“ხიდის მარცხენა მხარეს 56 მეტრის სიგრძეზე კეთდება კედელი, ხოლო მარჯვენა მხარეს - 53 მეტრზე. კედლის ძირი გაიბურღება და გაკეთდება ბეტონის კედელი”, - გვიხსნის სამშენებლო კომპანია “მამისონის” ახალციხის ობიექტის მენეჯერი პაატა ჩალაძე.
ყველაზე მაღალი კედელი ექვსი მეტრის, ხოლო ყველაზე დაბალი სამი მეტრის იქნება. ფოცხოვის შენაკადზე, რომელიც ხიდთან ახლოს უერთდება მდინარეს, 31 მეტრის ღარი გაკეთდება.
პაატა ჩალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ძველი კედელი დაზიანებული იყო. ახალი კედელი რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა ადიდებულ მდინარეს ხიდი დაეზიანებინა: “წყალდიდობების შედეგად, საყრდენი კედელი წაქცეული იყო. ამიტომ ექსკალატორზე დამაგრებული მექანიკური ჩაქუჩით დავანგრიეთ, გავასუფთავეთ და ძველი ნანგრევები ამოვიღეთ”.
მისივე თქმით, შეიცვალა მდინარე ფოცხოვის კალაპოტიც, რადგან წყალი ძირითადად მდინარის მარცხენა მხარეს მოედინებოდა. ამიტომ ყველაზე მეტად წყლისგან დამცავი კედელი ამ ადგილას იყო დაზიანებული.
ტექნიკა, რომლითაც აღნიშნული სამუშაოები სრულდება კომპანია “მამისონს” ეკუთვნის: “ბულდოზერი, ექსკალატორი, მანქანა-თვითმცლელი გვყავს. დამატებით ჩამოგვყავს მანქანა-თვითმცლელები. ასევე, ვაპირებთ სხვა ტექნიკის დამატებას, რომ სამუშაოები მალე დამთავრდეს”.
პროექტის თანახმად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებიდან ოთხი თვის ვადაში, ანუ 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს. თუმცა, წვიმიანი ამინდების შემთხვევაში, შესაძლოა დროში გაიწელოს.
“წყალუხვობის გამო ერთხელ უკვე შეგვეშალა ხელი, დამბის ზონა, იმაზე მეტად ავწიეთ ვიდრე პროექტში იყო მოცემული, მაგრამ წყალმა წაგვართვა და გაათხელა”, - ამბობს ახალციხის ობიექტის მენეჯერი.
კომპანია “მამისონს” სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს ჩატარებული. მათი აშენებულია სამების ეკლესია და “ჟინვალ ჰესი”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი