ძიუდოს სექცია დახურვის პირზეა


სამცხე-ჯავახეთში ძიუდოს სექციები მხოლოდ ბორჯომსა და ახალციხეში ფუნქციონირებს, თუმცა, შესაძლოა, უსახსრობის გამო ახალციხეში ძიუ-დოს სექცია საერთოდ გაუქმდეს.

ბორჯომში ძიუდოს სექცია ექვსი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამჟამად სპორტის ამ სახეობას 50-მდე სპორტსმენი ეუფლება, თუმცა, როგორც მწვრთნელი დემურ კევლიშვილი ამბობს, მათი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს: ,,პირობები არ გვაქვს, სავარჯიშო დარბაზში გათბობა არ არის და ძალიან ცივა. გარდა ამისა, არც საშხაპეები და საპირფარეშო გვაქვს”.

მისივე თქმით, რომ არა ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის კეთილი ნება, ბორჯომში ძიუდოს სექცია საერთოდ არ იქნებოდა.
 ლერი ხაბელოვის საკუთრებაა ბორჯომში მდებარე სასტუმრო ,,ოლიმპი”, სასტუმროს დარბაზი დაგვითმო იმიტომ, რომ ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. დარბაზი კარგია, ტატამიც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს  საკმარისი არ არის, - ამბობს დემურ კევლიშვილი და იქვე ამატებს, რომ სპორტსმენმა სრულყოფილად რომ ივარჯიშოს, წელიწადში ოთხი შეკრება უნდა გაიაროს, - ჩვენ წელიწადში 1-2-ჯერ ძლივს ვახერხებთ წვრთნებზე წასვლას, ფინანსები არ გვაქვს, ბორჯომის სასპორტო სკოლა მხოლოდ ტურნირებს გვიფინანსებს”. 
 
ორი წლის წინ ძიუდოს სექცია ახალციხეშიც ჩამოყალიბდა. ოცდაათი ახალგაზრდა სპორტსმენი ქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის დარბაზში ვარჯიშობს.

სკოლის დარბაზი ვიქირავეთ, კარგი პირობებია, მაგრამ პატარაა. ახალციხის მუნიციპალიტეტი ტურნირებს არ აფინანსებს და უსახსრობის გამო რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში ვერ ვმონაწილეობთ”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დემურ კევლიშვილი და ამატებს, რომ გამორიცხული არ არის უსახსრობის გამო ახალციხეში არსებული ძიუდოს სექცია დაიხუროს.    

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი