მანანა სარაშვილი, ახალციხე
საჯაროს სკოლების რეაბილიტაციის, ეგრეთ წოდებული “ალუმნი”-ის პროექტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საჯარო სკოლების დახმარების პროგრამის პირველი ვარიანტის მიხედვით, საკუთარ სკოლებს წარმატებული ადამიანები უნდა დახმარებოდნენ. “სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბები შეიქმნება, რათა ბავშვები პირადად შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს”, - განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
თუმცა, პედაგოგებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სკოლების დახმარება არამხოლოდ წარმატებულ ადამიანებს, ყველა საჯარო პირს სთხოვა. ამავე დროს, ეს უკვე იყო ფინანსური დახმარების რეკომენდაცია და არა პირადი შეხვედრები მოსწავლეებთან.
წელიწადში ერთხელ საჯარო პირებმა სკოლას ხელფასიდან გარკვეული ოდენობის თანხა უნდა გადაურიცხონ. თუ საჯარო სამსახურის თანამშრომელს ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, მაშინ სკოლის ანგარიშზე სულ მცირე 50 ლარი უნდა გადარიცხოს, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს, სულ მცირე 100 ლარი.
პროექტის მიხედვით, სკოლებში გადარიცხული თანხა ღვაწლმოსილი პედაგოგების დასახმარებლად და სკოლების მატერიალური-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად გადანაწილდება.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლების დახმარების პროგრამა ნებაყოფლობითია. თანხის გადარიცხვამდე თითოეულმა სახელმწიფო მოხელემ განცხადება დაწერა, რომ მას სურვილი აქვს, საკუთარ სკოლას დაეხმაროს. მის მიერ მითითებულ სკოლაში თანხა მხოლოდ ამ განცხადების საფუძველზე ირიცხება.
სააჯარო პირების ნაწილი ინიციატივას დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ფურცელს ხელიც ნებაყოფლობით მოაწერა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო დემეტრაძემ ყოფილ სკოლას თანხა უკვე გადაურიცხა: “მოვყევი იმ სიაში, რომელთაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვთ და მშობლიურ პირველ საჯარო სკოლაში უკვე გადავრიცხე 50 ლარი”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსმა იური ზარიძემ, ასევე, 50 ლარი ჩაურიცხა სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლას: “მართალია ეს ბევრს ვერაფერს გაუკეთებს სკოლას, მაგრამ თუ მხარში მდგომი ბევრი ეყოლება, მაშინ ნამდვილად წაადგება”.
ფულის გადარიცხვა ყველა საჯარო პირს დაევალა, თანხაც ყველამ გადარიცხა, ოღონდ ეს ყველას სიამოვნებით არ გაუკეთებია. რამდენიმე საჯარო პირმა, რომელთაც გასაგები მიზეზების გამო არ გაგვიმხილეს ვინაობა, გვითხრეს რომ ფურცელზე ხელი ისე მოაწერინეს, არ უთქვამთ თანხის გადარიცხვა ნებაყოფლობითი რომ იყო. გარდა ამისა, მათთვის ისიც არ აუხსნიათ, რომ 50 და 100 ლარი მკაცრი მოთხოვნა არ იყო და სურვილის მიხედვით სხვა ოდენობის თანხის გადარიცხვაც შეეძლოთ. მათ ხელი მოაწერეს თანხმობის ფურცელს და შესაბამისი ოდენობის თანხები ხელფასებიდან ჩამოეჭრათ.
ოფიციალური კომენტარისგან ასეთი რესპონტენტები თავს იკავებენ. ისინი ამბობენ, რომ 50 ან 100 ლარის გულისთვის სამსახურში პრობლემებს არ შეიქმნიან. თუმცა, “გადასახადების სახით ბიუჯეტში უკვე იხდიან ფულს და სკოლების დახმარებისთვის თანხაც აქედან უნდა გამოიყოს და არა ხელფასებიდან”.ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში ახალი პროექტი შრომითი უფლებების აშკარა და უხეშ დარღვევად შეაფასა: “საქმე კანონის დარღვევასთან გვაქვს. არ შეიძლება ადამიანი დაავალდებულო და ამა თუ იმ პროექტში თანხის ჩარიცხვა საკუთარი სურვლის საწინააღმდეგოდ აიძულო. ეს ცხადყოფს, რა დონის სახელმწიფოებრივ სისტემასთან გვაქვს საქმე”.
მისივე განმარტებით, ყველას თავისი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ვერავინ აიძულებს გასამჯელოდან თანხა სადმე გადარიცხოს ქველმოქმედების მიზნით.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი