23 აპრილს ახალციხის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. უმრავლესობა რელიგიურ თემაზე იყო შესრულებული.
ფერწერა, გრაფიკა, თექა, პლასტელინი, ხესა თუ თაბაშირში შესრულებული ნიმუშები, სამხატვრო სკოლის ასამდე მოსაწავლემ ერთი სამესტრის განამავლობაში მოამზადა.
“ცოტა კი დაგვიგვიანდა, მაგრამ სააღდგომო თემატიკაზე გვაქვს გაკეთებული კვერცხები. უმრავლესობა თაბაშირშია დამზადებული და სხვდასხვა კომპოზიციებითაა წარმოდგენილი”, - გვიხსნის სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე.
თითო მოსწავლეს გამოფენაზე მინიმუმ ოთხი ნამუშევარი ჰქონდა გამოტანილი. პირველკლასელ მარიამ ჭელიძეს ზღაპრის გმირები ჰყავდა წარმოდგენილი, მერვე კლასის მოსწავლეს მარიამ წიკლაურს კი მოხატული კვერცხები.
“სასიამოვნოა, როცა შენ ნამუშევრებს ათვალიერებენ, ინტერესით აკვირდებიან. ეს სტიმულს გმატებს, რათა სამომავლოდ მეტი გააკეთო”, - ამბობს მარიამ წიკლაური.
გამოფენის დაწყებისას სამხატვრო სკოლა ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის დეკანოზმა იოანე გელაშვილმა აკურთხა.
“მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოსმეტიკური რემონტი, შემოსასვლელი კიბეები, კარი და სველი წერტილები გაგვიკეთა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეს გარემონტებული შენობა გვეკურთხებინა”, - ამბობს ნანა ნათენაძე.
გამოფენა საგამოფენო დარბაზში თვენახევრის განმავლობაში დარჩება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. თვენახევრის შემდეგ კი მას
სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა შეცვლის.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი