სომხეთის საბაჟო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად მოქალაქეებს საქართველოდან სომხეთში ქართული სახელმწიფო ნომრების მქონე ავტომანქანებით შესვლისა და ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ 15 დღის განმავლობაში აქვთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 16 თებერვალს სომხეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდა. მოლაპარაკების თემა იყო საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების პროექტის შემუშავება .
კოლეგათა მტკიცებით, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისთვის ყველაფერი კეთდება.
“შევთანხმდით, რომ ფუნქციები ისე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს, რომ ჩვენი მეურნე სუბიექტებისთვის შესაძლო უხერხულობები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა (“რეგნუმი”).
თუმცა რეალურად უბრალო მოქალაქეებისთვის, ვისაც საზღვრის გადაკვეთა სურს, პრობლემები სულ უფრო იმატებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის დეკემბრის ბოლოს სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მსურველთათვის შემოღებულ იქნა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ბარათის მიღების ხანგრძლივი პროცესი, 2011 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ავტოდაზღვევის საკმაოდ ძვირი პროცედურის გავლა, ხოლო 5 თებერვლიდან სომხეთის ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილით ყოფნის დროითი შეზღუდვა დაწესდა.
დეპუტატმა “სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციიდან, სათვისტომო კავშირის “ჯავახკის” თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა უკვე შესთავაზა სომხეთის მთავრობას კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ჯავახეთში რეგისტრირებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით.
“თუ სტუდენტი, ტაქსის მძღოლი ან ერევანში სამკურნალოდ ჩასული ადამიანი სომხეთის ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით 16 დღეს გაატარებს, მან ჯარიმის სახით მანქანის ღირებულების ნახევარი უნდა გადაიხადოს”, - აღნიშნა შირაკ ტოროსიანმა (12/02/2010. “რეგნუმი”).
ამ ცვლილებამდე სომხეთის კანონმდებლობაში მოქმედებდა წესი, რომლის თანახმადაც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს სომხეთში საკუთარი ავტომობილით შეეძლო მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩენილიყო, შემდეგ კი ვადის გასახანგრძლივებლად საზღვარი კვლავ უნდა გადაეკვეთა. ეს დებულება ჯავახეთის მცხოვრებლებზე არ ვრცელდებოდა. სომხეთის საბაჟო კოდექსის შეცვლის შემდეგ იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმი აქვს, შეუძლია სომხეთის ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილით 90 დღის განმავლობაში დარჩეს, შემდეგ კი ან ქვეყანა უნდა დატოვოს ან ბინადრობის უფლება შეიძინოს. სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გადაწყვეტილებით, 90 დღიანი ვადა ექვს 15 დღიან ვადად დაიყო. ამ ცვლილების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს სომხეთში საკუთარი მანქანით ჩასვლა შეუძლია მაქსიმუმ წელიწადში ექვსჯერ და დარჩენა არა უმეტეს 15 დღისა.
საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთისას, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ბარათის აღების მომენტში რეგისტრირდება დღეების რაოდენობაც, რომელთა განმავლობაშიც ადამიანი სომხეთში დარჩენას აპირებს და ეს დღეები 90 დღეს აკლდება. თუ მოქალაქე დროულად არ დატოვებს ქვეყანას, მას ჯარიმა დაეკისრება. ჯარიმის ზუსტი ოდენობის დაზუსტება კი ვერ მოხერხდა.
ახალქალაქის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა, ამ შეზღუდვებით ძალიან უკმაყოფილოა.
“სომხეთში ნათესავებთან სტუმრად მივდივარ, შვებულება მაქვს, რატომ არ შემიძლია 15 დღეზე მეტხანს დავრჩე, წინასწარ საიდან უნდა ვიცოდე, სომხეთში რამდენ ხანს გავჩერდები, გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხომ ხდება. ვთქვათ, სამკურნალოდ მივდივარ, როგორ უნდა გავიგო წინასწარ, რამდენ ხანს მომიწევს დარჩენა”, - ამბობს იგი.
ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ასევე არ მოისურვა ვინაობის თქმა, შემოგვჩივლა, რომ გუკასიანის საავადმყოფოში სულ ორი საათით იყო ჩასული, ბარათიდან კი მთელი დღე ჩამოაჭრეს: “აღვნიშნავთ ორ დღეს და თუ ამ ორი დღის განმავლობაში ვერავინ ვნახეთ, იძულებული ვართ უკან კლიენტის გარეშე დავბრუნდეთ. რა გავაკეთოთ?! ბევრი დღის აღნიშვნა არ შეგვიძლია, რადგან ისინი ხომ გვეჭრება, ჩვენ კი ოჯახი უნდა ვარჩინოთ, ამით ფულს ვშოულობთ და ვცხოვრობთ. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ესაა. სკოლის მოსწავლეებივით ვჩქარობთ, დაგვიანების გვეშინია. თუ დავიგვიანებთ, იძულებული ვიქნებით მანქანის ღირებულების 12% გადავიხადოთ. ფასი დაზღვევის ბარათშია აღნიშნული”.
სავალდებული ავტოდაზღვევისა და “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ბარათის შემოღების შემდეგ ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა უკვე უარი თქვა ამ საქმიანობაზე, ახლა სამუშაო კიდევ უფრო წამგებიანი გახდა. შესაძლოა ახლო მომავალში ახალქალაქი-ერევნის მიმართულებით ტაქსის პოვნა ძალიან რთული გახდეს.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი