16 აპრილს ივერიელის ქუჩის ტროტუარზე, ეპილეფსიის შეტევით უცნობი მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა მის სავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. თამუნა უჩიძე, ახალციხე
შემთხვევა ახალციხის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაახლოებით დღის 11 საათზე, მამაკაცი გასაყიდად დაწყობილი ხილისა და ბოსტნეულისაგან სამი-ოთხი მეტრის მოშორებით დაეცა.
“პირიდან სისხლი და სისველე სდის, კრუნჩხვა აქვს. სასწრაფოში დავრეკე და მიპასუხეს, დილით ვიყავით და მეორედ აღარ მოვალთ, ჩვენ სად წავიყვანოთო”, - გვიამბობს ახალციხის აგრარგული ბაზრის მოლარე რუსუდან გაჩეჩილაძე.
გაჩეჩილაძემ, როგორც თავად აცხადებს, ახალციხის საპატრულო პოლიციასაც მიმართა: “მითხრეს, ჩვენ მაგას ვერსად წავიყვანთ, მაგნაირების ადგილი არ გვაქვს, დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ვერ გადავიყვანთო”.
თვითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი ბაზარში ორი-სამი წლის წინ ხშირად ჩანდა.
“კარგა ხანია, აღარ დაგვინახავს. დღეს ისევ გამოჩნდა. აქ დაალევინეს, სასადილოდან თავისი ფეხით გამოვიდა და კართან დაეცა”, - გვიხსნის გამყიდველი ნინო ზაზაშვილი.
იქ მყოფთაგან უცნობის ვინაობა არავინ იცოდა.
“როგორც ვიცი, ავღანისტანში ომში მსახურობდა, ტყვედაც ჩავარდნილა”, - ამბობს სარქის აკოფიანი.
უცნობს ჯიბეში მართლმადიდებლური საეკლესიო ჟურნალი, “ლოცვანი”, ცარიელი საფულე და სამედიცინო საბუთები აღმოაჩნდა. ორადგაკეცილ ფურცელზე თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ეპილეფსიის ცენტრის მისამართი ეწერა.
“პაციენტის ან მეურვის ხელმოწერა: ხვიჩა ოთარიშვილი.
უფროსი ექიმი: კოშაძე.
გარემოს შეფასება: უსახლკარო.
აღენიშნება კრუნჩხვა. მედიკამენტებზე ალერგია არ აქვს.
უარს ვაცხადებ ჰოსპიტალიზაციაზე”, - წერია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ ბარათში (¹167).
ახალციხის სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს “სამხრეთის კარიბჭეც” დაუკავშირდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე გამოძახებიდან 15 წუთში მოვიდა. მათ გვითხრეს, რომ ამ მოქალაქეს სასწრაფო დახმარების სამსახურში დიდი ხანია, იცნობენ და იგი გენადი ჯანაშვილია.
“ეს პირველი შემთხვევა არაა. დღეს უკვე მეორედ მოვედით. ეპილეფსია აქვს და მისთვის დალევა არ შეიძლება, - ამბობს ახალციხის სასწარაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ნინო მანველიშვილი, - “დიაზეპამი” გავუკეთეთ დილითაც და ახლაც, ეს პრეპარატი კრუნჩხვას ხსნის”.
ნემსის გაკეთების შემდეგ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ივერიელის ქუჩა ისე დატოვა, რომ პაციენტი სტაციონარში არ გადაუყვანიათ.
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის ვაჟა ჩიტაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახური ვლადებულია, პირველადი დახმარება აღმოუჩინოს მამაკაცს: “თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწრაფო თუ ვერ ახერხებს ამ ადამიანის ფეხზე დაყენებას, მაშინ წაიყვანონ იქ, სადაც მიხედავენ. გონებაზე მოსვლის შემდეგ სამართალდამცავები გაარკვევენ, აქვს ჩადენილი რაიმე დანაშაული თუ არა”.
ახალციხის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის კოტე დგებუაძის განცხადებით, ჯანაშვილისნაირ პაციენტებს საავადმყოფო არ ღებულობს: “არ ვიცით, ვინაა, უმწეოა თუ არა, აქვს პოლისი თუ არა. გარდა ამისა, პაციენტი თავად წყვეტს, უნდა მას სტაციონარში გადაყვანა თუ არა”.
მისი განცხადებით, ჯანაშვილი “დიაზეპამის” გაკეთების შემდეგ გონზე მოდის: “საავადმყოფოში რომ მიიყვანო, გონზე მოვა და წამოვა. ჯანაშვილის საკითხი პოლიციამ უნდა გაარკვიოს. ამასთანავე, იგი ქრონიკული ავადმყოფია, დისპანსერული მკურნალობა სჭირდება”.
ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის დირექტორის ლამარა კიკნაძის განმარტებით, გენადი ჯანაშვილი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ამიტომ იგი დისპანსერულ აღრიცხვაზე არაა: “ამდენად ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ”.
ვიდრე გაირკვევა, ვინაა პასუხისმგებელი ჯანაშვილის მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე, მსგავსი შემთხვევებისას ადამიანები რამდენიმე საათს მზის ქვეშ, ტროტუარზე უყურადღებოდ იწვებიან. ყველა გამვლელს ერთი და იგივე კითხვა გაუჩნდება: დაურეკეთ სასწრაფოს? და პასუხიც ერთი და იგივე იქნება: “ხო, მაგრამ არ მოვიდნენ!” ან, “მოვიდნენ და არ წაიყვანეს!”
ესენი ქაღალდებს უფრო უყურებენ ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს. რას ვიზამთ, საქართველოსნაირ დამპალ ქვეყანაში ასე ხდება.
ReplyDeleteვინ უყურებს ქაღალდებს ? აბა ერთი კარგად დაფიქრდით რას მიედმოედებით. მე მიმუშავია სასწრაფოში პრაქტიკით, ჯერ ერთი თქვენი საიდანღაც მოთხრილი კანონების მიხედვით სასწრაფო ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე პაციენტის გამოძახებით ორჯერ არ მიდის, არ შეიძლება! მეორეც, ეგეთ უსახლკაროებს როგორც წესი არავინ მოჰყვება საავადმყოფოში იმ "კეთილ" ხალხთაგან, რომელიც "გულთან მიიტანს" მათ გასაჭირს და ამაზე ხმამაღლა ყვირიან.და კიდევ, მასეთების სტაციონარში გადაყვანისას, სასწრაფოსაც კარგად ხვდება რომ იცოდეთ! იმაზე რატომ არ ლაპარაკობთ ზოგიერთებს ტაქსის გამოძახება რო ეზარებათ და სასწრაფოს იძახებენ და ბარგჩალაგებულები მომზადებულნი ხვდებიან რომ გადაიყვანოს სასწრაფომ. წნევის გასაზომად რომ ურეკავენ და მათთან დაკარგული დროის განმავლობაში სადღაც ვიღაცა შეიძლება მოკვდეს. სასწრაფოს კი ნუ ადანაშაულებთ, პასუხი "ზემოთ" მოითხოვეთ, იქ სადაც კანონები იქმნება და დგება და ხელი ეწერება. ან რა საჭიროა, რაიონში როცა სულ 3–4 მანქანა მუშაობს, პრეზიდენტის ჩასვლისას აქიდან ერთს რო ესკორტს მიამაგრებენ, პრეზიდენტთან მაინც არავინ მიუშვებს სასწრაფოს ექიმებს, მას თავისი ჰყავს, ისეთი შემთხვევაც გამიგია კაცი კვდებოდა და ესკორტის წევრები სასწრაფოს მიათრევდნენ და დახმარების საშუალებას არ აძლევდნენ.
ReplyDelete24 საათიან დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა, და 300 ლარს სჯერდებიან. :@ კარგით რა ხალხო, მედიცინას საქართველოში მალე დედა ეტირება, თქვენ ვერ აფასებთ ექიმებს, აი ნახავთ.