სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტელევიზორის ქონა ფუფუნებაში აღარ ჩაეთვლებათ
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
ცვლილებები 2010 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც დეკლარაციაში შევა, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ახალი კრიტერიუმი იქნება.
“დეკლარაციაში, რომელსაც სოციალური აგენტი ავსებს, ჩამოთვლილია შემდეგი კრიტერიუმები: უკიდურესად ღატაკი, ღატაკი, ღარიბი, საშუალო შესაძლებლობის და საშუალოზე მაღალი შეძლების. ივნისიდან ეს კრიტერიუმები უფრო დეტალურად იქნება დაყოფილი”, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი დავით გოგალაძე.
უკიდურესად ღატაკი, უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის, ღატაკი, ღატაკსა და ღარიბს შორის და ღარიბი - ესაა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ის ახალი კრიტერიუმები, რომელიც ივნისიდან ახალ დეკლარაციაში შევა.
დავით გოგალაძის თქმით, დეკლარაციაში აღარ იქნება ისეთი შეფასების კრიტერიუმებიც, როგორიცაა: ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, მაცივარი, სარეცხი მანქანა: “ეს ნივთები ფუფუნებას აღარ წარმოადგენს, ეს უკვე საჭირო და ყველა ოჯახისთვის აუცილებელი საგნები გახდა”.
ანდრია ურუშაძის თქმით, დეკლარაციიდან ამოღებული ნივთების სანაცვლოდ ყურადღება მიექცევა სხვა, ოჯახის სარგებლობაში არსებულ მხოლოდ ისეთ საგნებს, როგორიცაა: პლაზმურ-ეკრანიანი ტელევიზორი, მუსიკალური სისტემა, სატელიტური ანტენა, ინდივიდუალური გათბობის სისტემა, კომპიუტერი და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ნაჩუქარი ნივთების დეკლარაციაში გათვალისწინებას, დავით გოგალაძის თქმით, ამაზე საუბარი არ არის: “ძნელია გაიგო რაიმე ნივთი ნაჩუქარია თუ ოჯახის შეძენილი. შეიძლება ოჯახმა ნებისმიერ ნივთზე თქვას რომ ნაჩუქარია, მაშინ ჩვენ მათი ნაჩუქრობის დამადასტურებელი საბუთი უნდა მოვთხოვოთ, რაც ძალიან რთული პროცესი იქნება”.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ასევე დაემატება დეკლარაციას, ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა ბინის, სახლის, აგარაკის, ავტოფარეხის, კომერციული ფართისა და სამეურნეო ნაგებობის მფლობელობაა.
“ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ოჯახი, რომელსაც რამდენიმე საცხოვრებელი ფართი აქვს, აგენტს დეკლარაციას შედარებით ცუდ სახლში ავსებინებს. ერთი და რამდენიმე საცხოვრებელი ფართის მფლობელები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან”, - განმარტავს გოგალაძე.
ახალ დეკლარაციაში გათვალისწინებულია, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილთა დაბადებისთანავე სამედიცინო დაზღვევის ავტომატურად გადაცემაც.
“ეს იმ ოჯახებზეა საუბარი, რომლებიც უკვე შესულები არიან ბაზაში და მათი ქულა 70 ათასზე ნაკლებია”, - ამბობს გოგალაძე და განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება “ჯერ ჩვენ უნდა გავიაროთ მომზადება, მერე ჩვენმა სოციალურმა აგენტებმა, შემდეგი პროცესი აპრობაცია, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება”.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები ნაწილობრივ დაარეგულირებს სოციალურ სფეროში არსებულ ბევრ პრობლემას და გაამარტივებს პროცესებს: “შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი, ვისაც დახმარება ეკუთვნის, ვერ ღებულობს და ასევე მცირე პროცენტია იმ ოჯახების, ვისაც დახმარება არ ეკუთვნის და მაინც იღებენ. ამ ცვლილებებით ეს ყველაფერი დარეგულირდება”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13 000 ოჯახი ცხოვრობს. დახმარების მისაღებად განაცხადი 4 000-მა ოჯახმა შეიტანა. თუმცა, ამათგან სახელმწიფო დახმარებას მხოლოდ 700 ოჯახი იღებს.
72 წლის სირანუშ აკოფიანი მარტოხელაა. იგი ერთ ოთახში ცხოვრობს. სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს დახმარების მიღების თხოვნით მეორედ მიმართა. სოციალურმა აგენტებმა მისი ქონება 18 მარტს აღწერეს, 30 მარტს კი ცნობილი გახდა შედეგები – 75 000 ქულა, რაც ნიშნავს, რომ მას დახმარება არ ეკუთვნის: “ორი საწოლის, ერთი კარადისა და ერთი ძველი ტელევიზორის მეტი არაფერი გამაჩნია. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, 70 ლარი და მეუბნებიან, რომ დახმარება არ მეკუთვნის”.
სახელმწიფო დახმარების პროგრამის თანახმად, ოჯახი, რომელმაც 57 000 ქულაზე ნაკლები შეაგროვა, მიიღებს ოჯახის ერთ წევრზე 30 ლარს და პლუს ყოველ შემდეგ წევრზე 24 ლარს; ასევე, სამედიცინო მომსახურების პოლისს, რომლითაც შეძლებს უფასო სამედიცინო მომსახურებითა და აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასდაკლებით სარგებლობას. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა ჯამური ქულაც 57 000-დან 70 000-მდეა, მხოლოდ სამედიცინო პოლისები ეკუთვნით.
სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში ამბობენ, რომ სირანუშ აკოფიანის მაღალი ქულა თავადაც უკვირთ.
“სირანუშ აკოფიანის დეკლარაციაში ისეთს ვერაფერს ვპოულობ, რომლის მიხედვითაც გეტყოდით, რომ მას დახმარება არ ეკუთვნის. ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანებისთვის მათი მაღალი ქულების განმარტება გვიხდება, თუმცა, ამ შემთხვევაში მიზეზის ახსნა არ შემიძლია”, - ამბობს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ახალქალაქის განყოფილების ხელმძღვანელი არტაშ ფალანჯიანი.
სოფელ კუმურდოს მცხოვრები სუსანნა ამაზარიანი სააგენტოს უკვე მეორედ მიმართავს. პირველად განცხადება 2008 წელს დაწერა და მაშინ წლევანდელზე ნაკლები ქულა დააგროვა, თუმცა, დახმარების მიღების საშუალება ერთხელაც არ მიეცა: “წელს 89,080 ქულა მივიღე, თუმცა, ჩემს სახლში არაფერი შეცვლილა. სახლიც კი არ გამაჩნია. სადაც ვცხოვრობ, ის სახლი მე არ მეკუთვნის, მისი მფლობელები რუსეთში არიან”.
იგი ორ ბავშვთან ერთად ცხოვრობს. 20 წლის ინვალიდი ვაჟიშვილი ჰყავს. აგენტის შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოჯახში არის ერთი ძროხა, ხუთი ცხვარი, ორი ქათამი, ერთი ფერადი ტელევიზორი, სახლი ძველია და ორი ოთახისგან შედგება, ავეჯიც ძველია. ასევე აღნიშნულია, რომ ერთხელ ოჯახს ნათესავი 300 ლარით დაეხმარა.
შესაძლოა, სიღარიბის დონის განმსაზღვრელი პროგრამის შეცვლის შემდეგ ამ ოჯახის მონაცემები დახმარების მიღებისთვის საჭირო ქულების ოდენობას დაემთხვეს. თუმცა, ამის თქმა ჯერჯერობით არავის შეუძლია.
სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ახალქალაქის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ირადიონ გოგოლაძის თქმით, დეკლარაციაში ცვლილებების საჭიროება ნამდვილად იყო: “ამიერიდან ტელევიზორს, ტელეფონსა და მაცივარს მაღალი კოეფიციენტი არ ექნება”.
სააგენტოს ახალქალაქის განყოფილებაშიც იმედი აქვთ, რომ სისტემის შეცვლის შემდეგ დახმარების განცხადებას მეტი ოჯახი შემოიტანს და სახელმწიფო დახმარებაც უფრო ბევრ მათგანს ერგება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი