საფეხბურთო სკოლა “მუსხის ტურნირის” ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც 2007 წელს ამავე ორგანიზაციის ინიციატივითა და ფარმაცევტული კომპანიის “ავერსის” ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.
პროექტის მიზანია, მოსახლეობის გამოცოცხლება, ფეხბურთის განვითარება და ახალგაზრდების ჩართვა ჯანსაღ ცხოვრებაში.
“მუსხის საფეხბურთო ტურნირი მესამე წელია, რაც ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდების დაინტერესებამ გადაგვაწყვეტინა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ახალი საფეხბურთო სკოლა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანსაღი თაობის” დირექტორი ირაკლი ქურდაძე.
პროექტი “კალა ფონდმა” დააფინანსა.
“ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ადგილობრივები არ იყვნენ განებივრებული ამგვარი საფეხბურთო სკოლით და ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასოდეს ჰქონიათ”, - ამბობს “კალა ფონდის” დირექტორი ნესტან ნიჟარაძე.
საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხვის მსურველთათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ურავლის ხეობის საჯარო სკოლებში აპლიკაციები დაარიგეს. პროექტის მიხედვით, სკოლაში 50 ბავშვი უნდა მიეღოთ, თუმცა აპლიკაცია 75-მა შეავსო. საუკეთესო 50 ბავშვი ორკვირიანი საცდელი ვარჯიშების შედეგად შეირჩა. სკოლა 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტდა.
ფორმებით, ინვენტარით, მსაჯების ეკიპირებით და სხვა საჭირო მატერიალური პირობებით “კალა ფონდი” საფეხბურთო სკოლას სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. “შემდეგ, ეტაპობრივად, კიდევ გაუწევთ დახმარებას”.
ირაკლი ქურდაძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით უახლოეს მომავალში მუსხის საფეხბურთო მოედანს რეკონსტუქცია ჩაუტარდება.
“დაგეგმილია სტადიონის მთლიანი რეკონსტუქცია, გაკეთდება სკამები, გასახდელი. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადგილობრივი მაცხოვრებლები, ორი ვეტერანი ფეხბურთელი ავარჯიშებს. უახლოეს მომავალში მათ ფედერაცია მწვრთნელის დონეზე გადაამზადებს, რომლებსაც მწვრთნელის კვალიფიკაცია და “კალა ფონდისგან” სტიპენდიის სახით ყოველთვიური ხელფასი მიეცემათ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი