აბიტურიენტთა რეგისტრაცია სრულდება


აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებამდე ოთხი დღე რჩება. უმრავლესობა სკოლებში, ნაწილი კი ინტერნეტის საშუალებით, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში რეგისტრირდება.





აბიტურიენტთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჯერ მხოლოდ 14 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
სკოლებიდან 20 მარტის შემდეგ მივიღებთ მონაცემებს “, - გვიხსნის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი გიორგი დალალიშვილი.  

წელს, პირველად, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირება ინტერნეტითაც შეუძლიათ. ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ქრთული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მეთორმეტე კლასის დამრიგებლის ნანა ლომინაშვილის თქმით, მის კლასში აბიტურინეტთა უმრავლესობა სწორედ ინტერნეტით დარეგისტრირდა: “მარტივი პროცესია, ბანკში გადახდილი ქვითრის ნომერს შეიყვან, გიხსნის ფანჯარას და მიყვები პროცედურებს. თუმცა, გავრცელდა ხმები, რომ ბაზა აირია, რესურცენტრში უნდა გადავამოწმოთ, საჭირო თუ არა ხელახლა დარეგისტრირება”.

ლომინაშვილის თქმით, მეექვსე საჯარო სკოლას 26 ბავშვი ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას ყველა შეეცდება. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში კი მეთორმეტე კლასში 95 მოსწავლე სწავლობს და ამ დროისთვის დარეგისტრირებული 33 მათგანია.

ვადის ამოწურვამდე 80-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდება”, - აცხადებს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

ახალციხის მესამე სომხურენოვანი საჯარო სკოლა 37 კურსდამთავრებულს გამოუშვებს. ამავე სკოლის დირექტორის სვეტა არუთინიანის თქმით, უმაღლეს სასწავლებელში აქედან მხოლოდ ცხრა ჩააბარებს: ცხრავეს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება. დანარჩენები სხვადასხვა კოლეჯში ჩაირიცხებიან. მეეჭვება ვინმემ შეძლოს სომხეთში სასწავლებლად წასვლა, იქ ცხოვრება და თავის რჩენა ძალიან ძვირი ჯდება”.

მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს მარიამ არუთუნიანს ჯერ არ გადაუწყვეტია ერევანში წავა სასწავლებლად თუ თბილისში. თუმცა, ზუსტად იცის, რომ თბილისში სწავლის შემთხვევაში პროგრამირებაზე, ერევანში კი ეკონომიურზე ჩააბარებს: “საქართველოში ბევრი ეკონომისტია და დასაქმება გამიჭირდება. თუმცა, დასაქმებამდე საკითხავი ისაა სტუდენტი გახდები თუ არა. ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ მისაღები გამოცდები ჩავაბარო”.    

ქართულ ენის არცოდნის გამო სომხეთში გეგმავს სწავლის გაგრძელებას არუთუნიანის კლასელი ასია თადევოსიანიც: ერევანში უცხო ენებზე ჩავაბარებ, ინგლისური უნდა ვისწავლო”.   

მეორე წელია არაქართულენოვან აბიტურიენტებს შეუძლიათ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ერთი, უნარჩვევების გამოცდით ჩაირიცხონ, რომელსაც მშობლიურ ენაზე აბარებენ. ერთი წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლების შემდეგ კი ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე მოხვდნენ.   

ახალციხის უნივერსიტეტში ეკონომიურზე ვაბარებ. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ქართულად უნარ-ჩვევებს ვერ ჩავაბარებდი”, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი სანველ პეტროსიანი.

რომ არა ახალი პროგრამა, ერევანში მიდიოდა სასწავლებლად პეტროსიანის კლასელი არფინე ანტონიანი. ახლა ახალციხის უნივერსიტეტში უცხო ენებზე ჩასაბარებლად ემზადება.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბაბული ვარდიძე მიიჩნევს, რომ არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ერთი წელი ენის ასათვისებლად საკმარისი დროა: “იმ შემთხვევაში, თუ ენა საერთოდ არ იცის აბიტურიენტმა, ეს პროცესი ცოტა გართულდება. თუმცა, იმ დონეზე ათვისება, რომ შემდეგ ლექციები მოისმინო და გაიგო, ვფიქრობ, შესაძლებელია”.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წელს 740 აბიტურიენტს მიიღებს. მათ შორის, ათი პროცენტი არაქართულენოვანებისთვისაა განკუთვნილი.

არაქართველი აბიტურიენტების მიღება 74 ადგილზე შეგვიძლია, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი და ამატებს, რომ გასულ წელს არაქართველთათვის გამოყოფილი 46 ადგილიდან 23 ეთნიკურად აზარბაიჯანელი, 23 კი სომეხი ეროვნების სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, - სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის გაწერილი ადგილების რაოდენობა, ეთნიკური სომხებისთვის გადმოგვენაწილებინა. ამიტომ 23 ადგილზე დიდი კონკურენცია იყო. წელს ასე აღარ ვიზამთ”.

რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდება 25 მარტამდე, აპრილის ბოლოს გაირკვევა, ანუ მას შემდეგ, როცა საგანმანათლებლო რესურსცენტრში აბიტურიენტებისთვის პლასტიკური ბარათები ჩამოვა. მანამადე მათი რაოდენობის დათვლა, იმ სიახლის გამო, რომ წელს დარეგისტრირება ინტერნეტითაცაა ხელმისწავდომი, შეუძლებელია. ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ნინო დემეტრაძის განამრტებით კი, მას ვინც რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარა, არანაირი პრობლემა არ შეექმნება და შესაბამისად, ხელმეორედ დარეგისტრირებაც აღარ სჭირდება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი