თამუნა უჩიძე, ახალციხე
სოხუმიდან დევნილ გურამ ლომიძის ექვსსულიან ოჯახს 66 კვადრატული მეტრი უკავია. სამზარეულო, მისაღები და ორი პატარა საძინებელი ლომიძეებისთვის არასაკმარისია.
“მე, მეუღლე, შვილი, რძალი, შვილიშვილი და დედაჩემი ვცხოვრობთ ერთად. რეალურად სამი კოდი გვაქვს და ერთ ბინაში გვწერენ. თან 66 კვადრატულ მეტრზე გვიმტკიცებენ 72-აო”, - ამბობს გურამ ლომიძის მეუღლე ნინო ბერია.
მისი თქმით, დედა, 75 წლის ცირა ბერია სოხუმიდან ორი წლის წინ წამოვიდა: “შვილთან თუ არა, სად უნდა შეეფარებინა თავი?! ომის შემდეგ 15 წელი აფხაზეთში იცხოვრა და არ ეკუთვნის ცალკე ბინა?! ხუთსულიან ოჯახებს ყოფენ შუაზე და ცალ-ცალკე სწერენ, ჩვენ სამმა ოჯახმა უნდა ვიცხოვროთ ერთად? ფართობზე პრობლემა არ გვაქვს, მთავარია ცალკე იყოს ბინა”.
ნინო ბერია ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართით არაერთი მარტოხელა დააკმაყოფილეს, თუმცა მათ შემთხვევაში ეს რატომღაც ვერ ხერხდება. ლომიძეებმა დახმარების თხოვნით არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართეს.
“რამდენჯერმე მივედი გუბერნატორთანაც, მაგრამ არ შემიშვეს. სამინისტრომდეც ჩავედით, გვითხრეს, თუ თანახმა არ ხართ მაგ ფართის დაკანონების, ხელშეკრულებას ხელს ნუ მოაწერთო. არც ვაპირებთ!” - ამბობს გურამ ლომიძის შვილი გაბრიელ ლომიძე.
ლომიძეების მეზობლად მცხოვრებ მარტოხელა გულნაზ ბლიაძეს 38 კვადრატული მეტრი დაუკანონეს. იგი მიღებული ბინით კმაყოფილია, თუმცა პრეტენზია მაინც აქვს: “თუ ჩემ დასაც აქ არ მისცემენ საცხოვრებელ ფართს, ამ ბინას დავტოვებ. ან პროკურატურაში შევიტან განცხადებას და დავამტკიცებ, რომ ბევრმა უკანონოდ მიიღო ფართი”.
ყოფილი ბაღის შენობაში გულნაზ ბლიაძე მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებლის ვაჟა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებითა და საპატრულო პოლიციის ძალით შევიდა. დევნილების აღნიშნულ შენობაში გადაყვანის საკითხი როცა გადაწყდა, ოთახების ნაწილი თვითნებურად უკვე დაკავებული ჰქონდათ, ახალციხის საქოსვი ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლებს. აღნიშნული ბარიც, საქსოვი ფაბრიკის საკუთრება იყო. ორსართულიან კორპუსში ამჟამად ასეთი მხოლოდ პირველსართულზე მცხოვრები ოქრომელიძეების ოთხსულიანი ოჯახია.
“ორ ოთახში რვა სული ვცხოვრობდით, დასაქმებული არავინაა, ბინა ვერ ვიყიდეთ და აქ იმიტომ გადმოვედით. დევნილები არ ვართ, მაგრამ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ვართ და მათზე მეტადაც გვიჭირს”, - ამბობს ბესიკ ოქრომელიძის მეუღლე მეგი ქიმაძე.
იგი აღიარებს, რომ ფართი თვითნებურად დაიკავეს და მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვს ოთახები არ დაატოვებინოს. თუმცა, აქვე იმასაც ამბობს, რომ ბინები არც დევნილებისთვის დაუნაწილებია ვინმეს: “ყველამ თვითონ აიღო ის ფართი, რაც უნდოდათ. ზოგმა დაუთმო ერთმანეთს, ზოგმა შეანგრია”.
ხანძთელის ¹34-ში 17 ოჯახი ცხოვრობს, მათგან ოქრომელიძეების მსგავსად დევნილები არ არიან რიკაძეებიც. მათ აღნიშნულ ფართში სამი ოთახი უკავიათ, ოღონდ ამ შენობაში იმ დროს გადმოვიდნენ, როცა დევნილების შესახლებაზე საერთოდ არ იყო საუბარი. რაც შეეხება ნებართვას, მისი თქმით, ამ ფართში ცხოვრების ნებართვა, 2008 წლის 8 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ მისცათ. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს თენგიზ ზედგინიძე: “რა ნებართვა გავეცი?! მაჩვენონ საბუთი! ვინ მეკითხება ნაბართვის გაცემას გამგებლის გარეშე?”
10 მარტს რიკაძეებმა ბინის დაცლის შესახებ გამგეობიდან შეტყობინება მიიღეს. დახმარების თხოვნით, ანასტასია რიკაძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს თეოდორე ჭუაძეს მიმართა.
“მეუფემ განცხადების ასლი საპატრიარქოში წაიღო. პატრიარქის დავალებით თავად ჩავიდა სუბელიანთან. ჩვენი შუამდგომლობა ახლა სამინისტროში დევს”, - ამბობს ანასტასია რიკაძე.
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან რიკაძეების, ოქრომელიძეებისა და ლომიძეების შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შუამდგომლობები გაიგზავნა.
“ჩვენი მოსაზრებები გავუგზავნეთ. გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს და სამოქალაქო რეესტრში გამოგზავნის”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
მისი აზრით, კარგი იქნება თუ ოქრომელიძეები და რიკაძეები ბინებში დარჩებიან, ლომიძეებს კი ფართი ერთ-ერთ კოდზე გაუფორმდებათ.
სოციალური, შრომის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის სპეციალისტის ლალი თუმანიშვილის განცხადებით კი ოქრომელიძეების ბინა საკუთრებაში ბლიაძეებს გადაეცემათ: “ლომიძეები თავიდან იყვნენ უარზე ბინის გაფორმებსან დაკავშირებით, თორემ ახლა თანახმა არიან”.
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუამ არსებული ვითარების შესახებ ჩვენგან შეიტყო. მან არც ერთ-ერთი დევნილის მასთან შესვლის უშედეგო მცდელობაზე იცოდა რამე: “ვინც არ უნდა მოვიდეს მოვუსმენ”.
ვინ რა გზებით შესახლდა აღნიშნულ ფართში უკვე მნიშვნელოვანი აღარაა. 14 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ჯერ ბინებს, შემდეგ კი მათ დაკანონებას, ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ 83 დევნილი ოჯახი ელოდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის სიტყვებს იშველიებს და ამბობს, რომ მათთვის კორპუსის ან კოტეჯების მშნებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მანამდე კი ალბათ რიკაძეების, ოქრომელიძეებისა და ლომიძეების საკითხიც გაირკვევა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი