წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
არაქართულენოვან სკოლები სწავლების თორმეტ-საფეხურიან სისტემაზე წელს გადაერთვნენ და შესაბამისად, მეთორმეტე კლასები პირველად აქვთ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სომხური და რუსული სკოლები გასულ წელს არავის დაუმთავრებია, გარდა იმ 21 მოსწავლისა, რომელთაც გამოცდები ექსტერნული წესით ჩააბარეს.
თორმეტ-საფეხურიანი სწავლების გამო მოსწავლეები უკმაყოფილონი არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ერთ წელს ტყუილად კარგავენ.
“რაში გვჭირდებოდა მე-12 კლასი, როცა ახალი სახელმძღვანელოები არ გვაქვს და მე-11 კლასში გავლილ მასალას ხელახლა ვსწავლობთ?! ახალია მხოლოდ მათემატიკის სახელმძღვანელო. ეს წელი უკვე იმდენად გაიწელა და მოგვბეზრდა, რომ აღარაფერი გვაინტერესებს, სკოლისადმი ინტერესი დავკარგეთ და ისიც დაგვავიწყდა, რაც ვიცოდით”, - ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე ვალოდია ზალალიანი.
საგანმანათლებლო რესურსცენტრში შესაბამისი სახელმძღვანელოების არქონას იმით ხსნიან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ძველი სახელმძღვანელოები ახლებით იცვლება. არაქართულენოვანი სკოლებისთვის განკუთვნილი წიგნები კი ჯერ შედგენილი და გამოცემული არ არის. ეს პროცესი თანდათანობით განხორციელდება, ყოველ სასწავლო წელს მე-12 კლასელებისთვის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდება.
მოსწავლეების ნაწილი მე-12 კლასს უმაღლესი სასწავლებლისთვის უკეთ მოსამზადებლად იყენებს, თუმცა, არა სკოლაში.
“რეფორმის გატარებამდე სახელმძღვანელოები უნდა შეედგინათ და გამოეცათ. წარმოიდგინეთ, მე-12 კლასში ხაზვას გავდივართ და კლასებში ტყუილად ვზივართ. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი დადებითი აქვს – მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, რომელსაც ზოგი სასარგებლოდ ატარებს, ზოგი კი არა. მაგალითად, მე და რამდენიმე თანაკლასელი, სასკოლო მეცადინეობების ხარჯზე, რეპეტიტორებთან ვმეცადინეობთ. ამ მხრივ მოვიგეთ, მაგრამ ეს მაინც არ არის საუკეთესო ვარიანტი”, - აღნიშნავს არუთიუნ კარაპეტიანი.
სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ახალ სისტემაში დადებითი მხარეების აღმოჩენას ცდილობენ.
“ჩემი სკოლა და მოსწავლეები ახალი სისტემით კმაყოფილი არიან. რატომაც არა?! ევროპული საზოგადოებისკენ მივისწრაფვით, გვინდა, ევროპულ სტანდარტებს შევესაბამებოდეთ, 12-წლიანი განათლება კი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სკოლების მოსწავლეები ევროპულ ქვეყანაში თუ მოისურვებენ განათლების გაგრძელებას, აუცილებლად დასჭირდებათ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ 12-წლიანი განათლება აქვს მიღებული”, - ამბობს ეშტიას სომხური საჯარო სკოლის დირექტორი ნანე ოვსეპიანი.
მისი აზრით, 12-წლიანი განათლებით ყველა მოსწავლე კმაყოფილი უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ზრდასრული მოქალაქეების პრობლემებს ერთი წლით გვიან წააწყდებიან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც ერთი წლით უფროსებსა და დაბრძენებულებს მოუხდებათ.
თუმცა ასეთ პრობლემებს სკოლის მოსწავლეებიც დღესაც აწყდებიან და ეს სულაც არაა დამოკიდებული მათ ასაკზე.
“სახლში დედა და და მყავს. მართალია, ჩემი და მუშაობს, მაგრამ მისი ხელფასი საკმარისი არ არის. მინდოდა, ოჯახის დახმარება რაც შეიძლება მალე შემძლებოდა. ექსტერნად ჩაბარებაც არ შემიძლია, რადგან ჯერ 18 წელი ამ შემსრულებია. 12 კლასს რომ დავამთავრებ, უკვე 19 წლის ვიქნები. ალბათ, სკოლის მიტოვება და 9 კლასის ატესტატის აღება მომიხდება”, - ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე კარენ ავაკიანი.
უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ვისაც ამ გამოცდის ჩაბარება არ უნდა, სკოლიდან მიიღებს სერტიფიკატს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ მოცემულმა მოსწავლემ 12 კლასი, ანუ საშუალო განათლების კურსი გაიარა. ვისაც სკოლაში სწავლების გაგრძელება არ უნდა, საბაზო ატესტატის აღება და სკოლიდან 9 კლასის შემდეგ გამოსვლა შეუძლია.
წელს რესურსცენტრში აბიტურიენტთა 90 განაცხადია რეგისტრირებული. განაცხადის შეტანის შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ შესაბამისი მასალების შეძენა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო გამოცდისთვის მოემზადებიან. მოსწავლეებს სახელმძღვანელოებით რესურსცენტრი მოამარაგებს, მას შემდეგ, რაც განმცხადებელი აუცილებელ თანხას გადარიცხავს. რესურსცენტრის დირექტორის თქმით, ფასი ხელმისაწვდომია და ის თითოეულ მასალაზე შვიდ ლარს შეადგენს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი