ყარყატების სოფელი


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეარავინ არაფერი იცის. ადგილობრივი ხელისუფლება კი შესრულებულ პროექტზე საუბრობს.

ღრმულებიანი გზა, მანქანის ხმაზე ქვის ყორეს მომწყდარი პატარები. მზეს მიფიცხებული მოხუცები. დენის ბოძებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილი ცარიელი ყარყატის ბუდეები და უზარმაზარი თივის ზვინები, - სოფელ პატარა ხანჩალის სურათი.

ქვის ყორეებზე გასაშრობად გამოფენილი წივა (საქონლის ნაკლისგან დამზადებული საწვავი) აგურებივითაა დაწყობილი.

პატარა ხანჩალში ამჟამად 270 ოჯახი და 687 ადამიანი ცხოვრობს.

ეგრეთ წოდებულ ,,ბირჟაზეადგილობრივები ღიმილით გვხვდებიან და გულითადად გვესაუბრებიან, ოღონდ ეგაა, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
პატარა ხანჩალის მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისშესახებ პირველად გაიგო.

,,რა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”? არ გამიგია. სახლი არაფერი აუშენებიათ, გზა არ გაუკეთებიათ. ადრე კარგი იყო, ახლა რა ხდება აღარ ვიცი”, - ამბობს ლავრენტ ავაკიანი.

ტელმან ესოიანი სოფელ პატარა ხანჩალის მკვიდრია, მანაც არაფერი იცის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე”, ამიტომ სოფლის პრობლემაზე გვესაუბრება.

,,აქედან სოფელ დილიფამდე ექვს კილომეტრიანი გზაა, მაგრამ ვერ დავდივართ. იძულებული ვართ ამ სოფლამდე 35-კილომეტრიანი შემოვლითი გზით ნინოწმინდიდან ჩავიდეთ. ეს გზა მაინც გააკეთოს ვინმემ”, - ამბობს იგი.

პრობლემების ჩამოთვლას ადგილობრივები ერთმანეთს არ აცლიან.

-          გზა არ არის!
-          წყალი არ არის!
-          კლუბი არ არის!
-          საბავშვო ბაღი არ არის!

კითხვაზე, - რა არის სოფელში, მხრების აჩეჩვით მპასუხობენ.

 - “რიტუალების სახლი და სკოლა გვაქვს”.

,,კლუბი გაარემონტონ, ახალგაზრდები რომ გაერთონ და დაისვენონ. თუ გააკეთებენ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ პროექტზე არაფერი ვიცი, არაფერიც არ გააკეთებულა, შარშან წყლის მოყვანა უნდოდათ მგონი”, -  ამბობს არტუშ ესოიანი.

23 წლის ზურაკ ბდოიანი ამბობს, რომ წლებია სოფელში არაფერი გაკეთებულა.

,,შარშანწინ წყალს აკეთებდნენ მგონი”, - მპასუხობს გაუბედავად.

პატარა ხანჩალში ცხოვრება ადგილობრივებს უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ ამ სიღატაკესა და გაჭირვებას მიეჩვივნენ. ჩივიან, რომ ისინი არავის ახსოვს და მათი პრობლემების მოგვარებითაც თავს არავინ იწუხებს.

,,ყველასგან დავიწყებულები ვართ, ერთი ეგაა ყარყატებს არ ვავიწყდებით და ყოველ წელიწადს ისევ უკან გვიბრუნდებიან”, - მითხრეს პატარა ხანჩალში.

სოფელში ერთადერთმა ადამიანმა, მხითარ ბდოიანმა გვითხრა, რომ პატარა ხანჩალში გორაზე წყლის მილები ჩაყარეს და ტრაქტორი ახლაც მუშაობს. თუმცა გორაზე მომუშავე ტრაქტორი ვერ დავინახეთ. ხნულის მსგავსი შავი ხაზი კი მართლაც ჩანდა.

,,ამ წელს არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ მილები გამოცვალეს, უფროს სწორად, დღემდე ცვლიან. სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. 20 მეტრი მილების გამოცვლაღა დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, რა ჰქვია პროექტს არ ვიცი”, - ამბობს მხითარ ბდოიანი. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში სოფელ პატარა ხანჩალში სასმელი წყალის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა.  

სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში 13208,00 ლარი იყო გამოყოფილი.  

ნინოწმინდის გამგებლის მოადგილე ართავაზ ტონიანმა პატარა ხანჩალის სასმელი წყლის რეაბილიტაციის გეგმაც გვაჩვენა და აგვიხსნა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულდა.

,,900 მეტრზე პლასტმასისშლანგისჩალაგება მოხდა. ახლა სოფელს გამგეობამ ათხოვა ტრაქტორი და რეზერვუარიდან წყლის გამოჟონვა, რომ არ მოხდეს, ამას აგვარებენ უბრალოდ”, - განაცხადა  ნინოწმინდის გამგებლის მოადგილემ ართავაზ ტონიანმა.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი