ვაუჩერი დახმარება თუ ,,რესურსის არასწორი გამოყენება”


ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება უკვე დაიწყო და 15 მარტამდე გაგრძელდება. ვინ მიიღებს 20 ლარიან ვაუჩერს, რატომ შეხვდა საზოგადოების ნაწილი ამ ახალ ინიციატივას უკმაყოფილო და რას ამბობენ ეკონომიკის ექსპერტები.
   
ელექტროენერგიის ვაუჩერის ღირებულება 20 ლარია. მომხმარებელს ვაუჩერის კომპანიაში მიტანა არ დასჭირდება. აღნიშნული თანხა აბონენტს პირად ბარათზე ავტომატურად დაერიცხება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ვაუჩერის გაჩუქება სურს, ნაჩუქარი ვაუჩერი სადისტრიბუციო კომპანიაში უნდა წარადგინოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა აბონენტმა, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ან პირმა, რომელიც რეგისტრირებულია აბონენტის მისამართზე.
 ვაუჩერები იმ აბონენტებს დაურიგდებათ, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. ასეთი კი ქვეყანაში სულ ერთი მილიონი აბონენტია. 

საქართველოს პრეზიდენტმა 11 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს იქნება სახელმწიფოს მცირე დახმარება გაჭირვებული ადამიანებისთვის და რომ ეს ახალი ინიციატივა მოსახლეობას ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახალ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა. ამბობენ, რომ ვაუჩერები ყველა ოჯახს უნდა შეხვდეს და არა მხოლოდ იმათ ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია დახარჯა.

“ვაუჩერი ჯერ არ ამიღია, იმედია მომცემენ. იმ ოჯახებმა რა ქნან ვისაც 200 კილოვატიც არა აქვთ დამწვარი, მხოლოდ იმიტომ რომ ეკონომიას აკეთებდნენ? რადგან იციან რომ 20-30 ლარს ვერანაირად გადაიხდიან”,-ამბობს  დარიკო გურგენიძე.

ნათელა ჩილინგარიშვილმა 20 ლარიანი ვაუჩერი უკვე მიიღო და კმაყოფილია, თუმცა ფიქრობს შეღავათები ყოველთვიურად რომ ქონდეს უკეთესი იქნება.

მერუჟან პაროიანი ელექტროენერგიაში თვეში საშუალოდ 12-13 ლარს იხდის, ამბობს რომ ახლა ვაუჩერის საშუალებით ორი თვე დენის გადასახადისგან განთავისუფლდება, ამიტომ პრეზიდენტის ახალი ინიციატივა მოსწონს: “ძალიან კარგი შეღავათია ჩვენთვის, ასეთი დახმარებები ხშირად უნდა გვქონდეს”.

რას ამბობენ ეკონომიკის ექსპერტები, რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება და ახალი ინიციატივა შეამსუბუქებს თუ არა საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობას.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ხუხაშვილის მოსაზრებით, ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებისას მოსახლეობის დიფერენციაცია, მატერიალური მდგომარეობის მიხედვით უნდა მომხდარიყო: “ამ ინიციატივის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ სასურველი იქნებოდა ელექტროენერგიის გადასახადი საკუთარი სახსრებით მას გადაეხადა, ვისაც ამის საშუალება აქვს. 20-ის ნაცვლად კი 50 ლარიანი ვაუჩერი გამოეშვათ და ის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის გადაენაწილებინათ. ვფიქრობ, ეს უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, ვიდრე შეძლებულისაც და მაგალითად, ლტოლვილისთვის ერთი და იმავე ღირებულების ვაუჩერის გადაცემა”.

გიორგი ხუხაშვილის აზრს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადურიც. ვაუჩერების დარიგებას არა სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გაცილებით ლოგიკურად შეიძლება დაიხარჯოს.

“კურსი, რომელიც ახლა ხორციელდება, ანუ სახელმწიფო ეხმარება ყველას, ჩემი აზრით ეს რესურსების არასწორი გამოყენებაა, რადგან აღნიშნული 20 მილიონი ლარით შესაძლებელი იქნებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფრო მეტი თანხა გადასცემოდათ”, - ამბობს ექსპერტი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ვაუჩერებით ინფლაციის შემსუბუქების ნაცვლად შეიძლება ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რადგან ბაზარზე დამატებით 20 მილიონი ლარი ჩნდება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობას ინფლაციის შემცირების გეგმა არ გააჩნია: “ჯერჯერობით არაფერი გეგმა და სტრატეგია ჩვენ არ მოგვისმენია მთავრობის მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა”.

ექსპერტების თქმით ახალი ინიციატივები საქართველოს ბიუჯეტს ძვირი უჯდება. 20 მილიონი ლარი ერთჯერადი ელექტროვაუჩერებისთვის; 30 მილიონი-საკვების ვაუჩერებისთვის და დამატებით 150 მილიონი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად, რაც ჯამში სულ 200 მილიონი ლარია.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი