორციელებს და მის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე სრულად პასუხისმგებელი იქნება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი