მოსახლეობა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შესახებ
30 მაისს ვისთვის საპარლამენტო არჩევნებია, ვისთვის საპრეზიდენტო, ზოგი საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას და ზოგიც მარტო თბილისის მერს ირჩევს. წინაასარჩევნო მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში.
- ,,პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, ეს თარგამაძე კი აქტიურობს, მარა არაფერი გამოუვა”.
- ,,მე უგულავას ვაძლევ ხმას, ააყვავა თბილისი და ახალციხესაც მალე დაატყობს თავის ხელს”.
- ,,რა არჩევნები, რის არჩევნები?! მეცინება უკვე ისეთი კომიკური სიტუაცია გვაქვს”.
- ,,ისევ თამაზ პეტრიაშვილი (ახალციხის მუნიციპალიტეტის დეპუტატი) უნდა ავირჩიოთ”.
- ,,მერის არჩვევნებია თბილისში, ეგ ვიცი, მეტი არაფერი”.
49 წლის ანაიდა გაბრიელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის მკვიდრია. პროფესიით ბუღალტერია და ამჟამად ახალციხის აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის პროდუქტს ყიდის. ოჯახს ამით არჩენს. ხუთი შვილის დედა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა არჩევნები.
,,შვიდსულიან ოჯახში არავინ ვმუშაობთ, მარტო სოფლის საქმე. აბა რაში მეკითხება, არჩევნები იქნება თუ არა?” - ამბობს იგი.
ანაიდა გაბრიელიანისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი გაძვირებულია და გლეხის ნაშრომს ფასი დაეკარგა.
,,გლეხის ქალი ვარ, წლიდან წლამდე ვაშლით და კარტოფილის გაყიდვით გამაქვს ოჯახი, ჩემი სადარდებელი ისაა, რომ გლეხის შრომას ფასი არ აქვს, - დაღონებით გვეუბნება და ამატებს, რომ საკუთარ პოზიციას 30 მაისს აუცილებლად დააფიქსირებს, - ვიცი, რომ სააკაშვილის პარტია არის და ეს პარტია უნდა შემოვხაზო. ან ,,საბჭოში” რომ მივალ, ვიკითხავ ვის უნდა მივცე ხმა და იმას ავირჩევ”.
არჩევნების მიმართ ინდიფერენტული მიდგომა ჰქონდა ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას.
,,ახლა ვიცი, რომ ქალაქის მერის არჩევნებია. ისე საერთოდ არ დავდივარ არჩევნებზე. ჩემთვის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამით არაფერი არ იცვლება”, - მიაჩნია ახალციხის მკვიდრ 50 წლის ზაურ მელიქიძეს.
,,30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ხალხი არჩევნების მიმართ იმედით არის განწყობილი, მაგრამ როგორც ყოველთვის, ცოტა რამ იცვლება ხოლმე”, - ამბობს ბორჯომელ ნათელა ოქრომელიძე.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი