ყოფილი ოფიცერთა სახლი დანიშნულებას შეიძენს
წლის ბოლომდე სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ერთ შენობაში განთავსდება. სამივე უწყება შალვა ახალციხელის ქუჩაზე, ყოფილ ოფიცერთა სახლში გადავა.
“საძირკველში წყალი ჩადის, შენობა დაბინძურებულია. ბევრი ვიმსჯელეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. თავდაპირველად ვიფიქრეთ, გარე ფასადი შეგველამაზებინა და სახურავი შეგვეკეთებინა, - გვიამბობს ახალაციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი, – საბოლოოდ, “ერთი ფანჯრის” პრინციპით, ანუ იმ გაგებით, რომ მოქალაქეებისთვისაც და საჯარო სამსახურებისთვისაც მუშაობა ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, გადავწყვიტეთ სამივე უწყება ერთ შენობაში გადავსულიყავით”.
მისი თქმით, ფართობი არქიტექტორების მიერ უკვე გაზომილია: “სამივე სამსახური თავისუფლად მოვთავსდებით. თანამშრომლები ოთახებში შესაბამისი სამსახურების მიხედვით დაჯგუფდებიან. მაგალითად, მიმაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე წევრებთან ერთად უნდა იჯდეს”.
განახლებულ შენობაში, პირველ სართულზე, დიდ
ფოიეში მოქალაქეთა მისაღები მოეწყობა.
“აქ იქნებიან როგორც გუბერნიის, ასევე საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები. მოქალაქე ერთ ფანჯარაში თუ დატოვებს განცხადებას, იქვე, მეორე ფანჯრიდან შეეძლება მიიღოს მასზე პასუხიც”, - გვიხსნის გიქოშვილი.
მისი თქმით, ფულის დახარჯვა იმ შენობის გარემონტებაში, რომელშიც ამჟამადაა საკრებულო და გამგეობა განთავსებული, არ ღირს: “მთელი კორპუსი ხისგანაა აგებული, “სინკარი” აქ არაა და ბეტონი, თუ შეკეთებას გადავწყვეტდით, მაშინ უნდა დაგვენგრია და ხელახლა აგვეშენებინა”.
ამჟამად, გამგეობა და საკრებულო კოსტავას 18-ში მდებარე, 1950-იან წლებში აგებულ, ორსართულიან შენობაშია განთავსებული. მის ადგილზე 1948 წლამდე ერთნავიანი მართლმადიდებლური ეკლესია იყო.
“ეკლესიის დანგრევის შემდეგ, აქ ცოტახნით “ატეკა” ფუნქციონირებდა. შემდეგ, ეგრეთ წოდებული, ტრესტისთვის ააგეს შენობა, თუმცა, ამ უკანასკნელის ნაცვლად, აქ რაიკომი გადმოვიდა”, - გვიამბობს ახალციხის კულტურის სპორტისა და ძეგლთადაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი რევაზ ანდღულაძე.
აღმასკომი გადავიდა 1950-იან
წლებში ამჟამინდელ გუბერნიის შენობაშიც. მანამდე კი აქ, მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდეგაც, საავადმყოფო ფუნქციონირებდა. რევაზ ანდღულაძის თქმით, ახლანდელი თამარ მეფის ¹11-ში მდებარე ორსართულიანი შენობა, გასული საუკუნის დასაწყისში, ახალციხის ციხისა და ეკლესიის ქვებით ყოფილა აშენებული. აქ სამხარეო ადმინისტრაცია 1995 წლიდან ფუნქციონირებს, მას 32 ოთახი უკავია და მეორე სართულზეა განთავსებული.
ამდენად, თითქმის საუკუნოვან გუბერნიისა და გამგეობის შენობების ცალ-ცალკე შეკეთებასა და გარემონტებას, თვითმმართველობამ ერთი, ყოფილი ოფიცერთა სახლის რეაბილიტაცია არჩია. თუმცა, მისი აგების პერიოდიც გასული საუკუნის 50-იანი წლებითაა დათარიღებული.
“ამ პერიოდისთვის, დაახლოებით, ოჯახისწევრებიანად, 15-20 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იყო ახალციხეში”, - აცხადებს ანდღულაძე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი,
ახალციხის კულტურის სპორტისა და ძეგლთადაცვის სამსახურის უფროსის იური ზარიძის თქმით, შენობა თითქმის უფუნქციოდ დარჩა: “ბოლო ხუთი წლის განამვლობაში, არ გამოგვიყენებია არანაირი კულტურული ღონისძიებისთვის”.
ყოფილი ოფიცერთა სახლი გარე სვეტებითა და ჩუქურთმებით უცვლელად აღდგება. მის გარშემო მოეწყობა ინფრასტრუქტურა და მწვანე ზოლი. მესამე სართული მთლიანად მინაში მოექცევა, აქვე განთავსდება საკონფერენციო დარბაზი. გუბერნიას, გამგეობასა და საკრებულოს სხდომათა დარბაზები ცალ-ცალკე ექნებათ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ესკიზის დონეზეა გაკეთებული.
საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერს მუნიციპალტიეტის გამგეობა უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ტენდერი გამოცხადდება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
შენობის ბოლომდე აღსადგენად 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
“ეს თანხა ტრანსფერის სახით უკვე მივიღეთ და 28 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტში ავსახეთ კიდეც. ჯერ ზუსტად არ ვიცით რაში რამდენი გაიწერება, თუმცა თუ დამატება გახდა საჭირო, დავამატებთ”, - ამბობს გიქოშვილი.
ახალ შენობაში ფუნქციონირებას სამივე უწყება დეკემბრის ბოლოდან დაიწყებს. გიქოშვილს ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ სწორედ მის მიმდებარე ტროტორიაზე აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება გამოთავისუფლებულ გამგეობისა და გუბერნიის კორპუსებს, ეს შენობები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა.
“ინვესტორების გამოჩენას ველოდებით, რადგან ქვეყნის კურსი ტურიზმის განვითარებისკენაა აღებული, ალბათ აქ სასტუმროები გაკეთდება, თუმცა წინასწარ არაფერი ვიცით”, - აცხადებს გიქოშვილი.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი