ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსი დაცული ძეგლი იყო, თუმცა 2010 წელს კულტურის სამინისტრომ მას ეს სტატუსი მოუხსნა. სასწავლო კორპუსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სადაზღვეო კომპანია ''ჯი პი აი ჰოლდინგს'' მიჰყიდა.
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, მიხეილ რომანოვის ინიციატივით, ბორჯომში, მინერალური წყლების ჩამომსხმელი და შუშის ქარხნები აშენდა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბორჯომის ხეობაში გაჩნდა საწარმოები, რომელშიც გაშლილი იყო საფაბრიკო-საქარხნო საქმიანობა. მრეწველობის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისათვის, რომ ბორჯომში სახელოსნო სკოლა გახსნილიყო. ბორჯომის სახელოსნო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონია რუსეთის მეფისნაცვლის ნიკოლოზ რომანოვის ინიციატივით, 1895 წლის 17 სექტემბერს მოეწყო. სკოლაში თავდაპირველად ორი ძირითადი განყოფილება იყო: სადურგლო და საზეინკლო. გარდა ამისა, სახელოსნო სკოლასთან დაარსდა ვაჟთა და ქალთა დაწყებითი სასწავლებელი.
მომდევნო წლებში სახელოსნო სკოლა პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთდა. 1971 წელს საშუალო პროფესიული სასწავლებელი ეწოდა, სადაც ცხრა კლას დამთავრებულებს სხვადასხვა ფაკულტეტზე სამი წლით შეძლოთ სწავლის გაგრძელება. 2007 წელს დაფუძნდა როგორც პროფესიული სწავლების ცენტრი.
,,პროფესიული სწავლების ცენტრში სწავლება ერთწლიანი იყო. სტუდენტებს შეეძლოთ უფასოდ ესწავლათ მდივან-რეფერატის, ელექტროშემდუღებლის, მეფილე-მომპირკეთებლის, კომპიუტერული სისტემის ოპერატორის კურსებზე, რის დამთავრების შემდეგაც ისინი იღებდნენ სერთიფიკატს'', - ამბობს ყოფილი პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი დალი ბლიაძე და ამატებს, რომ 2008 წელს პროფესიული სწავლების ცენტრში ტყის ოსტატებიც მოამზადეს, - ნორვეგიის სახელმწიფომ გარკვეული თანხები გამოყო, რათა სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებს ესწავლათ ტყის ოსტატობა. პროგრამა, თავდაპირველად, ხუთთვიანი იყო, ხოლო შემდგომ ერთწლიანი გახდა''.
მისივე თქმით, პროფესიული სწავლების ცენტრი სრულად იყო დატვირთული: ,,პროფესიულ სასწავლებელში ოთხი ჯგუფი იყო და ყოველ წელს ოთხმოცი კურსდამთავრებული გვყავდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვაფინანსებდა, მეტი დაფინანსება რომ გვქონდა, ბევრი ჯგუფი გვეყოლებოდა, რადგან მოთხოვნა იყო''.
რატომ გადაწყვიტა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოში თხუთმეტი პროფესიული სასწავლების და მათ შორის, ბორჯომის პროფესიული სწვლების ცენტრის ლიკვიდაცია, დალი ბლიაძისთვის გაუგებარია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი პროფესიული განთლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ებანოიძემ ''სამხრეთის კარიბჭესთან'' სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია სტუდენტთა ნაკლებმა რაოდენობამ გამოიწვია: ''პროფესიული სწავლების ცენტრში სწავლების დაბალი დონე იყო. აღარ მზადდებოდა ტყის მცველები, ბევრი სპეციალობები გაუქმებული იყო და ფაქტობრივად, სასწავლებელი ვეღარ ასრულებდა ფუნქციას''.
პროფესიულ სასწავლებელს ბორჯომის ცენტრში სამი შენობა ჰქონდა. სასწავლო კორპუსი 1893 წელს აშენდა და დაცული ძეგლთა სიაში შედის. მოგვიანებით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი ეგრეთ წოდებული, `ფეზეოს~ კორპუსი აშენდა, სადაც 20 წლის წინათ უბინაო ბორჯომელები შესახლდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩილ მიქელაძის განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გასულ წელს, პროფესიული სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცა: ''რათა მოხდეს იქ შესახლებულ მოსახლეობაზე ფართების დაკანონება. ხოლო სასწავლო კორპუსი სადაზღვევო კომპანია ''ჯი პი აი ჰოლდინგს'' მიჰყიდა''.
,,ფეზეო''-ს კორპუსის ბინადრები ამბობენ, რომ როდესაც ისინი საცხოვრებლად აღნიშნულ ფართში შევიდნენ, ეს ნებადართული იყო იმდროინდელი მთავრობისაგან. თუმცა, მრავლი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებული ფართის დაკანონებას.
,,ჩვენს კორპუსში ისეთი ოჯახები ცხოვრობენ, რომლებსაც ბინები ხანძრის შედეგად დაეწვათ, ან სოციალურად დაუცველები არიან და არასდროს ჰქონიათ სახლი. წლების განმავლობაში უშედეგოდ ვითხოვდით დაეკანონებინათ დაკავებული ფართი, - ამბობს ''ფეზეო''-ს კორპუში მცხოვრები საბა კაპანაძე და ამატებს, რომ ამ ეტაპზე ბინების დაკანონებაზე საუბარი დაიწყო, - სამი თვის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიგვატანინეს ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები, საცხოვრებელი ადგილის ცნობა, განცხადება იმის შესახებ თუ რამდენი წევრისგან შედგება ოჯახი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც დაგვიკანონებენ დაკავებულ ფართს''.
ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პიროვნება, რომელმაც პრესასთან ვინაობის გამხელა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო არ ისურვა, ამბობს, რომ რომანოების მიერ აშენებული შენობები დაცულ ძეგლთა ნუსხაში შედის, კულტურული მემკვიდრეობის გაყიდვა ან მისი დანგრევა კი დაუშვებელია. ძეგლმა თავდაპირველი სახე უნდა შეინარჩუნოს, მათზე დასაშვებია მხოლოდ სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება: ''პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსის შენობა, თავისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობით, ბორჯომს ამშვენებდა. შენობა აგებული იყო გრანიტის ქვით. გასულ წელს კულტურის სამინისტრომ შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნა და როდესაც შენობას ეს სტატუსი ეხსნება, შემდეგ შესაძლებელია მისი გაყიდავა''.
,,სამხრეთის კარიბჭე'' ორი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე არავინ პასუხობდა. წერილობით გაგზავნილ კითხვებზე არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა ბოლქვაძემ გვიპასუხა. `სამხრეთის კარიბჭე'' ცდილობდა გაერკვია როდის, რატომ და რამდენად გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული შენობა.
''ჯი პი აი ჰოლდინგის'' სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენლის ირაკლი დიასამიძის თქმით, პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსის დემონტაჟი 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. იმ დროს შენობა უკვე ამოღებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.
დღეისათვის პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსი მთლიანად დანგრეულია. ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ ამ ადგილას ზოგადი პროფილის სავადმყოფო შენდება. ოცდახუთსაწოლიანი სავადმყოფოს მშენებლობის პროცესი 2011 წლის ბოლს უნდა დასრულდეს.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი