განათლების სისტემაში ისევ ცვლილებებია. მიმდინარე წლის სექტემბრიდან პირველკლასელები დედაენის ნაცვლად წერა-კითხვას, სავარაუდოდ, მინი-ლეპტოპების დახმარებით ისწავლიან. ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მანანა სარაშვილი, ახალციხე
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ ინიციატივაზე ქუთაისში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მინი-ლეპტოპს მიიღებს, რომელიც სპეციალურად მათთვის დამზადდება. ლეპტოპებში სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული და მომდევნო წელს ახალი პროგრამით შეიცვლება. მოსწავლე კომპიუტერით რამდენიმე წელი ისარგებლებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერების პროგრამულ სისტემას ეროვნული სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ნოუთბუქის გამოყენება მშობლებზე იქნება დამოკიდებული: “თუ ექნებათ საშუალება და სურვილი, იყიდიან წიგნს, თუ არა და გამოიყენებენ ნოუთბუქს, რომელსაც სახელმწიფო საჩუქრად გადასცემთ”.
მინისტრის ამ განცხადებას არ ეთანხმება ერთ-ერთი მშობელი: “როცა ბავშვების დიდი ნაწილი წიგნის ნაცვლად ლეპტოპს გამოიყენებს, ვერც შვილს აუკრძალავ სკოლაში ნოუთბუქის ტარებას. ბუნებრივია, ის თვითონ მოგთხოვს ამას, ასე რომ, მშობელზე დამოკიდებული აღარ იქნება. ვერ წარმომიდგენია ბავშვმა დედაენა კომპიუტერში ისწავლოს”.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალციხეში მცხოვრებ ჯილდა უჩიძეს, რომელმაც შვილი სექტემბერში პირველ კლასში უნდა მიიყვანოს: “ვისაც სახლში კომპიუტერი არ აქვს, მათთვის ალბათ არასასურველია. პირველკლასელი ჯერ კიდევ იმ ასაკშია, როცა კომპიუტერი მხოლოდ სათამაშო ჰგონია, მისთვის ეს ახალი ნივთია და ძნელი იქნება გაკონტროლება იმ თვლსაზრისით, რომ გაკვეთილზე ყურადღებით იყოს”.
მშობელი შორენა გიქოშვილი ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე, კალიგრაფიისა და კითხვის კულტურის განუვითარებლობაზე საუბრობს: “გასაგებია, რომ ეს ახალი პროგრამა იმისთვის არის, რომ მოხდეს ბავშვების განვითარება, თუმცა ვფიქრობ, რომ პირიქით მოხდება. ახლანდელი თაობა ისედაც კომპიუტერზეა გადასული და წიგნები აღარ აინტერესებთ, ამაში კი ახლა სახელმწიფოც უწყობს ხელს”.
პედაგოგების ნაწილი სიახლეს დადებითად შეხვდა, თუმცა არის საკითხები რომლებსაც არც ისინი ეთანხმებიან.
“სიახლე ბავშვებისთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც. თავიდანვე შეეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას, რაც დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მშობლებს აღარ მოუწევთ ძვირადღირებული წიგნების ყიდვა, ბავშვს კი მძიმე ჩანთის ტარება, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელი დალი დევრიშოვი, თუმცა აქვე პროგრამის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს: სექტემბრიდან ახალი კლასი უნდა ავიყვანო და ვფიქრობ, რომ ბავშვებს ისევ წიგნის დახმარებით ვასწავლო. მაინც ვფიქრობ, რომ კომპიუტერით ბავშვს ვერც კალიგრაფიაში ვამუშავებთ და ვერც კითხვაში”.
მეექვსე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი თია ფოცხვერიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი მოთხრობას ან ლექსს წიგნიდან წაიკითხავს თუ კომპიუტერიდან: “ახლი ინიციატივა ბავშვებს საშუალებას მიცემს, უფრო მეტად დაინტერესდნენ სწავლით. რა მნიშვნელობა აქვს, კომპიუტერით ისწავლიან თუ წიგნითს”.
პედაგოგების ნაწილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირებაზე უარი თქვა. მათ გაანცხადეს, რომ ჯერ გარკვეული ინფორმაცია არ აქვთ და ვიდრე კომენტარს გააკეთებენ, დაფიქრება სჭირდებათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თიკო ლობჟანიძე ამბობს, რომ ახალ ინიციატივას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც: “ახალი პროგრამა გარკვეულწილად მისაღებია, თუმცა არსებობს საშიშროებებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მოხდება საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერების გამოყენება. ვფიქრობ, რომ ჯერ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ ამ საკითხზე”.
განათლების სამინისტროს განმარტებით, ახალი სასწავლო პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე და დამუშავების პროცესშია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი