10 წელია, თბილისის თეატრისა და კინოს პროფესორი გიორგი დოლიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკას სტუმრობს და ადგილობრივებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.
წელს მან სპასოვკის ორივე, სომხურ და ქართულ სკოლას საჩუქრები გადასცა – პირველადი სამედიცინო დახმარების აუცილებელი საშუალებები სასკოლო აფთიაქებისთვის და სხვადასხვა სასკოლო ნივთები. გარდა ამისა, ახალციხიდან ექიმები მოიწვია და ხალხს უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება შესთავაზა.
“სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება ყველას არ აქვს, ამიტომ ეს ადგილობრივებისთვის დიდი დახმარება იყო. საჭიროების შემთხვევაში ექიმები მედიკამენტებსაც არიგებდნენ”, - გვითხრა სომხური სკოლის დირექტორმა აიდა ჩახოიანმა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდობაზე დიდ გავლენას ახდენს: “ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ, ყველა თანაბარია და ისინი უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე მიუხედავად ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობისა და ასე შემდეგ”.
გიორგი დოლიძე მიიჩნევს, რომ უნდობლობა და ცუდი ურთიერთდამოკიდებულება წვრილმანებიდან შეიძლება წარმოიქმნას, ამიტომ ყველაფერს კარგად გაანალიზება და სწორი მისდგომა სჭირდება: “ამ სოფელში პირველი პიანინო კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან ერთად ჩამოვიტანე. ქართველი და სომეხი ბავშვების ერთნაირად დასაჩუქრებას ჩემს ვალად მივიჩნევ. ფანქრების შერჩევისასაც კი ვცდილობ, ერთი და იმავე ფერის ფანქრები შევიძინო. იმის მიუხედავად, რომ სომხურ სკოლაში ნაკლები მოსწავლეა, ორივე სკოლის აფთიაქისათვის ერთი ოდენობის მედიკამენტები შევიძინე, რათა არავის ეფიქრა, რომ ქართულ სკოლას უფრო მეტი და უკეთესი შეხვდა”.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამაყობენ რადგან ამ ადამიანს იცნობენ და პერიოდულად მასთან ურთიერთობის ბედნიერება აქვთ.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი