მასწავლებელთა მეორე სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება. რა სიახლეებია 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდებზე და შეძლებენ თუ არა მასწავლებლობის მაძიებლები გამოცდის ჩაბარებას.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში მეორედ ტარდება. გამოცდებში მონაწილეობა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლად მუშაობის, მინიმუმ, ერთწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლამდე სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია, ხოლო 2014 წლიდან ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო გახდება.
გასული წლისგან განსხვავებით, 2011 წლის ზაფხულში სასერტიფიკაციო გამოცდა მეტი მიმართულებით ჩატარდება. გასულ წელს გამოცდა მხოლოდ სამ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენებში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ბარდებოდა. წელს კი ამ საგნებს ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება და პროფესიული უნარებიც დაემატა. ასევე, სერტიფიცირება იგეგმება დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვისაც.
სასერტიფიკაციო ტესტები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა, რომელიც 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა. ეს სტანდარტი ორი ნაწილისგან შედგება: ერთი საგნობრივი სტანდარტია, რომელიც განსაზღვრავს რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს პედაგოგი კონკრეტულ საგანში, ხოლო მეორე – პროფესიული სტანდარტი, სადაც აღწერილია რა ზოგად პედაგოგიურ უნარებს უნდა ფლობდეს იგი. შესაბამისად ტესტიც ორია: საგნობრივი და პროფესიული.
გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა საქართველოს ნებისმიერ რესურსცენტრშია შესაძლებელი.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამ ეტაპზე რეგისტრაცია არცერთ პედაგოგს არ გაუვლია. რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ლია ბერიძე ამბობს, რომ მასწავლებლები ჯერ მხოლოდ შეკითხვებით აკითხავენ. თუმცა, დაინტერესება და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის სურვილი საკმაოდ ბევრმა პედაგოგმა გამოთქვა.
“ზოგმა პედაგოგმა ჩათვალა, რომ თუ ინტერნეტით დარეგისტრირდება, გამოცდაზე გავა. ინტერნეტით მასწავლებელი რეგისტრირდება მხოლოდ ნაეც.გე-ზე, ანუ გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე, ხოლო, სრულფასოვანი დოკუმენტაცია და გამოცდაზე გასვლის უფლება რომ მიიღოს, აუცილებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მისამართზეც დარეგისტრირდეს. რაც ოფიციალური საბუთების ჩვენთან მოტანას ნიშნავს”, - განმარტავს ლია
ბერიძე და ამატებს, რომ თითოეული პედაგოგი, ვინც რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარა, აუცილებლად უნდა მივიდეს რესურსცენტრში და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
პედაგოგებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე წელს პირველად გადიან, ორი გამოცდის საფასურს სახელმწიფო უფინანსებს. ხოლო, ვინც ორ საგანზე მეტს აბარებს, ან მეორედ გადის გამოცდაზე, საგანმანათლებლო რესურცენტრში 25 ლარიანი ქვითარი უნდა წარადგინოს.
გასულ წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო. მათგან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მონაწილეთა 11-მა პროცენტმა გადალახა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2010 წელს 170 მასწავლებელი დარეგისტრირდა, ხოლო, ორივე საგანი წარმატებით მხოლოდ 15-მა პედაგოგმა ჩააბარა.
“მათგან ახალციხის სამ სკოლაში ხუთი მენტორ-მასწავლებლად შევარჩიეთ და მათ 13 მასწავლებლობის მაძიებელი ჰყავთ. პირველ საჯარო სკოლაში სამი მენტორი მასწავლებელი და რვა მაძიებელია, მეხუთე სკოლაში ერთი მენტორი და ორი მაძიებელი, ხოლო მეექვსე საჯარო სკოლაში ერთი მენტორ-მასწავლებელი და სამი მასწავლებლობის მაძიებელი გვყავს, - ამბობს ლია
ბერიძე და ამატებს, რომ მასწავლებლობის მაძიებლებს წელს უფლება მიეცათ გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდა. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი მაძიებლობის სერტიფიკატს წარმატებით მოიპოვებენ, - თუ ივნისში მაძიებლობის სერტიფიკატის გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, მაშინ ჩვეულებრივად გავლენ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე. მაგრამ, თუ მაძიებლობის სერთიფიკატს ვერ მოიპოვებენ, რეგისტრაცია გაუუქმდებათ”.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელმა, მზია ეგიაშვილმა სასერტიფიკაციო გამოცდა გასულ წელს ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და პროფესიულ უნარებში ჩააბარა და სერთიფიკატიც მოიპოვა. იგი ამბობს, რომ დროის ფაქტორს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს: “დრო იყო ნაკლები და მასალა საკმაოდ შრომატევადი. კიდევ ერთი საათი რომ მქონოდა, უფრო დიდ წარმატებას მივაღწევდი. პროფესიული უნარები ადვილი იყო, რადგან მხოლოდ სწორი პასუხები უნდა შემოგეხაზა, მაგრამ საგანში უნდა გემსჯელა და გეწერა, რასაც ძალიან დიდი დრო მიჰქონდა”.
მზია ეგიაშვილი ერთ-ერთ მენტორ მასწავლებლად შეირჩა და ამ სასწავლო წელს სამი მასწავლებლობის მაძიებელი ჰყავს: “ვფიქრობ, რომ გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში უფრო გაუადვილდებათ და ამისთვის მაძიებლობის პერიოდიც გამოადგებათ, რადგან აქტიურად არიან ჩაბმული სასწავლო პროცესში. მაგრამ, რაც შეეხება საგნის ცოდნას, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გაართმევენ თავს”.
ორი
მასწავლებლობის მაძიებელი ჰყავს ამავე სკოლის მათემატიკის მენტორ მასწავლებელს ბადრი კაპანაძესაც. მისი თქმით, შვიდი თვე, საკამარისი არ არის იმისთვის, რომ
მასწავლებლობის მაძიებლებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარონ. თუმცა, მაძიებლობის პერიოდი გარკვეულ ცოდნას აუცილებლად მისცემს: “იმის თქმა, რომ მაძიებლობის პერიოდს გაივლის და გამოცდას ჩააბარებს, ძნელია. გამოცდა ძალიან რთულია, საგნის ღრმა ცოდნას მოითხოვს. შეიძლება ბარიერი ვერ გადალახოს, მაგრამ დიდ საფუძველს შეიქმნის იმისთვის, რომ მერე დამოუკიდებლად იმუშაოს საკუთარ თავზე და წარმატებას მიაღწიოს”.
სოფიო ბერიძე ერთ-ერთია, რომელიც მაძიებლობის პერიოდს პირველ საჯარო სკოლაში გადის. 2011 წელს ორი გამოცდის ჩაბარებას აპირებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და პროფესიულ უნარებში.
“იმედი მაქვს, რომ ორივე გამოცდას ჩავაბარებ და შემდეგ მასწავლებლად მუშაობის საშუალება მომეცემა”, - ამბობს იგი.
თამარ თოთაძე, ახალციხე
სტატიები ამავე თემაზე:
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი