ახალი ხელმძღვანელობა – ახალი წესები


სამი თვეა ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. რა შეიცვალა საავადმყოფოში, რას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, კვლავ მოქმედებს თუ არა, ეგრეთ წოდებული, ``მაღარიჩი``. ``სამხრეთის კარიბჭე`` საავადმყოფოს დირექტორს, სამედიცინო მეცნიერების კანდიდატს, კარდიოლოგ ალექსანდრე ენოქიანს ესაუბრა.

- რამ გამოიწვია საავადმყოფოს ხელმძღვანელობის შეცვლა? 

დირექტორმა განცხადება დაწერა. იგი სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და ხელმძღვანელობამ ამ თანამდებობაზე მე დამნიშნა. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში 30 წელიწადია ვმუშაობ.

- რითი დაიწყეთ მუშაობა და რა შეცვალეთ? 

პირველი ცვლილება – ანტიკორუფციაა, ვიყოთ ლაკონურები და ბევრი არ ვილაპარაკოთ. რიგით მეორე – საბაზისო ცვლილებები, ანუ, რაც დაკავშირებული იქნება ახალ რემონტთან, ახალ სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებთან, თანამედროვე მოთხოვნებთან, შესაბამის ფუნქციონირებასთან, კერძოდ, ესაა სანიტარულ-ჰიგინური რეჟიმი, აღჭურვილობა, ტექნიკურ-საბაზისო საკითხები, რისი მოგვარებაც ავანგარდულ სტილში მუშაობის საშუალებას მოგვცემს. მესამე ცვლილება – ესაა უმკაცრესი დისციპლინა, მომთხოვნელობა საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ.

- რიგით პირველ ცვლილებად ანტიკორუფციას ასახელებთ. რას ნიშანავს ეს? საავადმყოფოში კორუფცია იყო? 

სამედიცინო სფეროში სიტყვა კორუფციის გამოყენება მთლად გამართლებული არ არის. კორუფცია – ესაა მექრთამეობა, უფრო სწორად და წიგნიერად რომ ვთქვათ. ანუ კორუფცია ეს დიდი მასშტაბის მქონე მოვლენაა, როცა ფინანსები საჭირო მიმართულებით არ მიდის. ჩვენთან კი უბრალოდ საავადმყოფოს ფინანსური სტრუქტურის მოწესრიგების საკითხი დგას. ფასიანი მომსახურებისთვის ფული სალაროში უნდა შევიდეს, ექიმსაც ეცოდინება, აქედან ხელფასს რამდენს მიიღებს, ეს ხელშეკრულებაში წერია. კონტრაქტში ყველა პირობაა დადგენილი დამქირავებლისთვისაც და მათთვისაც, ვინც სამუშაოდ მოდის.

- რას იტყვით ჩვენში გავრცელებული პრაქტიკის, ``მაღარიჩის`` შესახებ? 

ჩვენ ყველაფერი აღმოვფხვერით. მაღარიჩი, როგორც ასეთი, აღარ არის. არაფერში მჭირდება ვინმემ ყველი მომიტანოს, მირჩევნია წავიდე და ნახევარი კილო ის ყველი ვიყიდო, რომელიც მინდა.

- რა სადამსჯელო ზომებია `მაღარიჩის~ აღების შემთხვევაში? 

ნებისმიერ შემთხვევაში, საავადმყოფოში, ეს არასასურველია. თუ ავადმყოფს ექიმისთვის მადლობის გადახდა უნდა, სახლში მივიდეს რაც უნდა ის მიართვას და ისე სცეს პატივი. თუმცა, სასურველია, ამას ფინანსური სახე არ ჰქონდეს. ეს ავადმყოფის სურვილია, რომელსაც გულით უნდა ექიმისთვის პატივისცემა, ამას ვინ შეეწინააღმდეგება?!

- რა მდგომარეობაა სპეციალისტებთან დაკავშირებით?

კადრები განახლდება. გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა მედიკოსის სამუშაოს არ თაკილობდეს, რაიონს არ ივიწყებდეს, თავის ხალხს ემსახუროს და საკუთარი მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

ჯერჯერობით კადრების საკითხი მწვავედ არ დგას. ქირურგების უკმარისობა გვქონდა, ერთი ქირურგი სამსახურიდან წავიდა და ამით ყველა ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რომ ახალი კადრი გვჭირდება, ამიტომ ბორჯომიდან ძალიან კარგი ქირურგი ჩამოვიყვანეთ. გვესაჭიროება მკურნალი კადრები, აი, მედდები ზედმეტიც კი გვყავს, ამიტომ მათი საჭიროება არ არის. ფიზიკური კადრების ნაკლებობა გვაქვს პერიფერიებზე, ეს როგორც იცით, სოფლებია. მთლიანობაში კი ჩვენ გამოცდილი, ღირსეული კადრები გვყავს და ისინი საქმეს კარგად უძღვებიან.

- როგორია საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვილობა? 

დღეისთვის დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ამით შემოფარგვლას არ ვაპირებთ. ვფიქრობთ მოვძებნოთ სპონსორები, თუნდაც მოსკოვში, ლენინგრადში, რუსეთში მცხოვრები მეცენატები, ვინც დაგვეხმარება ახალი აპარატურის შეძენაში. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ წარმოშობით ჯავახეთიდანაა და თავისი რაიონის საავადმყოფოს უნდა დაეხმაროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მომსახურებას, ესაა მაღალმთიანობის, უგზობის, სიცივის, ხანგრძლივი თოვლისა და ყინვების პირობებში მუშაობა. გათბობა გვექნება მშენებლობის დასრულების შემდეგ – გავთბებით ბუნებრივი აირით. ეს მუშაობას სერიოზულად შეგვიმსუბუქებს. მიმდინარეობს სტრუქტურული ქვედანაყოფების, განყოფილებების რეორგანიზაციაც.

- სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან ჯანდაცვის დაფინანსების მუდმივი შემცირების პირობებში, იკლებს სახელმწიფო პროგრამების რიცხვიც. როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე? 

შემცირებები არ გვაშინებს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და ყველაფერს შევძლებთ. სასურველი იქნება, რომ სახელმწიფოს, ხელმძღვანელობასა და ზემდგომ რგოლებს არ დავავიწყდეთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, გვესმის, რომ მას ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვს, ამიტომ წინააღმდეგობას არავის გავუწევთ. ხელმძღვანლობა როგორც მიგვითითებს, ისე ვიმოქმედებთ. თუმცა, ეს მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე ცხადია, აისახება. ხალხი ისედაც რთულ მდგომარეობაშია, ბევრია უმუშევარი, რაც, რასაკვირველია, ოჯახის ბიუჯეტზე მოქმედებს, მაგრამ საკითხი ასე დგას და ჩვენ მისი შეცვლა არ შეგვიძლია.

- როგორ უნდა მოიქცნენ შემოსავლის არმქონე პირები, რომლებსაც სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდა არ შეუძლიათ? 

არის მუნიციპალური ორგანოები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი და მისი ოჯახი გადახდისუუნაროა, ეხმარება მათ. ამ დროს ხარჯის ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება, დანარჩენს კი თავად ავადმყოფი ანაზღაურებს.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი