კრედიტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული სქემა წარუდგინა. სამინისტროს მორიგი ინიციატივა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მთელი კარიერის განმავლობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული სქემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოამზადა. პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სერთიფიციებულ პედაგოგებს შეუძლიათ. მათ სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით კრედიტები, იგივე ქულები დააგროვონ და რვა წლის შემდეგ, უგამოცდოდ მიიღონ პედაგოგის განახლებული სტატუსი. სასურველი აქტივობების რიცხვი 17-ია, თითოეულ მათგანს შესაბამისი რაოდენობის კრედიტი მოჰყვება. ანუ რამდენ ასეთ აქტივობაშიც ჩაერთვება პედაგოგი, შესაბამის კრედიტს მიიღებს.
პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა უნდა გაიაროს. აქტივობებში იგულისხმება: ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა, სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და სხვა.

ტრენინგებზე აქამდეც ხშირად დავდიოდით, ფაქტობრივად, ეტაპობრივად ვიზრდებით. სწორედ იქ დაგროვილი გამოცდილება დამეხმარა სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში. თუ მასწავლებელს აქვს იმის უნარი, რომ მონაწილეობა წიგნის ავტორობაშიც მიიღოს და ამით კვალიფიკაცია აიმაღლოს, ეს უკეთესია. ანუ გამოდის, რომ ახლა შრომა დაგიფასდება”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი თეა ფოცხვერაშვილი.

მასწავლებლების ნაწილი, სასერთიფიკაციო გამოცდებისგან განსხვავებით, პროფესიული განვითარების ახალ სქემას დადებითად უყურებს. მათი თქმით, წლევანდელმა სასერთიფიკაციო გამოცდებმა კარგი შედეგი ვერ აჩვენა. ხოლო ეროვნული სქემით მათ საშუალება მიეცემათ სხვადსხვა აქტივობებით მოიპოვონ გარკვეული კრედიტების რაოდენობა და სასერთიფიკაციო გამცდებზე აღარ გავიდნენ.

ყოველდღიური პრაქტიკის წარმოდგენა გამოცდის საშუალებით ნაკლებად ხდება. გამოცდაზე მხოლოდ თეორიებია, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება ჩააბაროს, მაგრამ სულაც არ იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული პედაგოგი”, - ამბობს ინგლისური ენის პედაგოგი.  

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ მჟავანაძე ამბობს, რომ ახალი სქემა პედაგოგებს მოტივაციას აძლევს საკუთარ თავზე იმუშაონ: სხვადსხვა აქტივობებში ჩართვა, ტრენინგებში მონაწილობა, საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარება - ეს ყველაფერი მასწავლებელს მეტად გაზრდის. მე ვფიქრობ, ასე უფრო იმუშავებს პედაგოგი საკუთარ თავზე, ვიდრე სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებით.  

სქემის მიხედვით, მასწავლებელთა სამი კატეგორიაა განსაზღვრული: მეორე, პირველი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. მეორე კატეგორიის მასწავლებელს 21 კრედიტის დაგროვება მოუწევს, პირველისთვის 28, ხოლო უმაღლესი კატეგორიისთვის 42.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფა კარგის და ცუდის გარჩევაში დაგვეხმარება. თუმცა, კავლიფიკაციის ამაღლება მკვეთრად უნდა იყოს ასახული მასწავლებლის ანაზღაურებაზეც.

ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება. მასწავლებლების მხრიდან მეტი დაინტერესება იქნება საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნონ.  შესაბამისად, მაღალი რანგის სპეციალისტს ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს”, - ამბობს ზაზა თამარაშვილი და დასძენს, რომ მშობელმაც და მოსწავლემაც კარგად იციან მაღალკვალიფიციური მასწავლებლის ფასი. ამიტომ, ისინი ისედაც ირჩევენ მაღალი რანგის მასწავლებელს: უბრალოდ ეს სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მეტად დაფასებული”. 

მზევინარ მჟავანაძის თქმით, მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფა გარკვეულ საფრთხეებთანაცაა დაკავშირებული: ეს არის ერთ-ერთი მინუსი, რომ არ მოხდეს მასწავლებლების გარჩევა, მთავარია მოსწავლეებმა ყველაფერი სწორედ გაიგონ. გამოცდის ჩაბარება სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ის არის განსაკუთრებული მასწავლებელი და ის ვინც არ გაიარა, ან ვერ ჩააბარა გამოცდა, რაიმეთი ნაკლებია სერთიფიცირებულ მასწავლებელზე”.

ამ პროგრამაში ჩართვისთვის, სერთიფიცირებიდან რვა წლის განმავლობაში მასწავლებლებმა გაწერილი გეგმა უნდა წარმოადგინონ, რა აქტივობებით აპირებენ კრედიტის დაგროვებას. იმისათვის, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს, გეგმა სკოლის დირექტორმა უნდა დაამოწმოს. მომდევნო წლების განმავლობაში მასწავლებლებს ცვლილებიბის შეტანა შეეძლებათ.

პედაგოგების კრედიტებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული საიდენტიფიკაციო კომისია დაითვლის.

თამარ თოთაძე, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი