2005 წელს ბორჯომში ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა დაიწყო, სამშენებლო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. ამჟამად მონასტერში ერთი სქიმონაზონი, მონაზონი, შემოსილი მორჩილი და სამი ახალგაზრდა სამორჩილე ცხოვრობს.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ღვთისმშობლის მონასტრის ეზოში წმინდა ელენეს სახელობის პატარა სამლოცველოა. დედაოები გვიხსნიან, რომ სამლოცველლო სრულიად მოულოდნელად, ერთ კვირაში აშენედა.
“მონასტრის წინამძღვარს მამა ანდრიას სურდა, რომ მონასტრის ეზოში ეკლესია აშენებულიყო, თუმცა სახსრები არ ჰქონდა. ერთხელ დედაომ თქვა, ნეტავ ისე მოემართოს მამა ანდრიას ხელი, რომ ეკლესიის აშენება შეძლოსო. ამ საუბრიდან ორი საათი იყო გასული, მამა ანდრია მოვიდა და გვითხრა, ჩემს ახლობელს მამა გარდაეცვალა და სურს, რომ მის სახელზე ეკლესია ააშენდესო,” - ამბობს დედაო ნინოს დედა.
მონასტერში პირველი ლოცვა იმ დროს იწყება, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს.
“დილის 4 საათზე ვიწყებთ ლოცვას და 6 საათზე ვამთავრებთ. 11 საათზე ვტრაპეზობთ, 11-დან 6 საათამდე კი ყველა ჩვენ მორჩილებას ვასრულებთ, 6 საათზე საღამოს ლოცვაა”, - ამბობს დედაო ნინო.
მისივე განმარტებით, ვნების შვიდეული ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა ქრისტიანულ სამყაროში და სწორედ ამიტომ მონასტერს გაცილებით ბევრი სტუმარი ეწვია: “ყველა ქრისტიანის ვალია ეკლესიაში იაროს, განსაკუთრებით ვნების კვირაში, რადგან სახარების ოთხი თავი იკითხება”.
დედა ნინო 30 წლისაა. მონაზვნად 2009 წლის დეკემბერში აღიკვეცა. 14 წელიწადი ბორჯომში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გალობდა, მუსიკალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მონასტერში ცხოვრობს. ამბობს, რომMმის გადაწყვეტილებას ოჯახშიც სიხარულით შეხვდნენ.
,,ეკლესიაში სიარული ბავშვობიდან დავიწყე, იმ პერიოდში ეკლესიაში ცოტა მრევლი დადიოდა, მოხუცებულებს დაუჯდომელს ვუკითხავდი. მეუფე სერაფიმეს ბორჯომში ჩამოსვლის შემდეგ მრევლმაც მოიმატა და მეც აქტიურად დავდიოდი ტაძარში. ჩემი პირველი მოძღვარი მამა ანდრია იყო”, - გვიამბობს დედაო ნინო და გვიხსნის, რომ უპირველეს ყოვლისა ცხონებაა ძნელი, თორემ სწორი ცხოვრება ერთნაირად რთულია, ერშიც და მონასტერშიც, -,მონასტერში ვცხოვრობ ღმერთისთვის და სხვებისთვის, არ მცალია ჩემი პირადი ცხოვრებისთვის. მაგრამ ეს სულაც არააა ჩემთვის რთული, პირიქით, ძალიან ტკბილია.”
მისივე განმარტებით, ადამიანი როდესაც ინათლება, დებს აღთქმას, რომ ნამდვილი ქრისტიანი იქნება და ქრისტიანულად იცხოვრებს. მაგრამ ნათლობის შემდეგ ეს ავიწყდება და მთლიანად ერზეა მიჯაჭული.
“მოძღვართან სიახლოვე და მისი მორჩილება გვმართებს. ლოცვა თუ გადაარჩენს სრულიად საქართველოს. დღეს ტაძარში მრევლი ზედაპირულად დადის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა არის წუთი სოფელი, გვახსოვდეს მუდამ, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, სადაც ჩვენს საქმეებზე მოგვეთხოვება პასუხი”, - ამბობს დედა ნინო და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს: “მისი მადლი და ძალა შეგვეწიოს, გააძლიეროს ჩვენი ეპარქია და მთლიანად საქართველო”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი