საზოგადოების აქტიურობის შედეგი


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აფთიაქებში ვიდეოკამერების დამონტაჟება უნდა დაიწყოს, ექვსი თვით გადაიდო. რა შეუძლია საზოგადოების პროტესტს.

 საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის სანდრო ურუშაძის 2010 წლის 7 დეკემბრის ¹397 ბრძანების მიხედვით მოქმედ აფთიაქებს გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟება დაევალათ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებდა.

აფთიაქებს აღნიშნული პირობის შესრულება ჯერ მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებად 1227 აფთიაქს მოეთხოვებოდა. ახლო მომავალში კი ეს ბრძანება საქართველოში არსებულ ყველა მოქმედ აფთიაქზე ეტაპობრივად განხორციელდებოდა.
 
ვიდეოსათვალთვალო კამერები აფთიაქებს საკუთარი ხარჯებით უნდა დაემონტაჟებინათ. ჯერ მხოლოდ თბილისში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9 მილიონი ლარი იყო, ხოლო თითოეულ აფთიაქს ამ პროექტის განხორციელება 7 000 ლარი უჯდებოდა. ექსპერტების შეფასებით კი ეს პირდაპირ აისახებოდა წამლის ფასზე.

ახალციხეში არსებული აფთიაქების ძირითადი ნაწილიპსპდაავერსსეკუთვნის, ამიტომ ადგილობრივმა მფლობელებმა კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავეს, ინფორმაციასაც ნაწილობრივ ფლობენ.

ჯანდაცვის მინისტრის ახალ ინიციატივას საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება ერთობლივად დაწერეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს.

ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და განავითაროს ხარისხზე, ხელმისაწვდომობაზე და თანასწორობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა.

ამ ფონზე, სრულიად არათანმიმდევრული და მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ¹ 397 ბრძანება, რომლითაც სანიტარულ-ჰიგიენურ/ტექნიკურ პირობების ნორმად მიჩნეულია ვიდეოსათვალთვალო სისტემა და აფთიაქებს დაევალათ  ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე მისი მონტაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გლობალური წვდომის უზრუნველყოფა, აღნიშნული პირობის შესრულება 2011 წლის 1 თებერვლიდან მოეთხოვება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქ თბილისში ფუნქციონირებად 1227 აფთიაქს. აღნიშნული მოთხოვნა ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე შემოღებული იქნება ეტაპობრივად.

მიგვაჩნია, რომ აფთიაქებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟება-ექსპლუატაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კონკრეტული უფლების შემზღუდავი ნორმატიული აქტი უნდა ქმნიდეს სამართლებრივ სიცხადეს, უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი. ნორმატიული აქტები, რომლითაც შემოღებულ იქნა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების ვალდებულება, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან აღნიშნული ნორმატიული აქტები არის ბუნდოვანი, რის გამოც აფთიაქები, და მომხმარებლები იმყოფებიან გაურკვეველ მდგომარეობაში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება არაეთიკურია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის ობიექტებში არ უნდა აწესებდეს ჯანდაცვის პროფესიონალისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალს. 

ამასთანავე, ფარმაცევტულ ბაზარზე, მედიკამენტების ფასების მოსალოდნელ გაზრდაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ჯანდაცვის მინისტრს, რადგან იგი სწორედ ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ იქნება პროვოცირებული”,-ეს არის ამონარიდი იმ განცხადებიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს. განცხადებას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ამ განცხადების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ უკან დაიხია და ექვსი თვით გადაიდო ბრძანების ძალაში შესვლა.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი