“კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ხალხი, რომელიც თავისუფლებას შეეწირა. დღეს რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო ვართ, 9 აპრილის შედეგია”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მამა ლუკამ გადაიხადა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ მათი წინაპრების გმირული საქციელი. ახლანდელი თაობა იმ სულისკვეთებით უნდა გაიზარდოს, რითაც თაობები დღევანდელ საქართველომდე მოვიდნენ”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის სტუდენტი ბექა დევნოსაძე.
წვიმიანი ამინდის გამო ღონისძიება ახალციხის კულტურის სახლში გაგრძელდა. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომლიც ამ დღისთვის მომზადდა.
“ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე გვინდოდა, მაგრამ გარეთ მხოლოდ სანთლების დანთება მოვახერხეთ”, - გვითხრა სტუდენტმა დიანა ფეიქრიშვილმა.
ციალა ჯინჭველაძე 1989 წელს სტუდენტი იყო. 9 აპრილის მიტინგზეც მონაწილეობდა. მისთვის ეს დღეები ძნელი გასახსენებელია.
“რიგითი სტუდენტი და მაყურებელი ვიყავი, იმ არეულობაში მეც მოვხვდი. ჯარისკაცების ალყაში ვიყავი, არც მეგონა თუ გადავრჩებოდი. ერთმა ვაჟკაცმა გამომიყვანა, ჩემს წინ დახოცილი ადამიანები იყვნენ, ეს იმდენად მძიმე სურათი იყო, რომ გადმოცემა შეუძლებელია”, - იხსენებს იგი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. ქართველი ერი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მიტინგებში სტუდენტობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას. 1989 წლის 9 აპრილის მიტინგი საბჭოთა ჯარის ნაწილებმა დაარბიეს. დარბევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი მოიწამლა. თუმცა, ამ ტრაგიკულმა დღეებმა შედეგი მაინც გამოიღო და 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი