“ძალიან გვიჭირს, ამ დროს ყველა გლეხს საცოდაობა უდგას – პური უნდა მოიკლო, რომ მიწა დახნა და საწვავს შესწვდე. შარშანდელი მოსავლით თავი ძლივს გავიტანეთ, წელს მის მესამედს ვთესავთ”, - ამბობს სოფელ ჭობარეთში მცხოვრები 73 წლის ლიანა ანთაძე.
სოფელ ზველში მცხოვრები მანუჩარ ზედგინიძის თქმით, მოსავლის თვითღირებულება საბაზრო ფასზე მეტი ჯდება: “მიწები მიტოვებულია. როცა საწვავის ფასი დაბალი იყო, სოფლებში მეტი ფართობი იხვნებოდა. ახლა თუ არ დახანი და დათესე, შემოდგომით რა მოვა?!”
აწყურელი კახა ინასარიძის თქმით, მიწის დამუშავების საშუალება სოფელში მხოლოდ 25 პროცენტს თუ აქვს: “შეიძლება ბევრი რამ მოიკლო და საწვავი იყიდო, მაგრამ არაა გამორიცხული ამინდმა ხელი არ შეგიწყოს და ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს”.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვარელიშვილისა და მისი მოადგილის ვახტანგ იობაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი იზრდება და 12 თებერვლის შემდეგ 23 პროცენტით მოიმატა.
“ბოლო დღეებში ნავთობის ფასმა 18 თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამდენად, საწვავის ფასი რამდენიმე თეთრით კიდევ გაძვირდება”, - აცხადებს მთვარელიშვილი.
ეკონომისტის გურამ მელიქიძის განმარტებით, საწვავის ღირებულების ზრდის შემთხევაში ფასი მოიმატებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზეც: “პურის ღირებულებიდან 10 პროცენტი მაინც საწვავის ფასია”.
რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, მისი თქმით, დედაქალაქში ფასები ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რეგიონებში კი უკვე დაწყებულია მატება.
“ორი ლარი ღირს მგზავრობა ზველიდან ახალციხემდე და ხალხი იმასაც ვერ იხდის. კიდევ თუ გაძვირდება, მაშინ ვეღარავინ იმგზავრებს, - ამბობს ახალციხე-ზველის ავტობუსის მძღოლი შალვა დიასამიძე და დასძენს, რომ ხშირად მგზავრები “ნისიადაც” დაჰყავს - ხანდახან ნახევარი ბილეთის ფული აქვთ, უჭირს ხალხს. ამ დანგრეულ გზებზე კიდევ საწვავი ზომაზე მეტი გვჭირდება”.
გურამ მელიქიძის განცხადებით, ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია, გლეხების საწვავით დახმარებაა: “მთავარია, გლეხებს მიწები არ დარჩეთ დასამუშავებელი. შეიძლება ადამინმა არ იმგზავროს, მაგრამ სოფელში გლეხმა ნაკვეთი თუ არ დაამუშავა, თავი რითი უნდა ირჩინოს?!”
გლეხს, დახმარება ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მომავალი წლის სარჩო-საბადებელს ახლა ეყრება საფუძველი. დაუმუშავებელი სახნავ-სათესების ზრდა კი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის შემცირების პირდაპიროპორციულია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი