22 აპრილს ახალციხეში იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო გაიხსნა. ბიურო მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
გულო კოხოძე, ახალციხე
იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს გახსნის ღონისძიებას პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, გაეროს გავნითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი - ჯეიმი მაკგოლდრიკი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ესწრებოდნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის მიზანია უფასო და კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. სამართლებრივ კონსულტაციებთან ერთად ეს სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებასაც მოიცავს.
იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გამოსვლაში ბიუროს გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ბიუროს გახსნით შევძლებთ მოვემსახუროთ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას, დავეხმაროთ მათ იურიდიული თვალსაზრისით. დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, ეთნიკურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი სამსახური და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტ ადამიანს გავუწოდებთ დახმარების ხელს”.
მან
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP ).
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) ორწლიანი პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებას ემსახურება. პროექტის ძირითად მიმართულებებს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიონალიზმის ამაღლება, უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ადმინისტრაციულ საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 200 ათასს აშშ დოლარს შეადგენს
,,დღევანდელ დღეს და ამ ბიუროს გახსნას ჩვენ ვუყურებთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან და წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმირებისთვის”, - ასე შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს გახსნა გაეროს გავნითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ჯეიმს მაკგოლდრიკმა.
იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროში ექვსი საზოგადოებრივი ადვოკატი და კონსულტანტი ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს მოქალაქეებს, დაეხმარება მათ იურიდიული დოკუმენტების შედგენაში და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
,,ბიურო ამა წლის 25 იანვრიდან ფუნქციონირებს, მისი ამოქმედებიდან დღემდე ბიუროში შემოვიდა 40 სისხლის სამართლის საქმე, მომზადებული იქნა 20-მდე სამართლებრივი დოკუმენტი, როგორც სარჩელები, შესაგებელი, სააპელაციო საჩივრები, სააპელაციო შესაგებლები და განცხადებები. გაცემული იქნა ასზე მეტი იურიდიული კონსულტაცია”, - გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა დავით ზარიძემ.
იურიდიული დახმარების ცენტრის გახსნას მომავალში ახალქალაქშიც აპირებენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი