ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების უმეტესობა ფინანსური დახმარების გამოყოფას ეხებოდა. |
2010 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი მცხოვრებლებისგან 2614 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან უმრავლესობა, 1225 მათგანი, ფინანსური დახმარების გამოყოფას ეხებოდა.
28 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკრებულოს 2010 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა. მოხსენება მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა სამსახურმა გააკეთა. ერთ-ერთი ანგარიში მოსახლეობისგან მიღებულ განცხადებებსა და საჩივრებსაც ეხებოდა.
გასულ წელს გამგეობაში შესული განცხადებები და საჩივრები, ძირითადად, მატერიალური დახმარების გაწევას, მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ბინების პრივატიზებას, შრომით მოწყობას, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის ხაზების მოუწესრიგებლობის აღმოფხვრას, რუსეთის ფედერაციის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე კომუნალური ბინების გამოყოფასა და მრავალ სხვა საკითხს ეხებოდა. ზოგიერთი საჩივარი და განცხადება დღესაც განხილვის პროცესშია.
კანალიზაციის ქსელის რემონტის შესახებ 2010 წელს გამგეობამ 20 განცხადება მიიღო, ყველა განმცხადებელი ქალაქის მცხოვრები იყო, აქედან მხოლოდ ერთი განცხადება დარჩა მოუგვარებელი. წყალმომარაგების შესახებ 54 განცხადება იყო, აქედან 46 მთლიანად დაკმაყოფილდა, დანარჩენი რვა კი ნაწილობრივ. მეზობელთა დავის შესახებ 34 საჩივარი შევიდა და მოუგვარებელი მხოლოდ ხუთი მათგანი დარჩა. 2010 წელს გამგეობამ მშენებლობის შესახებ 25 განმცხადებლისგან 35 განცხადება მიიღო, აქედან ექვსი განცხადება ნაწილობრივ გადაიჭრა, ოთხზე კი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
94 განცხადება მიიღო გამგეობამ შრომითი მოწყობის შესახებ და აქედან დაუკმაყოფილებელი მხოლოდ 35 განცხადება დარჩა. პირები, ვისი განცხადებაც დაკმაყოფილდა, სამუშაოდ ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსირებად ორგანიზაციებში მოეწყვნენ.
ბევრი იყო
მატერიალურ-ფინანსური დახმარების მიღების თხოვნით შესული განცხადება, კონკრეტულად, კი მათი რიცხვი 1225-ს შეადგენდა. აქედან 1211 განცხადება მთლიანად, 14 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ეს განცხადებები, ძირითადად, მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებისგან იყო.
რუსეთის ფედერაციის 62-ე სამხედრო ბაზის გაყვანის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული 696 ბინიდან 298 ბინის პრივატიზება მოხდა. ქალაქ ახალქალაქში პრივატიზების შესახებ 26 განმცხადებლის თხოვნა დაკმაყოფილდა.
გამგეობამ განცხადებები სქესობრივი და ენობრივი ნიშნით დაახარისხა. ამრიგად, 1790 განცხადება დაწერილი იყო
რუსულად, 607 სომხურად და მხოლოდ 217 ქართულ ენაზე. ასევე, ავტორთაგან 1190 იყო მამაკაცი, 1424 კი ქალბატონი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოქალაქეებისგან ნებისმიერი ხასიათის განცხადებებს იღებს, აქ შეზღუდვები არ მოქმედებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის ხელმძღვანელის აკოფ ამბარიანის თქმით, 2009 წელთან შედარებით განცხადებებისა და საჩივრების რიცხვი მნიშვნელოვნად, კონკრეტულად კი, 600 ერთეულით შემცირდა.
“ის ფაქტი, რომ განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, გამგეობის მუშაობის მთელ შეფასებაზე დადებითად აისახება, თუმცა, ეს გარემოება არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ძირითადი პრობლემები მოგვარებულია, რადგან ეს ასე არ არის. ძირითადი პრობლემა სამუშაო ადგილების არარსებობაა”, - ამბობს აკოფ ამბარიანი.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი