უცხოელი მასწავლებლები ინგლისურის მასწავლებლებად და დანამატი ხელფასზე
ინგლისურის მცოდნე პედაგოგებს
1 სექტემბრიდან იწყება ახალი საგანმანათლებლო პროგრამა “ისწავლე
და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების
ჩამოყვანას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იმ პედაგოგს, რომელსაც ინგლისური ენა ეცოდინება,
ხელფასზე დანამატი დაერიცხება. პედაგოგების ნაწილი ორივე ინიციატივას უარყოფითად შეხვდა.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.
1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანა აშშ-დან, კანადიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან
და ახალი ზელანდიიდან იგეგმება. უცხოელი პედაგოგები ახალი სასწავლო წლიდან ქართველ
კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
პედაგოგები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ. ორი თვის განმავლობაში
ქვეყანას გაეცნობიან და სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ქართული
ენა. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების ნახევარს
მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროგრამაში
მონაწილე უცხოელი პედაგოგები ანაზღაურებას არ მიიღებდნენ და ისინი უბრალოდ მოხალისე
პდაგოგები იქნებოდნენ, თუმცა ირკვევა და ამას უკვე განათლების სამინისტროს ოფიციალური
ვებ-გვერდიც იუწყება, რომ ინგლისური ენის პედაგოგები თვეში 500 ლარს მიიღებენ. გარდა
ამისა, ვებ-გვერდზე, სადაც უცხოელი პედაგოგების დარეგისტრირება მიმდინარეობს, ის პირობებია
ჩამოთვლილი, რომელსაც მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
“საქართველოს
მთავრობა მზად არის, შემდეგი პირობები შესთავაზოს უცხოელ პედაგოგებს: ადგილობრივ ოჯახებში
ცხოვრება, სამედიცინო დაზღვევა, სამსახურეობრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება,
ერთი შვებულების ბილეთის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით
და უსაფრთხო გარემო” (წწწ.ტლგ.გოვ.გე).
პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ უცხოელ მასწავლებლებს მათზე მეტი ხელფასი არ უნდა ქონდეთ. ისინი ფიქრობენ, რომ
ამით მათი იმიჯი შეილახება.
“ვიცოდით, რომ ისინი მოხალისეებად ჩამოდიოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყოველთვიური ანაზღაურებაც ექნებათ, თან ჩვენ ხელფასებზე ორჯერ და სამჯერ მეტი. ეს ჩვენს ავტორიტეტზე ძალიან იმოქმედებს”, -ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლია მელიქიშვილი.
მისივე განმარტებით, ბავშვებმა იმ დონეზე არ იციან ინგლისური, რომ უცხოელი პედაგოგის გაკვეთილი სრულყოფილად გაიგონ: “როდესაც ბავშვს ინგლისურენოვანი პედაგოგი უტარებს გაკვეთილს, ჩვენ თარჯიმნის როლში ვართ, გაკვეთილის ხელმეორედ ახსნა გვიწევს”.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ციალა ბერიძეს. მისი თქმით, პროგრამა შეცვლილი სახით უნდა განხორციელდეს: “ქართველი პედაგოგები უნდა გაუშვან უცხოეთში სტაჟირებაზე და არა ისინი ჩამოიყვანონ. ჩვენ უფრო კარგად ვიცით, როგორ ვიმუშავოთ ჩვენს ბავშვებთან”.
უკმაყოფილებას პედაგოგები მეორე ინიციატივის გამოც გამოთქვამენ. პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც ინგლისური ენა და კომპიუტერი იცის, ხელფასზე დანამატი დაერიცხება.
“ამ ინიციატივას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. ნამდვილად გამიჭირდება ინგლისური ენის სწავლა, როგორც ყველა ჩემი ასაკის პედაგოგს და ამიტომ ნაკლები ხელფასი უნდა ავიღოთ?! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საგანი ძალიან კარგად ვიცი? - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი მაია მექვაბიშვილი და აქვე განმარტავს, რომ არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში ინგლისური ენის ცოდნა ყველა პედაგოგს მოსთხოვონ: “შესაძლებელია, შემდეგ ინგლისური ენის სწავლა სავალდებულოც გახდეს. რატომ მაინცდამაინც ინგლისური?! რა ზემოქმედებაა?! საერთოდ, პედაგოგებს რატომ გვრევენ პოლიტიკაში?!”
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტის,
მაია ლიპარტელიანის თქმით, პედაგოგების ჩამოყვანის იდეა მისაღებია იმ თვალსაზრისით,
რომ საქართველოს მთიანი რაიონის სოფლების, უმრავლეს სკოლებში ინგლისური ენის პედაგოგები
არ ჰყავთ. მაგრამ აქვე იგი საფრთხეებზეც საუბრობს: “უცხოელების ჩამოყვანის ძირითადი კრიტერიუმი არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ
უცხოელობა, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პედაგოგები”.
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში მითითებულია, რომ სასერტიფიკაციო
გამოცდის ჩაბარება არ ევალება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განათლება თავის ქვეყანაში
აქვს მიღებული. დებულების თანახმად, უცხო ქვეყნის
მოქალაქე შეიძლება მასწავლებელი არც იყოს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიეცემა
პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნული ჩანაწერი მაია ლიპარტელიანს
გაუმართლებლად მიაჩნია: “ვფიქრობ, რომ ეს არის
დისკრიმინაცია საკუთარი ქვეყნის პედაგოგების მიმართ. აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს
პედაგოგიური განათლება. ასევე, უნდა შემოწმდეს რამდენად კვალიფიციურად ფლობენ საგანს
და აქვთ თუ არა ამ საგნის სწავლების უნარი”.
მაია ლიპარტელიანი ასევე დისკრიმინაციად მიიჩნევს, ინგლისური ენის
ცოდნის გამო პედაგოგებისთვის ხელფასის მომატებას: “ცხადია, ადამიანმა რაც მეტი ენა იცის, მით უკეთესია, მაგრამ პედაგოგმა პირველ
რიგში ის საგანი უნდა იცოდეს, რასაც ასწავლის. სახელმწიფომ უნდა შეძლოს მათი კვალიფიკაციის
ამაღლება. ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით ხელფასის მომატება გაუმართლებლად მიმაჩნია”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი