უბინაოდ დარჩენის შიში


 ცხოვრება დაუკანონებელ ფართში, ეკონომიკის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

ბორჯომში, პროფესიული ტექნიკუმის ყოფილ საერთო საცხოვრებელში, ეგრეთ წოდებულფეზეოსკორპუსში, წლების წინ უბინაო ბორჯომელები შესახლდნენ. ისინი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

აღნიშნული კორპუსი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ შენობაში შესვლის ნებართვა წლების წინ იმდროინდელი მთავრობისგან მიიღეს. ახლა ისინი ფართის დაკანონებას ითხოვენ.

,,ჩვენ კორპუსში ისეთი ოჯახები ცხოვრობენ, რომლებსაც ბინები ხანძრის შედეგად დაეწვათ, ან სოციალურად დაუცველები არიან და არასდროს ჰქონიათ სახლი. ასეთი სიტუაციები სხვა ქალაქებშიც იყო და მათ უკვე გადაეცათ დაკავებული ფართი კერძო საკუთრებაში, ჩვენთან კი პროცესი ჭიანურდება”, -ამბობს ,,ფეზეოსკორპუსში მცხოვრები ოთარ ოქრომელიძე.

მისივე განმარტებით, მათ სხვადასხვა პერიოდში მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, პარლამენტსაც კი, რათა აღნიშნული ფართი მათ საკუთრებაში გადასცემოდათ, თუმცა ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.

სასურველი შედეგი რომ ვერ მივიღეთ, იძულებული გავხდით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიგვემართა. ამ უკანასკნელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტს დაავალა, რომ იზრუნოს, რათა აღნიშნული შენობა მათ ბალანსზე გადავიდეს და შემდგომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში მოხდეს ფართის დაკანონება, - ამბობს ოთარ ოქრომელიძე და დასძენს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს უკვე გაუგზავნა შენობის გადაცემის მოთხოვნა, - საჯარო რეესტრში გატარებულია კორპუსი და ელექტრონული ვერსიაც გაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში.”

კორპუსში მცხოვრებლებს არაერთი სხვა პრობლემაც აქვთ: დაზიანებული სახურავიდან წყალი ოთახებში ჩადის, კედლები სველდება, ამორტიზებულია კანალიზაციის ქსელიც.

ერთი შეხედვით ეტყობა კორპუსს, რომ აქ მცხოვრებლებს გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ნესტში გვძინავს, არ არის გამორიცხული ორგანიზმი დაგვიავადდეს”, - ამბობს ოქრომელიძე და ამატებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი მათ დახმარებაზე იმიტომ ამბობს უარს, რომ აღნიშნული შენობა მათი ქონება არ არის. D

მხოლოდ არჩევნების დროს გვპირდებიან, ხმას თუ მოგვცემთ, ბინების დაკანონებაში დაგეხმარებით და მოგიგვარებთ იმ პრობლემებს, რაც გაწუხებთო. როგორც კი არჩევნები მთავრდება, აღარავის ვახსოვართ,”- გვეუბნება გულო ჯავახიძე.
 
20 წელია, იგი ამ კორპუსში ცხოვრობს, პროფესიულ ტექნიკუმში ჭრა-კერვის პედაგოგი იყო: “როდესაც ქვეყანა აირია და სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი აღარ ფუნქციონირებდა, უსახლკარო ბორჯომელები აქ შემოვიდნენ. მეც არ მქონდა საკმარისი საცხოვრებელი ფართი, ორი ოთახი ავიღე და მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე აქ ვცხოვრობთ”.

აქაურები იმასაც ამბობენ, რომ ძალიან რომ არ უჭირდეთ, აქ არ იცხოვრებენ. კანალიზაციის ხშირი გაჭედვის გამო, ფეკალურმა მასამ კორპუსის საძირკველი დააზიანა და შენობა ავარიულობის ზღვარზეა.

ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ სახურავის ნაწილს, მაგრამ ეს არ შველის. ადგილობრივი ხელისუფლება თუ არ დაგვეხმარა, ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ”, - მბობს ჯავახიძე.

იმავე პრობლემებზე საუბრობს ნონა მირიმანოვიც, რომელიც ამ კორპუსში 15 წელია ცხოვრობს: “გვესმის, რომ კორპუსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონება არ არის, მაგრამ ქალაქის ცენტრში ხომ დგას?! დევნილებს ხომ უკანონებენ და უკეთებენ ბინებს, ჩვენც მოგვაქციონ ცოტა ყურადღება”.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია. მან დაადასტურა ეკონომიკის სამინისტროში წერილის გაგზავნის ფაქტი და ჩვენთან საუბარი მოკლე კომენტარით დაასრულა: “ერთი თვის წინ გავგზავნეთ წერილი ეკონომიკის სამინისტროში, პასუხი ჯერ არ მოგვსვლია”.

ფეზეოსკორპუსში მცხოვრებლებს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტს შენობას გადასცემს, შემდეგ კი ფართის დაკანონების პროცესი დაიწყება და საფრთხე, რომ ერთ დღეს შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდნენ, აღარ დაემუქრებათ. 


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი