ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

4 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. 

 თამარ თოთაძე, ახალციხე

 იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულია. წელს მართლმადიდებელმა და კათოლიკე მრევლმა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ერთ დღეს აღნიშნეს.   

 ყველა ქრისტიანესთვის უდიდესი დღესასწაულია. სიხარულით აღვნიშნავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. მთელ ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ აღდგომას. ქრისტე აღსდგა!” - გვილოცავს წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მრევლი ლია ბერიძე.   

 აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას იდღესასწაულება. 

 ბზობა, ამაღლება და აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულებიც იმ ინტერვალით უსწრებენ ან მოსდევენ აღდგომას, რა ინტერვალითაც უსწრებდნენ ან მოსდევდნენ ქრისტე შობიდან 33 წელს, ანუ იმ დროს როდესაც მაცხოვრის აღდგომა მოხდა. 

 აღდგომის დღესასწაული ტრადიციებით გამოირჩევა. ყველა ქრისტიანი ამ დღისთვის კვერცხებს წითლად ღებავს. კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება. წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა. 

 “წითელ პარასკევს კვერცხს ვღებავთ, ხოლო ორშაბათს საფლავზე გავდივართ, რადგან ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ჩვენს მიცვალებულებსაც ვახაროთ”, - ამბობს წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მრევლი ლალი ტეფნაძე.

 აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება დიდი სასწაული, რომელიც ყოველ წელს, ამ დღეს იერუსალიმში ხდება. ეკლესიაში წმინდა ცეცხლი გადმოედინება. ამ სასწაულს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ადევნებს თვალს. აღდგომის ღამეს, საქართველოში, იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩამოაქვთ და ეკლესიებში ავრცელებენ. 

 კათოლიკე მღვდელი, მესხეთის დეკანოზი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი გვიამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს სამლოცველოში შუქი ქვრება. ამ დროს ყველა მორწმინე საკუთარ ცოდვებზე ფიქრობს. მღვდელი გარეთ არის გასული, სადაც კოცონია დანთებული, იკურთხება ცეცხლი, იქიდან ინთება კელაპტარი, მღვდელი შემოდის ტაძარში და გალობით ამბობს, “ქრისტეს სამყაროს ნათელი”, ირეკება ზარი და ყველას ვახარებთ, რომქრისტე აღსდგა”.

 აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რადგან ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ადამიანებთან, როგორც ამ დღეებში.

 ბრწყინვალე შვიდეული კვირიაკით გვირგვინდება, რომელსაც მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, ანუ ახალ კვირას, ხოლო კათოლიკეები გულმოწყალების კვირას უწოდებენ.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი