ერთი თვეა, რაც საქართველოში მობილური კავშირის ოპერატორების აბონენტებს სხვა ოპერატორთან გადასვლა ნომრის გამოცვლის გარეშე შეუძლიათ. ვისთვის მოაქვს სარგებელი საქართველოში კავშირის განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლას და ვისთვის პირიქით; რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მობილური კავშირის ოპერატორები; რომელ ოპერატორებს ამჯობინებს ახალქალაქის მოსახლეობა და გამოიყენებენ თუ არა ახალქალაქში პორტირების სერვისს.
ნომრების პორტირება – წაგებულები და მოგებულები
ერთი თვეა, რაც საქართველოში მობილური კავშირის ოპერატორების აბონენტებს სხვა ოპერატორთან გადასვლა ნომრის გამოცვლის გარეშე შეუძლიათ. ვისთვის მოაქვს სარგებელი საქართველოში კავშირის განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლას და ვისთვის პირიქით; რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მობილური კავშირის ოპერატორები; რომელ ოპერატორებს ამჯობინებს ახალქალაქის მოსახლეობა და გამოიყენებენ თუ არა ახალქალაქში პორტირების სერვისს.
საქართველოში მოქმედ მობილური კავშირის სამ ოპერატორს შორის კონკურენცია სერიოზულად გაიზარდა, რადგან ოპერატორის შეცვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერი – ნომრის გამოცვლა დღის წესრიგიდან მოიხსნა. დღეს უკვე, თუ მომხმარებლისთვის ოპერატორის ტარიფები ან დაფარვის ზონა მისაღები აღარ არის, მას შეუძლია სხვა ოპერატორის მომსახურებაზე გადავიდეს და ახალი ნომრის შესატყობინებლად მეგობრებისა და ახლობლებისთვის დარეკვა აღარ დასჭირდება.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორის, ექსპერტის, მახარე მაცუკატოვის აზრით, საქართველოს მობილური კავშირის აბონენტებმა, ახალი სისტემის დანერგვით, ერთმნიშვნელოვნად მოიგეს. იგი ფიქრობს, რომ ოპერატორებისგან ბევრ აქციებსა და ბონუსებს უნდა ველოდოთ: “კონკურენცია იზრდება და სავსებით შესაძლებელია, ხვალ ტარიფი წუთში 18 თეთრამდეც შემცირდეს. უკვე მომხმარებლებისთვის სრულიად მისაღები კონკურენტული ფონი იქმნება. თუმცა არის საფრთხე, რომ ზოგიერთი ოპერატორი ბაზარზე ადგილის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. შესაძლოა, თუ ოპერატორს შემოსავლები შეუმცირდება, დაიხუროს”.
საქართველოს მობილური კავშირის ბაზარზე სამი კომპანიაა წარმოდგენილი - “მაგთი” (ბაზრის 42 პროცენტი), “ჯეოსელი” (ბაზრის 45 პროცენტი) და “ბილაინი” (ბაზრის 13 პროცენტი) (18.02.2011-ის მონაცემები beloperators.info-დან). ეს სამი კომპანია, მთლიანობაში, 4,5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნომრების პორტირების სერვისის დანერგვის მომენტიდან დღემდე პორტირებით სარგებლობა საქართველოში მცხოვრებმა მობილური კავშირის 13,661-მა აბონენტმა მოისურვა. აქედან, მხოლოდ, 12,400 აბონენტის განაცხადი დაკმაყოფილდა (bizzone.info).
ნომრის პორტირების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა თქვენი ოპერატორის ოფისში განაცხადის გაკეთება. ამავე ოპერატორთან დაბრუნებაც შესაძლებელია, მხოლოდ, 30 დღის გასვლის შემდეგ.
ახალქალაქში პორტირებით მასობრივად სარგებლობას ჯერჯერობით არ აპირებენ. “სამხრეთის კარიბჭემ” 28 შემთხვევითი რესპონდენტი გამოკითხა, რომელთაგანაც 13 “მაგთის”, 5 “ბილაინის”, ხოლო 10 “ჯეოსელის” აბონენტი აღმოჩნდა. “მაგთის” ზოგი აბონენტი კმაყოფილია ოპერატორის მომსახურებით და უახლოეს მომავალში მის შეცვლას არ აპირებს, ზოგი კი ტარიფების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და მობილური კავშირის ოპერატორის შეცვლას მალევე გეგმავს. “ბილაინის” ყველა აბონენტი, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ, ამ ოპერატორით იმის გამო სარგებლობს, რომ დსთ-ს ქვეყნებში ნათესავები ჰყავს, “ბილაინს” კი ამ ქვეყნებთან ყველაზე დაბალი ტარიფები აქვს. “ჯეოსელის” ყველა აბონენტი ოპერატორის მომსახურებით კმაყოფილია.
ნომრების პორტირების სისტემამ ყველაზე მეტი ზარალი კომპანია “მაგთის” მიაყენა, მის მომსახურებაზე ყველაზე მეტმა აბონენტმა თქვა უარი. “მაგთიმ” 8,658 აბონენტი დაკარგა და მხოლოდ 1,605 შეიძინა. “ბილაინს” 1,617 აბონენტი დაემატა, დაკარგულ აბონენტთა რაოდენობა კი 2,373-ია. “ჯეოსელი” ამ სიტუაციიდან ყველაზე მოგებული დარჩა, bizzone.info-ს მონაცემებით, მან დაკარგა 1,291 და შეიძინა 9,100 აბონენტი.
მობილური კავშირის ტარიფებისა და მომსახურების სიძვირით საქართველო ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის, ამ მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს.
ამ მიზეზით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა ჩაატარა და ქვეყანაში მომუშავე მობილური კავშირის კომპანიების სატარიფო პოლიტიკის ოთხთვიანი კვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში აუცილებლად უნდა ჩაერიოს, რადგან საქართველოში აბონენტთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს, ტარიფები კი, შემცირების ნაცვლად, იზრდება. კომისიის დასკვნების თანახმად, ერთი წუთის თვითღირებულება “მაგთისთვის” 17,1 თეთრს, “ჯეოსელისთვის” კი 18,5 თეთრს შეადგენს, მაშინ, როცა 1 წუთის ღირებულება “ჯეოსელის” ქსელში 28,8 თეთრია, “მაგთის” აბონენტებისთვის კი – 32 თეთრი. (beloperators.info-ს მონაცემებით).
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან საქართველოს მობილური კავშირის ოპერატორებს აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდება მკაცრად განსაზღვრული ტარიფით – მაქსიმუმ 24 თეთრით მოუხდებათ.
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში (AFBA) მიიჩნევენ, რომ მაქსიმალური ტარიფი 24 თეთრი მობილური კავშირის ოპერატორებისთვის კვლავ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად რჩება და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაქსიმალურ ტარიფად 20 თეთრის დადგენის წინადადებას სთავაზობენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი