31 მილიონი – ერთჯერადი დახმარებისთვის
მოსახლეობა ამბობს, რომ 30 ლარით მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფ პროდუქტებს შეიძენენ. |
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება დაიწყო. ვაუჩერი საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს გადაეცემა და ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის მიხედვით დარიგდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ვაუჩერის დარიგება 16 მარტს დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. მისი განაღდება 1 ივლისამდე, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი. ვაუჩერის დარიგებას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულები უზრუნველყოფენ. ელექტროენერგიის ვაუჩერის მსგავსად, მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში სასურსათო ვაუჩერი სხვას გადასცეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 083 კომლი ცხოვრობს. ელექტროენერგიის ვაუჩერი 14 000-მა ოჯახმა მიიღო, ხოლო რაც შეეხება სასურსათო ვაუჩერს, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში უკვე მიღებული აქვთ 10 646 ვაუჩერი და დამატებით კიდევ ელოდებიან.
“მათთვის, ვინც ელექტროენერგიის ვაუჩერის გარეშე დარჩა, დამატებით სიებს ვადგენთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ელექტროვაუჩერს ის აბონენტებიც მიიღებენ, რომლებმაც 200-კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს. ამიტომ, ელექტროვაუჩერი 2 301 ოჯახზე დამატებით მოვიდა და იგივე რაოდენობის სასურსათო ვაუჩერს დამატებით ველოდებით”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ალექსი კოსტანიშვილი.
მისივე თქმით, სასურსათო ვაუჩერს კიდევ უფრო მეტი ოჯახი მიიღებს, ვიდრე ელექტროვაუჩერს. ვინაიდან არის შემთხვევა, როცა ერთი მრიცხველით ორი ოჯახი სარგებლობს: - “მაგალითად, ერთ სახლში როცა ცხოვრობენ და ცალ-ცალკე კომლად ითვლებიან. მათ ერთი მრიცხველი აქვთ, მაგრამ ორ ვაუჩერს მიიღებენ. ასეთი შემთხვევებისთვის, დამატებით დაახლოებით 1000-კაციან სიას შევადგენთ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში მცხოვრები ნონა ჯვარიძე ახალციხის აგრარულ ბაზარში ბოსტნეულს ყიდის. ოთხსულიანი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ 30-ლარიანი ვაუჩერი მხოლოდ მცირედი დახმარებაა და პირველ რიგში ამ თანხით რასაც შეიძენს, ოჯახისთვის 5-ლიტრიანი ზეთი იქნება.
“ხომ შეიძლება 5 ლიტრი ზეთი ერთხელ იყიდო და დიდხანს გეყოს, მაგრამ ვერ ვახერხებ, ერთლიტრიან ბოთლს ვყიდულობ და საბოლოო ჯამში, უფრო ძვირი მიჯდება. მართალია, 30 ლარით ბევრს ვერაფერს შევიძენ, მაგრამ ზეთს მაინც ვიყიდი და ბავშვებისთვის ტკბილეულს. სხვა მაინც აღარაფერი მომივა, - ამბობს ნონა ჯვარიძე და ამატებს, რომ უკეთესი იქნებოდა მსგავსი დახმარებები ერთჯერადი ხასიათის არ იყოს: ელექტროენერგიის ვაუჩერიც დამეხმარა და გადასახადი ცოტა შემიმსუბუქდა. საერთოდ, ბევრს არც ვხარჯავთ, ვერიდებით, რომ გადასახადი ბევრი არ მოვიდეს. თვეში 13-დან 15 ლარამდე გვიწევს”.
ექსპერტთა ვარაუდით, მთავრობის ახალი ინიციატივა მოსახლეობისთვის არც სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს და არც ინფლაციას შეამცირებს. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი დავით ბიძინაშვილი ამბობს, რომ სასურსათო კალათა ისე გაიზარდა, რომ 30 ლარის მყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია: “სამწუხაროდ, ძალიან ბევრია სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ოჯახი, რომლისთვისაც 30 ლარიც რაღაცას ნიშნავს. თუმცა, ამ თანხით იმ რაოდენობის პროდუქციას ვეღარ შეიძენს, რასაც მაგალითად გასულ წელს შეიძენდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თანხით ოჯახი იყიდის ორ ბოთლ ზეთს, მაკარონს, შაქარს და მინიმალური მოთხოვნილების პროდუქტს”.
ამავე ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ცისკარა ზარანდია ამბობს, რომ ამ თანხის სხვაგვარად გამოყენება შედარებით არაეფექტური იქნებოდა: “მაგალითად ამ თანხით პენსიების გაზრდა იგივე ეფექტს ვერ მოგვცემდა. მიზერული თანხაა და საერთო ჯამში პენსიებს მხოლოდ ერთი ან ორი ლარი თუ დამატებოდა. თუმცა, ერთჯერადად ამას დიდი ეფექტი ჰქონდა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისაც ერთგვარი დახმარებაა”.
ზარანდიას და ბიძინაშვილს მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იზრუნოს.
“სოფლის მაცხოვრებელს 30-ლარიანი დახმარება არ უნდა სჭირდებოდეს. მას საკმარისი სასოფლო სამეურნეო სავარგულები აქვს და შეუძლია მოსავალი არამარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ რეალიზაციისთვისაც გამოიყენოს. თუმცა, მიწებს ვეღარ ამუშავებს და 30-ლარიანი დახმარების მოლოდინშია”, - ამბობს დავით ბიძინაშვილი.
მასვე ეთანხმება ცისკარა ზარანდიაც.
“ამ ეტაპზე პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება ისახება. მაგრამ, მეტი ქმედითი ღონისძიებებია საჭირო და სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი, რომ მოსახლეობამ ამოისუნთქოს. თევზის ჩუქებას, ჯობია ადამიანს თევზის ჭერა ასწავლო”, - ამბობს იგი.
სასურსათო ვაუჩერების დარიგების იდეა საქართველოს პრეზიდენტმა 11 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გაახმოვანა. სასურსათო ვაუჩერისთვის ბიუჯეტიდან 31 429 465.0 ლარი გამოიყო.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი