მესხების გზა უცხოეთიდან სამშობლოში და უკან

კამალოვების ოჯახი.
1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების პროცესი, მათი ყოფა და პრობლემები. მცდარი გზა კეთილშობილური სურვილის ასასრულებლად - იცხოვრონნანატრ საქართველოშითუ ხელოვნურად შექმნილი სირთულეები.
კანონიყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა შესახებ”, საქართველოს პარლამენტმა  2007 წლის 11 ივლისს მიიღო. მის თანახმად, რეპატრირებულთა სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2009 წლის პირველ იანვარს იწურებოდა. თუმცა, ამავე წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენითრეპატრიაციის შესახებკანონში ცვლილება შეიტანა - საკონსულოები რეპატრირებულთა განაცხადებას პირველ ივლისამდე მიიღებდნენ. მოგვიანებით, ვადამ 2010 წლის იანვრამდე კიდევ გადაიწია.

ამჟამად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოში რეპატრირებულთა 5 841 განცხადებაა თავმოყრილი. მათი უმრავლესობა – 5 348 – აზერბაიჯანიდანაა შემოსული, თურქეთიდან – 118, რუსეთიდან – 62, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნიდანაა გამოგზავნილი.

სამხრეთ საქართველოდან შუა აზიაში მაჰმადიანი მესხები 1944 წელს გადაასახლეს. ამჟამად მაჰმადიანი მესხების საერთო რიცხვი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 270-290 ათასია. 80-100 ათასამდეა ყაზახეთში, 50-70 ათასი _ რუსეთში (40-60 ათასი მათგან უზბეკეთიდან იძულებით გადასახლებულები), 40-60 ათასი _ აზერბაიჯანში, 25-30 ათასი _ ყირგიზეთში, 15-20 ათასი _ უზბეკეთში, 5-10 ათასი _ უკრაინაში.

1944 წელს საქართველოდან იძულებით გასახლებულთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან ევროსაბჭოს წინაშე ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა და პროცესი 2011 წლამდე უნდა დასრულდეს. თუმცა, სტატუსის მიღებამდეც საქართველოში არა ერთი მესხი დაბრუნდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი უჩა ბლუაშვილი, რომელიც მაჰმადიან მესხთა საკითხებზე 1994 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ უკანასკნელი გათვლებით, 80-90-იანი წლებიდან საქართველოში 2 000-მდე რეპატრირებული მესხია შემოსული.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტის” 2009-2010 წლის აღწერის მიხედვით, ამჟამად რეგიონში 50 ოჯახი და 165 კაცი ცხოვრობს. მათ შორის 12 ოჯახი ადიგენის, დანარჩენი კი ახალციხის მუნიციპალიტეტშია დასახლებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რეგიონში მხოლოდ ორი - მუსადინოვებისა და რაჰიმოვების ოჯახი ჩამოსახლდა: მათ ვინც განაცხადები უკვე შეიტანეს მომავალი წლის მარტიდან მიენიჭებათ რეპატრირებულის სტატუსი და ექნებათ უფლება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში დასახლდნენ”, - განმარტავს ასოციაციატოლერანტისთავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

მაშინ როცა, ქვეყანა რეპატრირებულთა მისაღებად უნდა ემზადებოდეს, უკვე ჩამოსახლებული მაჰმადიანი მესხები ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრს იწყებენ.
ხასანბაე მუსადინოვი უკვე დაბრუნდა უკან. ძალიან გაუჭირდათ, ბინა ვერ გაიფორმეს. ახლა გამგაზავრებას რაჰიმოვებიც აპირებენ”, - ამბობს ცირა მესხიშვილი.
რაჰიმოვები


რაჰიმოვების ხუთსულიანი ოჯახი გასული წლის დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანიდან, საათლის რაიონიდან, სოფელ გუნაშლიდან საცხოვრებლად ახალციხეში, საბარგო სადგურზე, ეგრეთ წოდებულ ტავარზე, ბორჯომის ქუჩაზე გადმოვიდნენ. მათი წინაპრები, დემეტრაძეები 40-იან წლებში ადიგენის რაიონიდან სოფელ ფლატედან გაასახლეს.

ჩემი მშობლები საქართველოზე ოცნებაში მოკვდნენ. მათი საფლავები მინდა აქ გადმოვიტანო, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ”, - ამბობდა ოჯახის უფროსი მაჰმად რაჰიმოვი საქართველოში გადმოსახლებიდან სამი თვის შემდეგ (“სამხრეთის კარიბჭე” ¹08 (276) 15 მარტი 2010 წელი). ახლა კი მისი მეუღლის, გუნეშ რაჰიმოვის თქმით, მალე თავადაც უკან, ისევ აზერბაიჯანში, ან თურქეთში წავლენ: ძალიან გვინდა საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ბინას ვერ ვიკანონებთ, თუკი რამ ავეჯი და ტანსაცმელი გვქონდა საბაჟოზე გაგვძარცვეს. არაფერი გაგვაჩნია, ძალიან გაგვიჭირდა”.

ყველა ნივთი, რაც კი რაჰიმოვებს საქართველოში მოჰქონდათ, საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზედაატოვებინეს.
,,როცა წამოსვლა გადავწყვიტე, მაშინ ეს სახლი იყიდებოდა. ჩამოვედი, სახლის პატრონს მოველაპარაკე თანხაზე, წავედი აზერბაიჯანში. გავყიდე ყველაფერი: საქონელი, ცხვრები, მანქანა და 3 500 დოლარი ბეც გამოვაგზავნე. შემდეგ სახლი გავყიდე და 23 დეკემბერს საქართველოს მოვადექით. ,,წითელ ხიდზეჩამოგვართვეს პასპორტები და მთელი ბარგი”, - გვიყვება მაჰმად რაჰიმოვი.

მაჰმად რაჰიმოვი ამბობს, რომ მათ ,,წითელ ხიდზეუხეშად მოექცნენ და ამასთანავე მათი დასწრების გარეშე მათივე ნივთები გაჩხრიკეს: ,,წამოგვიყვანეს რუსთავში, რაღაც შენობაში, შეიძლება პოლიციის იყო, ზუსტად არ ვიცი. შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც მარტო სკამები იდგა, პატარებს იატაკზეკურტკებიდავუფინეთ და იქ ეძინათ შემდეგ გვითხრეს, რომ რაღაც ნივთიერება ნარკოტიკულ ნივთიერებას მიამგვანეს და ანალიზებიც ამიღეს”.

ამა წლის 15 თებერვალს მაჰმად რაჰიმოვმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს განცხადებით მიმართა. ამონარიდი განცხადებიდან - ,,უაღრესად გთხოვთ, გამონაკლისის სახით უფლება მოგვცეთ და გაატაროთ ჩვენი მანქანა და საოჯახო და ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის აუცილებელი და საჭირო ნივთები, რათა ნორმალურად ვიცხოვროთ სამშობლოში მაინც, ასევე არ ვიყოთ დამოკიდებული მთავრობის დახმარების იმედზე. საქართველოში ისედაც ბევრია დევნილი და ლტოლვილი ადამიანი”. (სტილი დაცულია)

26 თებერვალს რაჰიმოვებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან პასუხი მიიღეს.

,,...განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოყვანილი მანქანა ,,მერსედს ბენც” IUR O36 იმყოფება რა .. ,,წითელ ხიდზეაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის ორგანოებს”.

განცხადებას ხელს ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი, ვინმე . ჩაფაძე აწერს.
რაჰიმოვებმა ახლა უკვე იციან რა ბედი ეწია მათ ნივთებს, - საოჯახო ნივთები ,,წითელი ხიდიდანისევ აზერბაიჯანში დააბრუნეს და მაჰმად რაჰიმოვის სიმამრთანაა.
,,ყველაფერი გაქურდულია. ხორცი იყო, ყველი, ჭურჭელი, ბუფეტი, დივანი დამტვრეულია - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაჰიმოვებს საზღვრის გადაკვეთისას საბაჟოზე ყოველთვის პრობლემებს უქმნიან: “როცა სტუმრად მივდივართ აზერბაიჯანში გასვლაზეც და შემოსვლაზეც საათზე მეტს გვაჩერებენ. არ გვიხსნიან, რისთვის გვაცდევინებენ. ეს საქართველოში, თორემ აზერბაიჯანის საბაჟოზე უპრობლემოდ გვატარებენ”.
  
გუნეშ რაჰიმოვის განმარტებით, მათ პრობლემა საქართველოში ბინის დაკანონებაზეც შეუქმნეს: ჯერ მხოლოდ ბე გვაქვს გადახდილი. არ გვიკანონებენ და ბოლომდე რატომ მივცეთ? ნოტარიუსმა გვითხრა, როცა სტატუსს მიიღებთ, ბინას მერე დაგიკანონებთო”.

რაჰიმოვებმა სტატუსის მისაღებად განაცხადი აზერბაიჯანში 2 წლის წინ შეიტანეს.
სტატუსის მიღებამდე არც მოაქალაქეობას გვაძლევენ. ვერაფერს ვაკეთებთ, მიწაც არ გვაქვს. მხოლოდ სახლის წინ პატარა ბოსტანს ვამუშავებთ. არ ვიცი, თავი როგორ უნდა ვირჩინოთ, შეშასაც ვერ ვყიდულობთ, წასვლაც ამიტომ გადავწყვიტეთ”, - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

მეხრიევები


რაჰიმოვებისგან განსხვავებით მეხრიევებმა მოაქლაქეობაც მიიღეს და ბინაც დაიკანონეს, მაგრამ 15 წელი საქართველოში ცხოვრების შემდეგ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი მათაც დაიწყეს.

ალი მეხრიევი.
ერთ წელიწადში ჩემი ხალხი თუ არ ჩამოასახლეს, მეც წავალ აქედან. აბა მარტო რა ვქნა?! წინაპრებით მაჰმადიანი ვარ. ეს ჩემი ბრალი არაა. საქართველოში თუ დემოკრატიაა, მეჩეთი უნდა იყოს. კი ვლოცულობ, სადაც არ უნდა ვიყო, მაგრამ ადამინი ვარ, ცხოველი ხომ არა?! ხალხთან ერთად მინდა ვიცხოვრო. გარეთ გავდივარ და თათრებს გვეძახიან. მაჰმადიანობა თუ მივიღე, ეს თათრობაა?!” - კითხულობს 44 წლის ალი მეხრიევი, რომელიც ოჯახთან ერთად ტაშკენტიდან ოზურგეთში 1985 წელს გადმოსახლდა.

მეხრიევების შვიდსულიანი ოჯახი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში 5 წელია ცხოვრობს.

ეს მე-12 სახლია, სად აღარ მიცხოვრია, მაგრამ ჩემ სოფელში მინდოდა და დავბრუნდი კიდეც. დიდი ისტორია მაქვს, აფხაზეთის ომის მონაწილეც ვარ, მაგრამ საქართველოში არ აფასებენ ამას, - ამბობს ალი მეხრიევი და დასძენს, რომ მატერიალურადაც ძალიან უჭირთ22-ლარიან დახმარებას ვიღებ, როგორც ომის მონაწილე, შუქის ფულადაც არ მყოფნის. მამაჩემის პენსიაც გვეშველება - 85 ლარი, პატარა ნაკვეთი მაქვს და ორი ძროხა მყავს, მაგრამ ამ ყველაფრით ოთხი შვილის რჩენას კი არა, გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა რომ ვიყიდოთ, იმასაც კი ვერ ვწვდებით”.

მისი თქმით, მართალია, მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ იმის გამო, რომ მაჰმადიანი მესხია, დევნას დღემდე განიცდის: მოქალაქეობის მიღებას არაერთი წელი ვუცადეთ. ამის გამო უფროსმა ბიჭმა უმაღლესში ჩაბარება ვერ შეძლო. მაჰმადიანი მესხი იყო და ყურადღება ამიტომ არ მიაქციეს. მერე თურქეთში წავიდა და იქ ჩააბარა, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა”.
ოჯახის უფროსი ფიქრობს, სამომავლოდ პრობლემებს მის პატარა ბიჭებსაც შეუქმნიან: ეს ქვეყანა არ გასწორდება. 15 წელია აქ ვცხოვრობ და ჯერ არავინ დამხმარებია. ახლაც მეოთხე ბიჭი მყავს ავად, მაგრამ ფული არ მაქვს და ვერაფერს ვშველი. არ ვიცი, სად წავიდე, ვის რა ვთხოვო, ვინ დამეხმარება?!

მეხრიევების სამი თვის ჩვილს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგის მაია ზაზაძის განმარტებით, დიაგნოზით ეპილეფსია აქვს: მეექვსე დღეა საავადმყოფოში წევს ბავშვი. თბილისში გავწერეთ, რადგან აქ ბავშვთა რეანიმაცია არ გვაქვს, მაგრამ მამამ უარი განაცხადა წაყვანაზე”.
ფული არ მაქვს, თბილისში რომ წავიყვანო. ამიტომ ხელი მოვაწერე განცხადებაზე, რომ თუ ბავშვი გარდაიცვლება, ექიმების ბრალი არ იქნება”, - გვიხსნის ალი მეხრიევი.

ცირა მესხიშვილის თქმით, ამგვარი შემთხვევა უამრავ მაჰმადიან მესხს ჰქონია: დღეს თუ ფული არ გაქვს, უნდა მოკვდე. ვერც ვერავინ დაეხმარება მეხრიევებს.  მათ არც დაზღვევა აქვთ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ სახლში ელემენტარული საოჯახი ნივთები ჰქონდათ”.
მეხრიევებს დახმარების სათხოვნელად ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, ფულადი დამხარების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება რომც წარედგინათ, მაინც უარყოფით პასუხს მიიღებდნენ.

წლის ბოლოა, საამისოდ თანხა აღარაა ბიუჯეტში”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

მაია ზაზაძის განცხადებით, ამჟამად ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს: პრეპარატების შეჩერება არ შეიძლება, არადა ამ დაავადების ყველა მედიკამენტი საკმაოდ ძვირი ღირს”. 

კამალოვები


სოფელ აბასთუმანში გარდა მეხრიევებისა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში კიდევ 6 მაჰმადიანი მესხის ოჯახი გადმოსახლდა.

კამალოვების შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლად სამტრედიიდან აბასთუმანში ორი წლის წინ გადმოვიდა. მათი წინაპრები ბახტაძეები აბასთუმნის მეზობელი სოფლიდან, ვარხნიდან გადაასახლეს. ბახტაძეებმა ჯერ უზბეკეთში, შემდეგ კი 5 წელი აზერბაიჯანში იცხოვრეს.

თავიდანვე აქ გვინდოდა დასახლება, მაგრამ მაშინ მესხეთში არ შემოგვიშვეს. ამიტომ სამტრედიაში 25 წელი ვიცხოვრეთ. გადმოსახლებიდან ერთ წელიწადში მოქალაქეობაც მივიღეთ, არ შეგვქმნია პრობლემები. რადგან მოქალაქეები ვიყავით, ბინაც ჩვეულებრივ დავიკანონეთ”, - გვიამბობს თამარა კამალოვა.

მეზობელი მეხრიევებივით მატერიალურად კამალოვებსაც უჭირთ: პატარა მიწა გვაქვს სახლის წინ და მხოლოდ ოჯახისთვის თუ მოვიყვანთ კიტრს და პომიდორს. სხვა არაფერი გაგვაჩნია. მამა ახალქალაქშია, გზის მშენებლობაზე მუშაობს. ის გვეხმარება იქიდან”.

კამალოვების არაერთ ნათესავს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან საქართველოში უნდა გადმოსვლა, მაგრამ როგორც თამარა კამალოვა ამბობს, ბინებს ვერ ყიდულობენ: არ ვიცი ვინ, მაგრამ აქ ქართველებს უკრძალავენ, რომ მაჰმადიან მესხებს ბინა მიჰყიდონ”.

თამარა კამალოვა ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ქართულად მხოლოდ მისალმება და დამშვიდობება იცის. მიუხედავად ენის არ ცოდნისა ამბობს, რომ მეზობლებთან ადვილად ურთიერთობს და მათთან კარგი დამოკიდებულებაც აქვს.

აბასთუმანში რეპატრირებული მეზობლების მიმართ არც ქართველებს აქვთ ცუდი განწყობა. პირიქით, ამბობენ, რომთათრები ბევრ ქართველ მეზობელზე უკეთესებიც არიან”.

როცა ხედავენ, რომ რაღაცა გიჭირს, დაძახება არ უნდა, თვითონ მორბიან დასახმარებლად. მორიდებული ხალხია. - ამბობს ალი მეხრიევის კარის მეზობელი გულო ქარჩავაერთხელ მეხრიევების ძაღლს ჩემი წიწილა დაუგლეჯია და საღამოს თავიანთი მომიყვანეს - ჩვენ სხვისი არამი არ გვინდაო. რა თქმა უნდა, უკან გავატანე, მაგრამ გამეხარდა, ასე რომ მოიქცნენ. ამას ბევრი ქართველი არ იზამდა”.

გოჰაროვები



თითქმის ყოველ დღე ახალციხეში საბარგო სადგურზე ქართველი მეზობლები ჩაის დასალევად ფერზია გოჰაროვთან იკრიბებიან. მართალია, მშობლიური ენა არც მათ იციან, თუმცა დამტვრეული ქართულითა და რუსულით ერთმანეთს მაინც აგებინებენ.
პურმარილიანი ხალხია, ადვილად შევეგუეთ”, - ამბობს გოჰაროვების მეზობელი 78 წლის აღუნა სამსონიძე.

ახალი მეზობლების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი საბარგო სადგურზე მცხოვრები მანანა ივანიძე და მზია მერაბიშვილიც: ვინც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად ყველასთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, თავადაც ცდილობენ ქართველებთან ურთიერთობას, ერთმანეთთან მივდივართ, ვმეზობლობთ”.

გოჰაროვები მძიმე ცხოვრებას აზერბაიჯანიდან საქართველოში ორი წლის წინ გამოექცნენ.

წყალი იქ არაა და სინათლე. ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით, - გვიამბობს ფერზია გოჰაროვი, რომლის წინაპრებიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადიდან გაასახლესმთელი ცხოვრება ვწვალობდით, აზერბაიჯანში გვდევნიდნენ, კრასნოდარიდანაც გამოგვყარეს”.

გოჰაროვებმა ბინა საბარგო სადგურზე ყიდვისთანავე დაიკანონეს.

ბინა გავიფორმეთ და ორი თვის შემდეგ ჩამოვედით. მთლიანი თანხაც მერე გადავიხადე, - გვიხსნის ფერზიას მეუღლე იუნოს გოჰაროვი - მაგრამ ჯერ არც მოქალაქეობას და არც მუდმივი ბინადრობის საბუთს გვაძლევენ. სამჯერ ვიყავით ახალციხეში საპასპორტოში, გვეუბნებიან, სტატუსის მიღებას დაელოდეთ და მოქალაქეობას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთო. არადა, ძალიან გვიჭირს ასე ცხოვრება, ბანკიდან ფულის აღებასაც კი ვერ ვახერხებთ”.

გოჰაროვებს სამი შვილი ჰყავთ, უფროსი 20-ის, უმცროსი 15-ის, შუათანა კი 16 წლისაა. რადგან ბავშვებს პირადი ნომრები არ აქვთ სკოლაში მათ ვაუჩერს სახელმწიფო ვერ აფინანსებს, ამიტომ თუ წლის ბოლოს გოჰაროვები თითო ბავშვზე 400 ლარს არ გადაიხდიან, მომავალ კლასში არ გადაიყვანენ.

ცირა მესხიშვილის განცხადებით, რეგიონში ასეთი სულ 22 ბავშვია: მათ უფასოდ არავინ ასწავლის. ამიტომ გვინდა განათლების მინისტრს მივწეროთ ამის შესახებ, რომ სტატუსის მიღებამდე სკოლებში თანხის შეტანა გადაუვადონ”.
იუნოს გოჰაროვის ოჯახის ძირითადი შემოსავალი მშობლების პენსიაა: აზერბაიჯანში იღებენ 100-100 დოლარს. არაფერს ვითაკილებ, ყველაფერზე ვიმუშავებ, მაგრამ სამუშაოს ვერსად ვნახულობ. სანამ მოქალაქეობას არ მივიღებთ, მანამდე ფულის საშოვნელად ქვყნიდან წასვლასაც ვერ ვბედავ, ოჯახის დატოვების მეშინია”. 

გოჰაროვებმა სტატუსის მისაღებად განაცხადი აზერბაიჯანში ერთი წლის წინ შეიტანეს.
თუკი სტატუსის მიღებამდე აქ პრობლემები შეგვექმნებოდა და ჩვენი საქართველოში შემოსვლა უკანონოდ ჩაითვლებოდა, მაშინ რატომ შემოგვიშვეს?” - კითხულობს ფერზია გოჰაროვი.

ორმაგი მოქალაქეობა


ცირა მესხიშვილის განცხადებით, მაჰმადიანი მესხების სურვილი - სამშობლოში დაბრუნდნენ კეთილშობილურია, თუმცა დაბრუნების გზაა მცდარი: ჩვენ კი ვართ მათი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მაგრამ არ შეგვიძლია ბრალი დავდოთ ხელისუფლებას არაკანონიერებაში. აქამდე მოქალაქეობა რომ ვერ მიიღეს, მათი ბრალია. ვისაც ორმაგ მოქალაქეობაზე ჰქონდა შეტანილი საბუთები, ყველას უარი უთხრეს. ბევრი მათგანი პენსიებს აზერბაიჯანში იღებს და დაკარგვა არ უნდა”.

არ ეთანხმებიან მესხიშვილს მაჰმადიანი მესხები. მათი განცხადებით, ორმაგ მოქალაქეობას არავინ ითხოვს.

საქართველოში ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ აქაა ჩემი ფესვები, ქართველი ვარ და მხოლოდ ქართული პასპორტი მინდა”, - ამბობს იუნოს გოჰაროვი.
თუ საქართველოში ვიცხოვრებთ, უარს ვამბობთ აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე. რაღად გვინდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა?!” - კითხულობს გუნეშ რაჰიმოვი.

ორმაგი, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვს ალი მეხრიევს: ან ის რად მინდა და ან ეს?! მოქალაქეობა მივიღე, მაგრამ ისევ თათარს მეძახიან
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტისიურისტის (მას ამჟამად სხვა თანამდებობა უკავია და თავს იკავებს გაამჟღავნოს ვინაობა) განმარტებით, რომელიც 2008 წლიდან 2010 წლის ივნისამდე საქართველოში დაბრუნებულ რეპატრირებულებს მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტაციის მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ამბობს, რომ ყველა მაჰმადიანი მესხი ორმაგ მოქალაქეობას ითხოვდა: “100 პროცენტიდან მოქალაქეობა 30-მა თუ მიიღო. ვის რა ნიშნით მიანიჭეს უპირატესობა, არ ვიცი. არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამას არ გვიხსნიან. იყო შემთხვევა, რომ ერთსა და იმავე ოჯახში, ერთი და იგივე წარსულისა და ისტორიის მქონე ადამიანებიდან ზოგს აძლევდნენ მოქალაქეობას და ზოგსარა. მაგალითად, ქმარი იღებდა, ცოლივერა”.

იურისტის თქმით, მესხებისათვის ბინების დაკანონებისა და მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც, განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გართულდა; “სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივიცაა”.


სამშობლოში ქაოტურად დაბრუნების მიზეზები


უჩა ბლუაშვილის თქმით, რეპატრირებულების დიდი ნაწილი აქამდე საქართველოში კანონის გვერდის ავლითაა შემოსული: მათ არ აქვთ შესაბამისი სტატუსი, ამდენად საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებად არ განიხილებიან. ამაში დამნაშავე პირველ რიგში თავად არიან”.

მესხების ქვეყანაში ქაოტურად შემოსვლის მიზეზს ბლუაშვილი, მაჰმადიანი მესხების საქართველოს ხელისუფლებისადმი არასანდო განწყობით ხსნის: არ ენდობიან ჩვენ მთავრობას. ჰგონიათ, რომ როგორც აქამდე ალოდინეს 60 წელი, ისე აცდევინებენ ახლაც. ამიტომ სტატუსის მიღებას აღარ ელოდებიან”.

მესხიშვილის განმარტებით, რეპატრირებულთა ის ნაწილი, ვინც 1997 წლამდე შემოვიდა, პრობლემები თითქმის არაფერზე შექმნია, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გადმოსახლებულებს კი არაერთი თავსატეხი აქვთ: ვათანისწარმომადგენლები ეუბნებიან მათ, რომ მოდით საქართველოში, იყიდეთ ბინები და დასახლდითო. ვერ აცნობიერებენ მესხები, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუცია აქვს”.

მესხიშვილის განცხადებით, რეპატრირებულების ქაოტურად შემოსვლააქ არსებულივათანებისარასწორი პროპაგანდის ბრალია”:ახალციხეში ორი ორგანიზაცია ფუნქციონირებდა და ორივე დაიხურა. მათ დისონანსის მეტი რეგიონში არაფერი შემოუტანიათ. ერთ-ერთივათანისლიდერი სულეიმან ბარბაქაძე თაღლითობის მუხლით დააკავეს კიდეც”.


ბარბაქაძის საქმე


მაჰმადიანი მესხების არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვათანისლიდერი სულეიმან ბარბაქაძე მეხუთე თვეა პატიმრობაში იმყოფება. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის მესამე ნაწილით, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მიმდინარეობისას კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ამაჟამად მას სისხლის სამართლის 185- და 210- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ედება ბრალი. 185- მუხლი მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს, 210- კი საანგარიშგებო ბარათის დამზადება-გასაღებასა და გამოყენებას. ორივე მუხლი ერთად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბარბაქაძემ გიორგი თუმასიანისაგან ახალციხეში, ბორჯომის ქუჩა ¹32-ში მდებარე ორსართულიანი სახლი 2008 წლის თებერვალში იყიდა. თუმასიანი ბინას მის გარშემო არსებული 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით 35 ათას ამერიკულ დოლარად ყიდდა.

ჩვენი მოლაპარაკება ბინის ყიდვისას დასრულდა იმით, რომ სახლი ბარბაქაძისათვის უნდა მიმეყიდა 25 ათას დოლარად, ხოლო 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ შევთანხმდით, რომ შემდგომ ბარბაქაძე დამეხმარებოდა რუსეთში სახლის ყიდვასა და ჩაწერაში. ბარბაქაძემ თანმხლებ პირებთან თანდასწრებით რამდენჯერმე განმიცხადა: აიღე საზღვარგარეთის პასპორტები, ჩამოდი არმავირში და მე ჩემი ავტორიტეტით მოგიგვარებ ყველაფერსო. მე მას მივეცი ჩემი ახლობლის მისამართები, მან კი მომცა ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ ბარბაქაძემ მოგვატყუა და არ შეგვისრულა დანაპირები. რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს გაგვასამართლეს და მოახდინეს ჩვენი დეპორტაცია”, - ვკითხულობთ თუმასიანის სარჩელში.

თუმასიანის ადვოკატის, ბიჭიკო მოდებაძის თქმით, სასამართლო სხდომა 4-ჯერ გაიმართა: მეხუთე სხდომა 25 ნოემბერს იყო და როგორც ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახლა ციხის საავადმყოფოშია, უახლოეს დღეებში ოპერაცია უნდა გაიკეთოს და საქმე ალბათ 8 დეკემბრის შემდეგ განახლდება”.
ვათანი


ბიჭიკო მოდებაძის განცხადებით, ბარბაქაძეს თუმასიანთან მოლაპარაკებებისას თან ახლდა აიდინ ბრაგიმოვი. ეს უკანასკნელი კი გასულ წელს ახალციხეში მაჰმადიანი მესხების არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვათანისახალციხის ფილიალის თავმჯდომარე იყო.

,,ვათანიახალციხეში 2008 წლიდან მუშაობდა, თუმცა ოფიციალურად ოფისი გასულ წელს გაიხსნა და მალევე დაიხურა კიდეც.

ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოსულ მესხებს ადაპტირებაში დავეხმაროთ. ვამყარებთ კონტაქტს ადგილობრივებს, ჩამოსულებსა და სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ რეპატრიანტებს შორის; ვუწევთ კონსულტაციებს; ვაცნობთ, რა პრობლემები დახვდებათ; როგორი სოციალური ფონია და მათი გადასაწყვეტია, ჩამოვლენ თუ არა”, - აცხადებდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვათანისფილიალის თავმჯდომარე საქართველოში აიდინ ბრაგიმოვი. (“..” ¹31 (255) 28 სექტემბერი, 2009 წელი). 
გუნეშ რაჰიმოვის თქმით, მათ ახალციხეში ჩამოსვლის შემდეგვათანისწარმომადგენლები არ დახმარებიან, თუმცა აზერბაიჯანიდან საქართველოში მათი რჩევით წამოვიდნენ:გვითხრეს, თუ ფული გაქვთ, წადით, ბინა იყიდეთ, სტატუსს მერე მიიღებთ, მანამდე პრობლემა არაფერზე გექნებათო. ახლა კი ვერაფრით გვეხმარებიან”.
საფრთხეები
მიუხედავად რთული პირობებისა და სოციალური გაჭირვებისა, საქართველოში გადმოსახლებას სტატუსის მიღების შემდეგ, უამრავი რეპატრირებული კვლავ ელოდება.

სტატუსს მიიღებენ თუ არა ჩვენი ნათესავები, მაშინვე წამოვლენ. აქ გადმოსახლება ვისაც უნდა, ყველამ იცის საქართველოში რა პრობლემებია, მაგრამ მაინც სამშობლოში ურჩევნიათ ცხოვრება. აქ კარგი ჰაერი და წყალია”, - გვიხსნის 55 წლის დულსინა საფაროვა.

თითქმის ყველა რეპატრირებული ოჯახიდან ერთი წევრი მაინც სამუშაოს საძებნელად აზერბაიჯანსა და თურქეთშია წასული. ეს კი მათ ქართულ გარემოსთან ინტეგრირებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

ბიჭი თურქეთშია, იქიდან გვეხმარება. ყველანაირ სამუშაოზე მუშაობს. აქ ვერაფრი ნახა, რომ დასაქმებულიყო”, - ამბობს გუნეშ რაჰიმოვი.
მაინც სულ თათარს მეძახიან, აქ სამუშაოდ არავინ მიღებს და ბარემ თურქეთში ვიქნებიო, ამბობს ჩემი ბიჭი. ახლაც თურქეთშია სამუშაოდ”, - აცხადებს ალი მეხრიევი.

ენის არ ცოდნა, დაუსაქმებლობა და აქედან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი თითქმის საქართველოში გადმოსახლებული ყველა რეპატრირებულისთვის საერთოა. თუმცა, “რეპატრიაციის შესახებკანონში დეპორტირებულებისთვის არც სოციალური დახმარებაა გათვალისწინებული და არც რაიმე წერია სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ.

სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს რეპატრიანტებს სოციალურად, მაგრამ ამდენი ლტოლვილის გამო ქვეყანას ახლა ძალიან უჭირს. არადა, ევროსაბჭოსთან  ვალდებულება გვაქვს აღებული”, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

უჩა ბლუაშვილი მათი საქართველოში გადმოსახლების შესახებ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არც მათი კომპაქტურად დასახლება უნდა დაუშვას და არც სკოლები უნდა გახსნას მათთვის ცალკე: ეს ადამიანები ქართველები აღარ არიან თავიანთი ცნობიერებითა და რწმენით. ამიტომ ამ ყველაფერს განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება. შესაძლოა, კონფლიქტებიც წარმოიქმნას. ამდენად, კარგი იქნებოდა ამ მხრივ სახელმწიფო სტრატეგია, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული”.

რეპატრირებულების მასიური გადმოსახლებისას ნებისმიერ წუთს ინტერესთა კონფლიქტის გაღვივებას დასაშვებად მიიჩნევს მესხიშვილიც: ასპინძის მუნიციპალიტეტში დღემდე არცერთი მაჰმადიანი მესხი არ დაბრუნებულა. მოსახლეობა ჯერ ისევ მტრულადაა აქ რეპატრირებულების მიმართ განწყობილი”.
                              
სტატუსის მიღების შემდეგ პირველ ეტაპზე რეპატრირებულთა რა რაოდენობის შემოსვლას ელოდება სახელმწიფო, არსებობს თუ არა მექანიზმები სამომავლოდ მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ან იცინ თუ არა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამჟამად სამშობლოში დაბრუნებულ მაჰმადიან მესხებს აწუხებთ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არ საუბრობენ.
ამჟამად ეს საკითხები დამუშავების პროცესშია და ვერაფერს გიპასუხებთ”, - გვითხრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ.


თუ რა მიზეზით შეიძლება ეთქვათ უარი რეპატრირებულებს ბინის გაფორმებაზე ახალციხის სანოტარო ბიუროებში კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით კი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლებელია იყოს ის აკრძალვა, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იმ პირზე გასხვისებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე”. 
მისივე განმარტებით, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესრულებისას ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის ან მისი წარმომადგენლის ვინაობას, უფლებამოსილებასა და ქმედუნარიანობას: ამდენად, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრული სახით წარდგენაც გახდეს”.

რაც შეეხება წლობითა და თვეობით მოქალაქეობის მიღებისათვის ამაო ლოდინს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. “სამხრეთის კარიბჭისკითხვა - თუ რა მიზეზით შეიძლება ეთქვას უარი რეპატრირებულს მოქალაქეობის მიღებაზეუპასუხოდ დატოვა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მამალაძემაც.

მიუხედავად წლებისა და თვეების განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2005 წლიდან დღემდე 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხების ან მათი შთამომავლების მიერ დაწერილი სარჩელი არ შესულა.

დაირღვევა თუ არა სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებები, ვინ იზრუნებს მათ ქართულ გარემოში ინტეგრაციისათვის, ან რამდენად უსაფრთხო იქნება დეპორტირებულების საქართველოში მასობრივი დაბრუნების პროცესი, მომავალი გვიჩვენებს. ახლა კი ცხადია, “ქართველებს უშლიან, რომ  მაჰმადიან მესხებს ბინა მიჰყიდონ”; საზღვრამდე მოსულ რეპატრიანტებს პრობლემებს უქმნიან; სამშობლოში ჩამოღწეულები ბინას ვერ იფორმებენ და მოქალაქეობის მიღების მოლოდინში სოციალურ პრობლემებს გაჭირვებით უმკლავდებიან; ისინი კი ვინც ამ ყველაფერს ვერ უძლებენ, კვლავ სხვა ქვეყანაში გადასახლებისთვის ემზადებიან, ოღონდ ამჯერად, არა ძალით, არამედ საკუთარი ნებით.

 თამუნა უჩიძე, ახალციხეადიგენი

სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10-3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი