1871 წელს აშენებული შენობა, რომელზეც ებრაული წარწერაა შემორჩენილი და ერთ-ერთია საქართველოში არსებულ ებრაულწარწერიან შენობებს შორის, დანგრევის პირასაა. ამ სახლში მცხოვრებ სამ მარტოხელა ქალბატონს მისი შეკეთების სახსრები არ აქვს.
თამარ თოთაძე, ახალციხე
შენობა ახალციხის უძველეს უბანში, რაბათში მდებარეობს. ამ დასახლებას ძველად “ებრაელების უბანს” უწოდებდნენ, რადგან ძირითადად ებრაელები ცხოვრობდნენ.
მაიაკოვსკის ქუჩის #14-ში მდებარე ორსართულიანი სახლი 1871 წელს რომ აშენდა, ამას სადარბაზოში, შესასვლელ თაღზე არსებული წარწერა მოწმობს. აქაურები ამბობენ, რომ წარწერა ებრაულია და ასე
იშიფრება: “კარგი კაცი”. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შენობა ებრაელმა კაცმა ააშენა, რომელსაც, სავარაუდოდ, მეტსახელად “კარგ კაცს” ეძახდნენ.
1950 წელს ამ სახლში იგითხანიშვილების ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. მათ მეორე სართულის ორი ოთახი დაიკავეს. მანანა იგითხანიშვილი იხსენებს, რომ 80-იან წლებში სახლს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, მას შემდეგ კი აღარ შეკეთებულა: “მამაჩემი მდიდარი კაცი იყო, მაგრამ მერე ბაბუა “გამიკულაკეს” და სახლი დაგვინგრიეს. პატარა ვიყავი ეს ბინა რომ მოგვცეს, ჩემი და ამ სახლში დაიბადა. მოგვიანებით მცირედი რემონტიც გაგვიკეთეს, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა”.
ორ ოთახში, სადაც მანანა იგითხანიშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს, კედლები დაბზარულია. წვიმის დროს სახურავიდან წყალი ოთახებში ჩადის და გადავარდნის პირასაა შემინული აივნის შუშაბანდის ჩარჩოებიც: “ყოველი მიწისძვრის მერე სახლი თავზე გვენგრევა, კედლები დაწეულია და ჩემი 90-ლარიანი პენსიით შეკეთებას ვერ ვახერხებ”.
პირველ სართულზე სარდაფი, საპირფარეშო და ერთი საცხოვრებელი ოთახია. აქ მისი და,
ფანია იგითხანიშვილი ცხოვრობს. წლების წინ, დისშვილის ავადმყოფობის გამო, საკუთარი ბინა გაყიდა და აღნიშნული ოთახი 500 დოლარად იყიდა.
“ჯერ ვერც გადავიფორმე, 50 ლარი უნდა ჩემს სახელზე რომ გავაფორმო, არც ის 50 ლარი მაქვს”, - ამბობს ფანია იგითხანიშვილი, რომელიც თავს 30-ლარიანი ხელფასით ირჩენს. შვილი წლების წინ დაეღუპა და ახლა მარტო ცხოვრობს.
80 წლის ვარვარა პაპიკიანი ამ სახლში საცხოვრებლად 1973 წელს გადმოვიდა. ისიც მარტოხელაა, ოთხი წლის წინ მასაც შვილი დაეღუპა და მას შემდეგ მეორე სართულის ორ პატარა ოთახში მხოლოდ საკუთარი პენსიის იმედად ცხოვრობს.
ამ შენობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ განსაკუთრებით სარდაფის კედელია დაზიანებული. ამის გამო აივანი უკვე იმდენად დაიწია, რომ თაღი, რომლზეც წარწერაა ნახევრად დაიფარა.
ფანია იგითხანიშვილი ამბობს, რომ 10 წლის იყო, როცა აივანი შემინეს, მას შემდეგ 50 წელი გავიდა: “აივანი უკვე გამწვანებულ ბოძებზე დგას. დამპალია და აუცილებლად უნდა შეცვლა. ეს ბოძები რომ გადმოვარდეს, მთელი სახლი წამოვა, გამვლელსაც დავაზიანებთ და ჩვენც დავზიანდებით”.
მათი თქმით, ამ უბანს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. აქვე ებრაელების სინაგოგაა შემორჩენილი, რომელიც სახლის აივნიდანაც კარგად ჩანს.
“ისრაელიდან ტურისტები მეჩეთის სანახავად ხშირად მოდიან. ჩვენც გვთხოვენ, სახლი ვანახოთ, ფოტოებს იღებენ. მაგრამ გვერიდება, ამ დანგრეულ სახლში რომ შევიყვანოთ”, - ამბობს მანანა იგითხანიშვილი.
მისივე თქმით, გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პირადად მიმართა. უთხრეს, რომ განცხადება დაეწერა და პასუხიც მიიღეს.
“უახლოეს მომავალში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისია განიხილავს თქვენს განცხადებას, რის შემდეგაც თქვენ გეცნობებათ წერილობით”, - ნათქვამია განცხადების პასუხში. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა იგითხანაშვილებს გამგეობიდან აღარავინ გამოხმაურებია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ გასული წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები ვერ გამონახეს. გარდა ამისა, შენობა მოქალაქეების კერძო საკუთრებაა და მათ
იურიდიულად უფლება არ აქვთ, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ.
“შარშან წვიმიანი წელი იყო და თავს ვერ ავუდიოდით წვიმისგან დაზარალებული სახლების შეკეთებას, ვეხმარებოდით მხოლოდ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი და გვაიმედებს, რომ წელს სახსრებს გამონახავს და შენობის მცხოვრებლებს სამშენებლო მასალებით აუცილებლად დაეხმარება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი