თურქულ აგრესიას ჯავახეთში ერზრუმიდან, ბასენსკიდან, ბაბერდსკიდან, ძერჯანსკიდან და მრავალი სხვა მხარიდან, დაუზუსტებელი ცნობებით, 7 300 სომხური ოჯახი გამოექცა. მასობრივი ჟლეტა, ერთგვარად, ადგილობრივ ეთნიკურ სომხებსაც შეეხო.
ქრსტინა მარაბიანი, ახალქალაქი
ჯავახეთსა და მის მიმდებარე რაიონებში დასავლეთ სომხეთის მცხოვრებლებმა 1830-1831 წლებში დაიწყეს გადმოსახლება. მას შემდეგ, რაც 1829 წლის 2 სექტემბერს ახალქალაქი და ახალციხე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ერზრუმიდან, ბასენსკიდან, ბაბერდსკიდან, ძერჟანსკიდან და სხვა მხარეებიდან ჯავახეთსა და მის მეზობელ რაიონებში 7 300 სომხური ოჯახი (დაახლოებით, 58 ათასი ადამიანი) გადმოსახლდა.
“ანდრიანაპოლისის ხელშეკრულების თანახმად, ახალქალაქი, ახალციხე და ფოთი რუსეთის ხელში გადავიდა. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ტყვეების გაცვლასა და დეპორტაციას გულისხმობდა. ხელშეკრულების შესაბამისად, 90 ათასი სომეხის დეპორტირება განხორციელდა რუსეთის ახლადშეძენილ სამფლობელოებში, სადაც თურქებისა და ქართველების გარდა, სომხებიც ცხოვრობდნენ. ერზრუმიდან (ქარინი) და მისი მიმდებარე სოფლებიდან ლტოლვილები, ძირითადად, ახალქალაქში, ახალციხესა და წალკაში დასახლდნენ. სევანის აუზში ბაიაზეთიდან გადმოვიდნენ. შირაქსა და ტალინში კი ყარსის ყოფილი მცხოვრებლები გადმოსახლდნენ. ეს, ძირითადად, 1829 წლის ბოლოსა და 1830 წლის მაისში მოხდა”, - ამბობს ისტორიკოსი ვაჩაგან რსტაკიანი.
ჯავახეთში საცხოვრებლად გადმოვიდა უამრავი ეთნიკური სომეხი მათი სულიერი წინამძღვრის, არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის წინამძღოლობით. ადგილობრივ სომეხთა 1716 ოჯახთან (დაახლოებით, 10-11 ათასი ადამიანი), 639 მუსულმანურ ოჯახთან და ქართველთა 179 ოჯახთან ერთად (თურქული დავთრების, საგადახადო რეესტრების თანახმად), აქ დასავლეთ სომხეთიდან ჩამოსული 58 ათასი სომეხი დასახლდა. იმპერატორ ნიკოლაი I სურვილით ფელდმარშალმა ი.ფ. პასკევიჩმა მათი ყოფილი ახალქალაქის ტერიტორიაზე დასახლება გადაწყვიტა.
“სომხეთი ლტოლვილებით იყო სავსე. ეს იყო დაახლოებით 200-250 ათასი ადამიანი, აქედან 40-50 ათასი ობოლი. ბუნებრივია, ეს ბავშვები ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმაც შეიფარეს. ამიტომ, პრაქტიკულად, ნაშვილები ობლები ყველა სოფელში არიან. ჩვენს სოფელ სამსარში, როგორც ვიცი, სამი გოგონა იშვილეს. ისინი აქვე გათხოვდნენ და დღეს შთამომავლებიც ჰყავთ”,
- გვიამბობს ვაჩაგან რსტაკიანი.
სოფელ დილისკაში, ძირითადად, დასავლეთ სომხეთიდან, სოფელ დვნიკ ერზრუმიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. ესენი არიან გოგორიანები, კარახანიანები, გაბრიელიანები, კაზარიანები, მკოიანები, მარაბიანები, კოჩოიანები, ნაჰატაკიანები... მრავალ გვარს საკუთარი ისტორია აქვს. კარინე ნაჰატაკიანმა თავის გვარზე საინტერესო ისტორია გაგვაცნო:
“ოდესღაც ჩვენი გვარი ზორიკიანი იყო, მაგრამ წინაპრებმა ნაჰატაკიანად გადაიკეთეს (სომხურიდან პირდაპირ თარგმანში – მოწამე, ანუ წამებული სიკვდილით დაღუპული), ახალგაზრდა გოგონა ვარვარას ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც თურქების ხელით, რწმენის გამო დაიღუპა. როგორც ამბობენ, მისი ორი ძმა ერზრუმიდან ჩვენს სოფელში, საყვარელი ადამიანი კი სოფელ ლომატურცხში დასახლდა”.
ბაბუა სამსონი 96 წლისაა. “ჩემი წინაპრები თურქეთიდან, ერზრუმის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოვიდნენ. ისინი ოთხი ძმები იყვნენ. უფროს ძმას ბარსეგი ერქვა, შემდეგ არუთიუნი, ოგანესი და ნორო მოდიოდნენ. ბარსეგი უფროსი იყო და მას ყველა უსმენდა. თურქეთიდან გამოქცევამდე მათ ასეთი ამბავი შეემთხვათ: ბარსეგი ქუჩაში იდგა, როდესაც მასთან თურქი ბეგი მივიდა და მიესალმა. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ დროს ბარსეგის ერთ-ერთი რძალი წყალზე მიდიოდა. თურქმა ბეგმა მას შეხედა და უთხრა, როგორ ლამაზი რძალი გყოლიაო. ბარსეგს იმდროინდელი ღირსებისა და ნამუსის შეგრძნება ჰქონდა და მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მან ბეგს სახეში შეაფურთხა და ძმებს უთხრა, რომ შეიარაღებულიყვნენ. ასე გამოქცნენ ისინი ჯერ სოფელ თოკში, შემდეგ კი სოფელ დიდ სამსარში, სადაც სახლი ააშენეს და დაფუძნდნენ. მამაჩემი 1875 წელს უკვე სამსარში დაიბადა”, - გვიამბობს ბაბუა სამსონი.
ლიოვა სევიკიანის დიდმა ბებიამ, პირველი ოჯახის დაკარგვის შემდეგ, ახალი ოჯახი სოფელ არაგვაში იპოვა. “წარმოშობით სოფელ ჯინის ერზრუმიდან ვართ. ყველა, ვინც ამ ჟლეტის შესახებ გაიგო, გარბოდა. მთელი ოჯახიდან მხოლოდ დედა-შვილი გადარჩა და ისინი სოფელ არაგვაში ჩამოვიდნენ. ოჯახების ნახევარი გზაში დაიღუპა. ზოგიერთი ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში დასახლდა. იმ დროს აქ უკვე ადგილობრივი სომხები ცხოვრობდნენ. დედა აქ კვლავ გათხოვდა და სევიკიანი გახდა. მანამდე ისინი გინოსიანები იყვნენ”.
ეს ფაქტი 1915 წელს არ დამთავრებულა და თურქთა მხრიდან დევნას მხოლოდ დასავლეთ სომხეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები არ დაუზარალებია.
“თურქები 1918 წელს ახალქალაქში შემოვიდნენ. მაშინ საზღვრები კარგად დაცული არ იყო. ვინც მოასწრო, გაიქცა. ახალციხესა და წალკაში წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, იქ ნაკლები მსხვერპლი იყო. ახალქალაქში კი სიცივემ და შიმშილმა მეტი ადამიანი შეიწირა. ჩემი ოჯახის ოთხი წევრიდან ორი დაიღუპა და წალკიდან ვეღარ დაბრუნდა. დედა საკუთარი თვალით ნანახს გვიყვებოდა. ბაკურიანის ტყეების მისადგომებთან უამრავი სომეხი გაიყინა. განსაკუთრებით, ბავშვები. ერთი გარდაცვლილი ბავშვი დედის ფეხებთან ესვენა. ეს სურათი მას მუდამ უკან სდევდა”, - გვიამბო ვაჩაგან რსტაკიანმა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი