საქართველოს სომეხთა სათვისტომომ და სომეხ სტუდენტთა კავშირმა ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს და გენოციდის საკითხის წამოწევისკენ მოუწოდეს. უნდა აღიაროს თუ არა საქართველომ სომეხი ერის გენოციდი? - საზოგადოების აზრი ორად იყოფა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
“წელს 95 წელიწადი შესრულება 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის განხორციელებიდან – ეს იყო XX საუკუნის პირველი გენოციდი. გენოციდის შედეგად საკუთარ ისტორიულ სამშობლოში განადგურებულ იქნა დაახლოებით ორი მილიონი სომეხი. გენოციდი განისაზღვრება, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა მასზე არ მოქმედებს”, - ნათქვამია მიმართვაში.
ახალციხეში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა ამ მოთხოვნის შესახებ არაფერი იციან.
“არ გაგვიგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები კი არა, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური სომეხი შეუერთდებოდა”, - ამბობს ჟენია თუმასიანი.
2002 წლის აღწერების მიხედვით სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა 207 598 შეადგენს, აქედან 89 995 ქართველია, 113 347 კი ეთნიკურად სომეხი.
“ეთნიკური სომხების გენოციდი არაერთმა ქვეყანამ აღიარა. ქართველებიც თუ აღიარებენ, ეს სომეხი ერის პატივისცემა იქნება. თუმცა, გენოციდის საკითხი არ უნდა იქცეს გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზად”, - ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანი.
24 აპრილი სომეხი ერისთვის გლოვის დღეა. ყველგან, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, ამ დღეს 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპული მილიონნახევარი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. ახალციხეში მცხოვრები ეროვნებით სომეხი მოქალაქეები 24 აპრილს გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.
“ახალციხეში მემორიალი ვარდების რევოლუციის შემდეგ დადგეს, მანამდე “სომხების სასაფლაოზე” ვაწყობდით მშვიდობიან მანიფესტაციას”, - გვიხსნის მურადიანი.
სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საქართველოს მხირდან გენოციდის აღიარებაზე ყოველწლიურად მხოლოდ ასეთ შეხვედრებზე საუბრობს. საჯაროდ ხელისუფლებისთვის მათ დღემდე არ მიუმართავთ.
“რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება?! დღეს თუ ხვალ ეს საკითხი ამ დონეზე დღის წასრიგში მაინც დადგებოდა. ახალციხეში მცხოვრები ეთნიკური სომხები სახელმწიფოსგან გენოციდის აღიარებას დიდი ხანია, ელიან”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.
25 წლის ამალია სარქისიანის თქმით, სომეხი ერის გენოციდი ჯერ საქართველომ უნდა აღიაროს და შედეგ მას უნდა მიბაძონ მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც: “საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები იმ ხალხის შთამომავლები ვართ, რომელიც გენოციდს გადაურჩა. ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, პატივისცემას გამოხატავენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ”.
ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან ამგვარი მოთხოვნები ერებს შორის ურთიერთობებს ართულებს: “ეს გააუარესებს საქართველო-თურქეთის, ასევე ევროპასთან ურთიერთობას. არანაკლები ისტორიული მტრები გვყოლია ჩვენც, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად უკან ყურება”.
მესხიშვილს არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე: “თუ ეს ფაქტი დასტურდება, რატომ არ უდნა ვაღიაროთ?! რას დააკლებს ეს ჩვენს მსოფლიო პოლიტიკას?! ყველაფერი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად რომ არ იყოს ქცეული, ჩვენც უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვასილ ბერიძის განცხადებით, ეს საერთაშორისო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია: “ასეთ შემთხვევაში ფაქტის დადასტურება ძალიან რთულია, იმის მიუხედავად, რომ მრავალი საგამოძიებო ორგანო არსებობს. ეს ორ ერს შორის გასარკვევი და გადასაჭრელი საკითხია”.
ისტორიკოს ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოს მხრიდან სომეხი ერის გენოციდის აღიარება პოლიტიკური ნაბიჯი იქნება და არა ისტორიული შეფასება: “თუ ამას თურქეთი აღიარებს და საქართველოც მიუერთდება, ეს სხვა საკითხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურად შეიცლება ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან. საქართველომ არ უნდა აღიაროს ეს და ასე არც მოხდება”.
ახალკაცს ეთანხმება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც: “საქართველომ არ უნდა აღიაროს გენოციდი. საქართველოს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე თურქეთს”.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უფლება არ აქვს, რომელიმე მეზობელთან ურთიერთობა დაძაბოს: “საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები გაგებით უდნა მოეკიდონ ასეთ საკითხებს. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ პეტიციების გადაცემის უფლება ხელისუფლებისთვის, მაგრამ მზად უნდა იყვნენ არგუმენტირებული უარყოფის მისაღებად”.
ზაქარეიშვილის განმარტებით, პროტოკოლით, რომელსაც ხელი მოაწერეს თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა, გათვალისწინებულია ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელიც გამოიკვლევს გენოციდის გარემოებებს: “ალბათ უკეთესი იქნება, თუ საქრთველო დაელოდება ამ კომისიის დასკვნას. ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როცა თურქეთის საზოგადოებაც და სახელმწიფოც აღიარებს ამ ფაქტს. ეს საკითხი თურქული საზოგადოების პრობლემაა და არა სომხური საზოგადოების”.
საქართველოს მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხი ყოველი წლის აპრილში აქტიური ხდება, თუმცა, წელს ის მთავრობის დონზე პირველად დაისვა. რას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება და როდის აღიარებს თავად თურქეთი სომხების გენოციდს, მომავლი გვიჩვენებს. მანამდე კი, 24 აპრილს, სომეხი ხალხი დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი