7 წლის ნინო მახათაძეს ექიმებმა შაქრიანი დიაბეტი დაუდგინეს. პატარას სასაწრაფო მკურნალობა ესაჭიროება, ოჯახს კი საშუალება არ აქვს.
ნათია მარტინენკო, ახალციხე
სოფელ აწყურში მცხოვრები ნინო მახათაძის ცხოვრება 15 დეკემბერს მოულოდნელად შეიცვალა. ვირუსული გრიპით დაინფიცირებული ნინო მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ გოგონას გაცილებით რთული მდგომარეობა ჰქონდა.
“ყოველ ორ საათში ვუსინჯავთ სისხლში შაქრის რაოდენობას, რომ აუწიოს საშიშია. მკურნალობის შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება”, - ამბობს ნინოს მამა მარლენ მახათაძე.
ნინოს დედა, ლალი კალანდაძე ამბობს, რომ საბოლოო დასკვნას, რამ გამოიწვია დაავადება 15 აპრილს მიიღებენ თბილისიდან: “გაირკვევა ასე მოულოდნელად საიდან განვითარდა დაავადება, ან გენეტიკური ხომ არაა”.
ნინო მახათაძის მკურნალობა ამ ეტაპზე, ყოველთვიურად, 600-700 ლარი ჯდება. ოჯახიდან დასაქმებული არავინაა. “რაც კი გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ, გამოსავალს ვეღარ ვხედავთ, - ამბობს ნინოს დედა და გვიხსნის, რომ როგორც ექიმებმა უთხრეს, აუცილებელია ბავშვი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანონ, - ერევანში რომ წავიყვანოთ, 40 000 ლარია საჭირო, სხვა ქვეყანაში უფრო მეტი ჯდება, ჩვენ კი საშუალება არ გვაქვს. ერთადერთი იმედი გვაქვს, იქნებ ვინმე ღვთისნიერი დაგვეხმაროს”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში დახმარების მსურველებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ გამგეობას: ,,ჩვენ ვეხმარებით უმწეობს, სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოიტანონ განცხადება”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი