ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის თებერვალში დაფიქსირდა. |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2010 წლის პირველი ნახევრიდან მკვეთრად გაიზარდა და უკვე 2011 წლის იანვარში 12 პროცენტს მიაღწია. 2011 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონე 13.7 პროცენტი იყო – ეს ბოლო, თითქმის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
“კერძოდ, 2010 წლის პირველ ნახევარში, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები 20-პროცენტით გაიზარდა, საწვავზე - 30-ით, ხორბალზე კი თითქმის 60 პროცენტით. ამ საკითხის მოგვარებას სოციალური უზრუნველყოფის ადეკვატური სისტემა სჭირდება. შესაბამისად, თუ 2011 წლის მეორე ნახევარში გარე შოკებს ადგილი არ ექნება, ველით, რომ ფასები სტაბილური გახდება და დეკემბრისთვის ინფლაციის მაჩვენებელი უკვე ერთნიშნა ციფრი იქნება”, - განაცხადა საქართველოში მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა დევიდ გარდნერმა (Business საქართველო).
ინფლაციის ეს მაჩვენებელი, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასის მომატებითაა გამოწვეული. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასი საქართველოში მიმდინარე ინფლაციის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც ბოლო წლის მონაცემებით ორნიშნა იყო. ენერგომატარებლების ფასი ამ წლის პირველივე თვეებიდან სწრაფად იზრდებოდა.
თუმცა, ეკონომიკის ექსპერტის რეზო საყევარიშვილის აზრით, საქართველოში ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი აღარ არის.
“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კრიტიკულადაც დამოკიდებულია. ანუ, ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებით არის უზრუნველყოფილი, ეს უკანასკნელნი კი, ძირითადად, ნასესხები სახსრებით ფინანსდება. აქედან გამომდინარე, სანამ საქართველოში კერძო სექტორის აქტივობა უფრო საგრძნობი არ გახდება, რაიმე განსაკუთრებული წინსვლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს”, - ამბობს რეზო საყევარიშვილი (გაზეთი “ექო”).
პროდუქტებზე ფასის ზრდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2010 წლის სექტემბერშივე იგრძნეს. მაშინ ფასმა მოიმატა არა მხოლოდ შაქარსა და ფქვილზე, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე – კარტოფილზე, სტაფილოზე, მწვანილსა და ხილზეც.
“ჯავახეთში ეკონომიკური კრიზისი ახალახანს დადგა. რა ფასი ექნება პროდუქტებს, ივნის-ივლისის თვეებში გავიგებთ. ამ დროისთვის მოსავლიანობის პროგნოზის გაკეთება უკვე შესაძლებელი იქნება და გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა სასურსათო კრიზისი. ჯავახეთში პროდუქციის ფასები პირდაპირაა დაკავშირებული მოსავლიანობასთან. პროდუქციის ფასები შემცირდება, თუმცა, სამწუხაროდ, არც მაინცდამაინც საგრძნობლად. საქმე ისაა, რომ ფასები მარტო პროდუქტებზე არ გაზრდილა, მოიმატა საწვავის ფასმაც, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე სერიოზულად მოქმედებს. დღეს ახალქალაქის საბითუმო გამყიდველებისგან ვიგებთ, რომ მოთხოვნა ძირითადად პირველადი აუცილებლობის პროდუქციაზეა”, - ამბობს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.
პროდუქტების ფასის ასეთი მატების მიზეზების შესახებ პენსიონერმა როზა ტატარიანმა არაფერი იცის, თუმცა, დასთან ერთად მცხოვრებ ქალბატონს თავი ძლივსძლივობით გააქვს: “მე და ჩემი და ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ არც ოჯახები გვყავს და არც შვილები. ჩემი და მხოლოდ პენსიას იღებს, მე კი თან ვმუშაობ. ჩემი პენსია 90 ლარია, ამდენივეა ხელფასიც და ერთად 180 ლარი გამოდის, ჩემი და კი 120-ლარიან პენსიას იღებს. არაფერია, როგორღაც ვცხოვრობთ. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ბავშვიანი და ოჯახიანი ხალხია. ჩვენ, ხანდაზმულები, დღის განმავლობაში ჩაიზეც გადავივლით. დღევანდელი ფასების პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია. ხელფასი და პენსია პურისთვის ძლივსაა საკმარისი. წარმოიდგინეთ, კილოგრამი შაქარი 2.60 ლარი ღირს”.
შემთხვევათა უმრავლესობაში ახალქალაქის მცხოვრებლები საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე ღიად ლაპარაკსაც კი ერიდებიან, რადგან შიშობენ, ამის გამო არ დააპატიმრონ.
“არც სამუშაოა, არ არაფერი, თავი ძლივსძლივობით გაგვაქვს. სოფლიდან ნათესავები რომ არ გვეხმარებოდნენ, უბრალოდ, ვერ ვიარსებებდით. ისინი ყველს, კვერცხს და რძეს გვიგზავნიან და ამით ვცხოვრობთ”, - ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.
ზოგს სოფელში მცხოვრები ნათესავები ეხმარებიან, ზოგი კი საზღვარგარეთიდან ახლობლების მიერ გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს.
“ვერ წარმოიდგენთ, ფასები 100-პროცენტით გაიზარდა. ეს მთელ მსოფლიოში ასეა, ცხოვრება ასეთი გახდა და ვერაფერს ვიზამთ, ეს ჩიხია. მე რუსეთით ვცხოვრობ, აქ შემოსავალი არ გამაჩნია. ფულს რუსეთში მცხოვრები ჩემი ვაჟიშვილები მიგზავნიან”, - ამბობს კიდევ ერთი ახალქალაქელი, რომელმაც ასევე არ მოინდომა გაზეთში ვინაობის გამჟღავნება.
ექსპერტები ელიან, რომ
ინფლაციის მაჩვენებელი წლის შუაში დაიკლებს, უბრალო მოქალაქეებს კი მხოლოდ ამის იმედიღა შერჩათ.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი